17 აგვისტო, 2017

მერილინ მონროს ხანმოკლე და ტკივილიანი ცხოვრება

“ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან” – ამ ფილმის მთავარი გმირის როლის შემსრულებელი, მერილინ მონრო მსოფლიო კინოხელოვნების ერთ-ერთ ლეგენდად აღიარეს იმის მიუხედავად, რომ მას არც ერთი პრესტიჟული ჯილდო არ მიუღია თავისი ხანმოკლე კარიერის განმავლობაში.

ნორმა ჯინ მორტენსონ-ბეიკერი – მერილინ მონრო 36 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ ხანმოკლე სიცოცხლის მიუხედავად, სამუდამოდ დაამახსოვრა თავი მსოფლიოს.

გოგონას დედა ზრდიდა და სულ პატარაობიდანვე მომავალ კინოვარსკვლავს უწოდებდა.

სამწუხაროდ, მომავალი მსახიობის ცხოვრება არ იყო ადვილი, მისი დედა საგიჟეთში გამოკეტეს, მამა არასოდეს უნახავს, მერილინის მეურვეობა დედის მეგობარმა ითავა, თუმცა ვერ შეძლო და გოგონას თავშესაფარში მიყვანა გადაწყვიტა. თავშესაფარში არსებულმა მძიმე ვითარებამ წარუშლელი კვალი დატოვა გოგონაზე, რასაც მსახიობი ყოველთვის იგონებდა.

საბოლოოდ ნორმა კვლავ დედის მეგობრის ოჯახში დაბრუნდა და მანაც ადრეულად დაქალიშვილებული გოგონას გათხოვება გადაწყვიტა. მას მეუღლედ ჯეიმზ დოუერტი შეურჩიეს. საქორწილო სამზადისი ისე დაიწყო, მისთვის არაფერი უკითხავთ. ქრწილის დღეს კი გოგონა ისე კანკალებდა, გეგონებათ მოჩვენება დაინახაო. სტრესისგან გათავისუფლება მომავალმა მსახიობმა საცეკვაო მოედანზე შეძლო, რომელიც ქორწილის ვახშმის შემდეგ გაიმართა. ნორმას ცეკვამ დამსწრე საზოგადოება აღარფთოვანა, ყველა მამაკაცი ცდილობდა მასთან ეცკვა, რასაც მისი მეუღლის გაღიზიანება და პროტესტი მოჰყვა.

ქორწინება წარმატებული არ აღმოჩნდა. მომავალმა მსახიობმა გათხოვებიდან მალევე გააცნობიერა, რომ ოჯახში გაუთავებელი საქმიანობა ნამდვილად არაფრით ჩამოუვარდებოდა ობოლთა თავშესაფარში ცხოვრებას. როდესაც მისი მეუღლე საზღვაო ფლოტში სამსახურისთვის გაიწვიეს, ნორმამ საავიაციო ქარხანაში მუშაობა დაიწყო.

ვარსკვლავის ცხოვრება ქარხანაში ფოტოგრაფის გამოჩენამ შეცვალა, რომელიც ჯარისკაცებისთვის მათი მეუღლეების ფოტოებს იღებდა. ფოტოგრაფს ძალიან მოეწონა ქალი და რამდენიმე ფოტო გადაუღო, თან გააფრთხილა, შეიძლება ეს ფოტოები გაზეთშიც დავბეჭდოთო. სწორედ ამ ფოტოებმა განაპირობა ნორმას წარმატება და მისი გარეგნობით სასტუმრო “ამბასადორის” ფოტომოდელთა სააგენტო დაინტერესდა. ის საცურაო კოსტიუმების რეკლამირებში მთავარ ფოტომოდელად იქცა. მისი პოპულარობა დღითი დღე იზრდებოდა. სხვადასხვა ჟურნალებში დაბეჭდილმა ფოტოებმა და პუბლიკაციებმა სხვა მამაკაცებთან ერთად ჰოვარდ ჰიუსის ყურადღებაც მიიპყრო და თავისი კინოკომპანიის აგენტებს მისი პოვნა დაავალა.

პირველივე შეხვედრაზე ჰიუგსმა ნორმას კონტრაქტი შესთავაზა, თუმცა კინოკარიერა მისთვის “XX საუკუნე ფოქსთან” გაფორმებული კონტრაქტის შემდეგ დაიწყო. სწორედ ამ პერიოდიდან გახდა ნორმა ჯინ მორტენსონ-ბეიკერი მერილინ მონრო და ამ კონტრაქტში მოიხსენიეს იგი ასე. მომავალ მსახიობს კვირაში 125 დოლარს გადაუხდიდნენ და ცეკვის და სიმღერის მასწავლებლის გაკვეთილების ხარჯს აუნაზღაურებდნენ.

“სახიფათო წლები” – ასე ერქვა პირველს ფილმს მსახიობის მონაწილეობით, რასაც სხვა ფილმებიც მოჰყვა, თუმცა მსახიობმა სტუდია დატოვა. მის კარიერაში წარუმატებელი პერიოდი დადგა, სამსახიობო კარიერიდან ისევ ფოტომოდელობას დაუბრუნდა. ხანმოკლე პაუზის შემდეგ, მერილინი 5 ფილმში გადაიღეს, ხოლო როცა ფილმში “სიყვარულის ბუდე” გადაიღეს, იგი უკვე ცნობილი მსახიობი იყო და მასთან წარმატება უცბად მოვიდა.

მსახიობის ცხოვრებაში მეორე ქორწინების ეტაპი დადგა. იგი ბეისბოლისტ ჯო დემაჯიოს შეხვდა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ის მსახიობზე 11 წლით უფროსი იყო. მერილინს თითქოს არ სურდა მასზე დაქორწინება, მაგრამ ბოლოს მაინც დათანხმდა. ამ ქორწინებამ დიდხანს არ გასტანა და წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

მსახიობმა მესამედ დაქორწინება დრამატურგ არტურ მილერზე გადაწყვიტა, რადგან ინტელექტუალური მამაკაცები მოსწონდა. არც არტურ მილერი აღმოჩნდა მისთვის ნამდვილი სიყვარული. მსახიობი ნამდვილ სიყვარულად ივ მონტანს მიიჩნევდა, რომელიც ჰოლივუდში ჩავიდა. მერილინს თავდავიწყებით შეუყვარდა მონტანი და დარწმუნებული იყო, რომ უშნო სიმონა სინიორესთან ქორწინება მონტანს მხოლოდ კარიერის შესაქმნელად სჭირდებოდა, მაგრამ იმედგაცრუებული დარჩა. პარიზში გამგზავრებისას ივ მონტანი მერილინს ასე დაემშვიდობა – “შენთან დრო სასიამოვნოდ გავატარე”.

განსაკუთრებით მძიმე მსახიობისთვის 1958 წელი აღმოჩნდა – მას მუცელი მოეშალა, რასაც მოჰყვა ფსიქიური აშლილობა ფილმის “ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან” გადაღებებზე. მერილინი ჯიუტობდა, მოითხოვდა ერთი დუბლი სულ მცირე 30-ჯერ გადაეღოთ…. ფილმი წარმატებული აღმოჩნდა და სამმილიონიანი ბიუჯეტით მან ნახევარი მილიარდი მოგება მოიტანა. ჯაზის მომღერალი გოგონას როლი მერილინისთვის კი ტრიუმფალური გამოდგა.

მსახიობს პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა. არტურ მილერით და მისი პიესებით აღტაცებულ მერილინს მალე იმედები გაუცრუვდა. ცხოვრებაში დრამატურგი გულგრილი ადამიანი აღმოჩნდა, მისთვის სრულიად დამაკმაყოფილებელი იყო ამერიკის სექს-სიმბოლოს ქმრის ტიტული, მეუღლის პრობლემები კი საერთოდ არ აინტერესებდა. წყვილი ერთმანეთს დაშორდა. მერილინი ნერვული შეტევების გამო ნიუ-იორკის ერთ-ერთ ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. მსახიობი ვეღარ იტანდა კინოს და ეზიზღებოდა ყველა ფილმი, რომელშიც მონაწილეობდა. ის რეჟისორების ყოველ ახალ შემოთავაზებაზე უარს აცხადებდა…

პრეზიდენტ ჯონ კენედისთან ურთიერთობა მერილინ მონროს ცხოვრებაში საბედისწერო ეტაპია. მათ ერთმანეთი ერთ-ერთ წვეულებაზე ჯერ კიდევ კენედის გაპრეზიდენტებამდე გაიცნეს, თუმცა მათი რომანი მოგვიანებით დაიწყო. კენედმა კარგად იცოდა, რომ ცოლის მოღალატეს ამერიკაში ხმას არავინ მისცემდა, თუმცა არაფერს ერიდებოდა და მთელ თავისუფალ დროს მერილინთან ატარებდა. თავად მსახიობს სჯეროდა, რომ მისი და პრეზიდენტის ურთიერთობა აუცილებლად სერიოზულ ხასიათს მიიღებდა. პრეზიდენტი თავის 45 წლის იუბილეზე მსახიობს უკანასკნელად შეხვდა.

ჯონ კენედი ძმამ რობერტმა გააფრთხილა, რომ მსახიობთან მისი ერთ-ერთი შეხვედრა ფირზე იყო ჩაწერილი. პრეზიდენტმა გადაწყვიტა მსახიობთან ყველანაირი ურთიერთობა გაეწყვიტა. მერილინი მას წერილებს გამუდმებით სწერდა, თან ემუქრებოდა, რომ ჟურნალისტებს ყველაფერს უამბობდა.
ამ სკანდალის თავიდან ასაცილებლად ჯონ კენედმა მსახიობთან თავისი ძმა რობერტი გაგზავნა და ყველას არწმუნებდა, რომ რობერტი მასზე აპირებდა დაქორწინებას….

მერილინი კი სულ უფრო დაუმეგობრდა ნარკოტიკებს და ალკოჰოლს. მისი ატანა უკვე ყველას უჭირდა. მათ შორის რობერტ კენედისაც. მსახიობმა ის თავისთან დაიბარა და დაემუქრა, რომ პრესკონფერენციას გამართავდა და სიმართლეს იტყოდა…

მერილინ მონრო 36 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისმა სიკვდილმა გააჩინა კითხვა – რა იყო ეს უბედური შემთხვევა თუ თვითმკვლელობა? ეს კითხვა კიდევ უფრო ბუნდოვანი ძმები კენედების მკვლელობის შემდეგ გახდა.

ვარსკვლავის დაკრძალვის ცერემონიალს მისი მეორე ქმარი ჯო დიმაჯიო ხელმძღვანელობდა და ყოფილი მეუღლის კუბოსთან არცერთ ცნობილ ადამიანს არ უშვებდა. ჯო მერილინის სიკვდილში სწორედ მათ ადანაშაულებდა.

მსახიობისა და ძმები კენედების ურთიერთობის შესახებ მთელმა მსოფლიომ შეიტყო. მერილინის უახლოესი მეგობარი რობერტ სტელეცი ამბობდა, რომ მსახიობს იმ საბედისწერო დღეს ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა დანიშნული: პრეს-კონფერენცია და ადვოკატთან შეხვედრა. ჟურნალისტებთან შეხვედრისას მერილინი აპირებდა მათთვის ძმებ კენედებთან ურთიერთობის შესახებ მოეთხრო, რადგან ძმები მას სასტიკად მოექცნენ.

არსებობს ვერსია, რომ მერილინი აიძულეს, გაჩუმებულიყო. მეორე ვერსიით კი მსახიობი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტებმა მოკლეს, რომ კენედების რეპუტაცია გადაერჩინათ.

ცნობილია, რომ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მერილინმა აბორტი გაიკეთა. ბავშვის სავარაუდო მამად რობერტ კენედი სახელდებოდა. მსახიობის ნაცნობები ამტკიცებდნენ, რომ მერილინი ცდილობდა რობერტთან შეხვედრას, მაგრამ უშედეგოდ…

მერილინ მონრო ცხოვრებისათვის მოუმზადებელი აღმოჩნდა. მან ცხოვრებისეულ დარტყმებს ვერ გაუძლო და სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა.