1 აგვისტო, 2017

პროტესტი შოთა რუსთაველის შეურაცხმყოფელ სტატიაზე

რუსთაველის საზოგადოების წარმომადგენელმა გერმანიაში მწერალმა მოსე ბოროდამ ჟურნალ “ქარავანში” შოთა რუსთაველის წინააღმდეგ დაბეჭდილი ცილისმწამებლური სტატია გააპროტესტა.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი დავით შემოქმედელი ავრცელებს:

“გახსოვთ, ალბათ, ამ რამდენიმე დღის წინ ატეხილი აჟიოტაჟი და სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების საპროტესტო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსულ პოპულარულ ორიენტალისტური ხასიათის ჟურნალ ,,,ქარავანში“ დაიბეჭდა ორიენტალისტ კურცვაილის დამამცირებელი, ცილისმწამებლური სტატია რუსთაველის წინააღმდეგ.

დღემდე, უმეტესწილად, საქართველოში არსებობდა გულუბრყვილო პრაქტიკა, რომ როცა უცხოეთში საქართველოს წინააღმდეგ გაილაშქრებდნენ, ჩვენ აქ, ქართულ პრესაში, ვიოხებდით მხოლოდ მათი საწინააღმდეგო წერილებით გულს, რაც უცხოელი მკითხველისათვის სრულიად შეუმჩნეველი რჩებოდა.

ამჟამად საპასუხო წერილი მწერალთა საერთაშორისო გილდიის გერმანულ მრავალმილიონიან რუსულენოვან პოპულარულ ჟურნალში დაიბეჭდა. მისი ავტორი გახლავთ სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების სპეციალური წარმომადგენელი გერმანიაში, მწერალი მოსე ბოროდა.

მიღებულია შეთანხმება, რომ აღნიშნული წერილი დაიბეჭდება უახლოეს მომავალში ჟურნალ ,,ქარავანში”, სადაც გამოქვეყნდა კურცვაილის სტატია.”