“საინტერესო და ლამაზი სიახლე ტაოდან!”

31 აგვისტო, 2017

ისტორიკოსი ბუბა კუდავა ტაო კლარჯეთში, პარხლის ტაძარში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების დროს აღმოჩენილ კერამიკური ანტეფიქსთან – სახურავის დეტალთან დაკავშირებით საინტერესო სიახლეს ავრცელებს:

“საინტერესო და ლამაზი სიახლე ტაოდან!

ეს კერამიკული ანტეფიქსი (სახურავის დეტალი) პარხლის ტაძარში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებისას აღმოჩნდა.

წარწერა:
„ქე შმე“. ორივე ნაწილს ახლავს ქარაგმის ნიშანი.
ქარაგმის გახსნა სხვადასხვაგვარად შეიძლება, თუმცა ყველაზე ლოგიკურად ეს ვერსია მეჩვენება:
ქ(რისტ)ე, შ(ეიწყალე) მ(ახარ)ე.

სახელის ამოკითხვა შესაძლოა ცოტა პირობითად მოგვეჩვენოს, თუმცა ვითვალისწინებ ორ გარემოებას: 1) სხვა სახელით ქარაგმის გახსნა უფრო მეტად პირობითი იქნებოდა; 2) „მახარე“ რამდენიმეგზის გვხვდება ტაძრის კედლებზე, ქვისმთლელ ოსტატთა წარწერებს შორის. მართალია, იქ სახელი „მხრ“ ფორმითაა დაქარაგმებული, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ აქ ოსტატი ადგილში შეზღუდული იყო (შდრ.: საყოველთაოდ მიღებული „შე“-ს ნაცვლად მხოლოდ „შ“-ს წერს).

წაკითხვის სხვა ვერსიები:
1) ქ(რისტ)ე, შ(ეიწყალე) მ(ეფ)ე.
2) ქ(რისტ)ე, შ(ე)მ(იწყალ)ე.

პირველი ვერსიის პრობლემა ისაა, რომ ნაკლებად მოსალოდნელია მეფის სახელი არ დაეტანათ, ან ტექსტი სხვა ანტეფიქსზე გაგრძელებულიყო, ან მეფე ასე დაექარაგმებინათ (უფრო მოსალოდნელი იყო „მფ“ ფორმა). მეორე ვერსიის სისუსტე კი ანონიმურობაა. აგრეთვე ის, რომ ეპიგრაფიკაში ნაკლებად გვხვდება „შემიწყალე“ ფორმა, უფრო მესამე პირშია ხოლმე ტექსტი: ქ(რისტ)ე, შ(ეიწყალ)ე გ(იორგ)ი, დ(ავი)თ, …
ცხადია, თეორიულად ასეთი წაკითხვებიცაა დასაშვები, თუმცა მე თავდაპირველი ვარიანტი უფრო ლოგიკური მეჩვენება.

თარიღი:
ანტეფიქსი ტაძრის მშენებლობის დროინდელი (X საუკუნის II ნახევარი) უნდა იყოს. ასეთ დათარიღებას მისი ფუნქცია და სადა ფორმები უწყობს ხელს. რაც შეეხება პალეოგრაფიულ ნიშნებს, ის ძალიან ნეიტრალურია და შესაბამისად, არ გამორიცხავს, რომ ანტეფიქსი მოგვიანო პერიოდში, ტაძრის რესტავრაციისას დაემატებინათ (თუმცა ეს ნაკლებად დასაშვებად მეჩვენება).

ტაო-კლარჯეთიდან ბევრი ნიმუში არ გვქონდა (არც სხვა რეგიონებიდან მაინცდამაინც) და ამიტომ ძალიან სასიხარულოა ამ ანტეფიქსის გამოჩენა.
დიდებული რამაა, მოკლედ!

გილოცავთ ტაო-კლარჯეთისა და ქართული სიძველეების მოყვარულებს ამ ლამაზ სიახლეს.
ქრისტე, შეიწყალე ოსტატი მახარე! კაი ესთეტი კი ყოფილა, აი.”

გააზიარეთ

 
...