ჯანსუღ ჩარკვიანის ენამოსწრებული ხუმრობები

20 აგვისტო, 2017

ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსებზე თაობები გაიზარდა და მისი ნაწარმოებები მკითხველმა ზეპირად იცის, თუმცა ლექსების გარდა, არანაკლებ პოპულარულია საზოგადოებაში მისი ენამოსწრებული ფრაზები და ხუმრობები.

“არტ ინფო” რამდენიმე მათგანს გთავაზობთ, რომლებიც მარჯანიშვილის თეატრის მსახიობმა ქეთევან კიკნაძემ ჯანსუღ ჩარკვიანის დღიურებიდან გაიხსენა:

***

ზედიზედ სახლში ნასვამი მივედი. მეუღლემ მითხრა, თუ კიდევ მოხვალ ნასვამი, ხმას არ გაგცემო. არადა მეორე დღეს ზაურ ბოლქვაძის დაბადების დღე იყო და, რა თქმა უნდა, ისევ ნასვამი მივედი სახლში.
ჩემმა მეუღლემ ნათქვამი შეასრულა, ამიტომ ქაღალდზე დავუწერე:
– ირმა ხვალ 10 საათზე გამაღვიძე.
12 საათზე გამეღვიძა, დამხვდა წერილი:
– ჯანსუღ, 10 საათია, გაიღვიძე.

***

ერთი ახალგაზრდა მესტუმრა მწერალთა კავშირში, მოთხრობები მომიტანა და წამაკითხა. ძალიან გავდა დუმბაძის მოთხრობებს და ნოდარს გავუგზავნე. მან წაიკითხა და გვარი ჰკითხა ავტორს:
– დუმბაძე, – უთხრა ავტორმა.
ნოდარმა უპასუხა:
– ყველაფერი თუ მბაძე
ქე იქნები დუმბაძე.

***

ჩემი პოეზიის საღამოა, სუფრას ბევრნი ვუსხედვართ. ნოდარმა გადმომილაპარაკა, ახლა შენი სიმღერა არ დამიწყოო.
მე მაინც ვიმღერე:
“გაუმარჯოს დიდ სტალინს,
ვოროშილოვს, მალენკოვს,
შვიდი ნოემბერია,
პურმარილი ბევრია.”
– რითმა შეგეშალათ, ბატონო ჯანსუღ, – მითხრა “კაგებეს” უფროსმა და სუფრა დატოვა.
არ ამოვისუნთქე? გავნიავდით…

***

ჩემთან სახლში სტუმრები არიან შეკრებილი – ბელა ახმადულინა, ევტუშენკო, კოსმონავტი ირინა სავიცკაია, ვაზნესენსკი, ნოდარ დუმბაძე და სხვები. ნოდარს ყანწი მივაწოდე, ნოდარმა დაიწყო:
– ვოტ კაკოი უმენია კრივოი როგ, აქედანაა თქვენი ქალაქის სახელწოდება “კრივოი როგ”.
ატყდა სიცილი, მე ნოდარს ვუთხარი:
– ნოდარ კაგდა ტი გავარიშ ეტო, ნე კრასნეეშ, ატ ტუდა ი ესწ გოროდ კასნო-დარ.
ამაზე მთლად გადაირივნენ.
ნოდარმა დაამატა:
– არ თქვათ ახლა, რომ მოსკოვი მეგრულიდანაა – მოი-სკუაო.

***

ერთი მეკითხება:
– ბატონო ჯანო, სტალინი ნამდვილად ოსიაო?
მე ვუპასუხე:
– ჩემი სამშობლო “ფორსია”
სულაც არა ვართ ჯანმრთელნი,
ჩვენთან სტალინი ოსია,
პუტინი კიდე – ქართველი.

***

სუფრას ვუსხედვართ მე, გიგა ლორთქიფანიძე და “ჩოხოსნების საზოგადოება” შემოგვემატა, რომლებსაც ჯოხები ეკავათ ხელთ. მე გიგას მივუბრუნდი და ვეუბნები:
– კი ბატონო, არსებობს “ჩოხოსნები”, ხომ არ აჯობებს “ჯოხოსანთა” საზოგადოებაც შეგვექმნა და სათავეში შენ ჩასდგომოდი?
ასე შეიქმნა “ჯოხოსანთა საზოგადოება”.

 

გააზიარეთ

 
...