“რა დამამცირებელია!”

12 აგვისტო, 2017

მწერალი ნაირა გელაშვილი ყოველთვის სიმართლის სადარაჯოზეა და თავის სათქმელს ნაწარმოებებში ამბობს.

“არტინფო” გთავაზობთ მწერლის რომანიდან “ჩემი ჩიტი, ჩემი თოკი, ჩემი მდინარე…” ერთ-ერთ თავს სახელწოდებით “მოგესალმები ავსტრალიიდან”:

“კარგია ეს ინტერნეტი, ხალხი ერთმანეთს პოულობს. შენ ყოველთვის ადვილად პოულობდი დაკარგულ რაღაცეებს, ხომ გახსოვს, სულ შენ რომ გაძებნინებდით ხოლმე სამსახურში. მიდგებოდი, მოდგებოდი, გამოაღებდი, გადაფურცლავდი, გასწევდი, გამოს­წევდი, შეიხედავდი, თან სულ უაზროდ და ულოგიკოდ და ბოლოს, იპოვნიდი, რადგან საგნები იმიტომ იკარგებიან, რომ არალოგიკურ ადგილას აღმოჩნდებიან ხოლმე. მეც ასე მიპოვე…

მსოფლიოს სულ უფრო მეტი ხალხი ემსგავსება ებრაელებს, იმ აზრით, რომ თანდათან სამშობლოს კარგავენ და მთელ მსოფლიოში იფანტებიან. საით მიდის ნეტავ ეს ყველაფერი? თორემ რატომ ­ხდება, არ უნდა იყოს ძნელი მისახვედრი… კარგ ხალხს ასეთი რამეები რომ არ ემართება და ეს რომ წყევლას ჰგავს, ამას ადამიანებს არავინ ეტყვის, არც მთავრობა და არც ეკლესია. აი, ხომ დააჯერა პრეზიდენტმა ამდენი ქართველი, რომ 2008 წლის აგვისტოში ომი მოვიგეთ. და რატომ უნდა გამოტვინდეს ესე ხალხი, თუნდაც ხალხის რაღაც ნაწილი! არადა, სამარცხვინოდ წავაგეთ ორდღიანი, თუ ხუთსაათიანი ბრძოლა, რომელიც თვითონ წამოიწყო ისე, რომ მოსახლეობა, ქალები და ბავშვებიც კი არ გამოიყვანა სოფლებიდან! გაიძახოდნენ ქართული ჯარი უკვე ცხინვალშიაო და აღარ გამოვიდა ხალხი! იმიტომ დაიხოცა ამდენი! არც იცის სახელმწიფოს თავმა, რამდენი მოკლეს, რამდენზე იხმარეს ძალა! ქართველებმა არც იციან, რამდენი უძველესი სოფელი დაკარგეს ქართლში, საქართველოს გულში, სოფლები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას არც ერთ ომში, იმ უპატრონო საუკუნეებშიც კი არ დაუკარგავს!

პირველად ამ ბოლო ოცმა წელმა დამაფიქრა ჩვენს ისტორიაზე და ენით აღუწერელმა გაკვირვებამ შემიპყრო, როგორ მოიტანეს ჩვენმა მეფეებმა, მიუხედავად ზოგი მათგანის ბედოვლათობისა, ეს ქვეყანა მეცხრამეტე საუკუნემდე! ეს სამოთხე, ბუნების ყველანაირი სილამაზით შემკული, მდინარეებით სავსე ქვეყანა! არ არის სასწაული?! მართალია, წაგვლიჯა ოსმალეთის იმპერიამ ჩვენი თვალმარგალიტი, ქართული კულტურის აკვანი, ტაო-კლარჯეთი, მაგრამ რაც დარჩენილი იყო, ესეც ხომ ღვთის წყალობად უნდა ჩაგვეთვალა! მერე უკვე რუსეთმა გაა­ერთიანა ქართლ-კახეთის, იმერეთისა და აფხაზეთის სამეფოებად დაშლილი სახელმწიფო, მაგრამ ეს სამეფოები ხომ არსებობდა! მერე რეგვენმა ქართველმა ბოლშევიკებმა აზერბაიჯანს მიართვეს სინით ჩვენი ტურფა საინგილო! მაგრამ მაინც ხომ საკმაო მიწა-წყალი გვქონდა! ამათ კი, ამ ეშმაკის ნაშიერებმა, გაფლანგეს და დაანიავეს ყველაფერი, და რაც გადარჩა, იმასაც უცხოელებს ურიგებენ!

მთელი ცხოვრება გულგრილი თუ ნელთბილი დამოკიდებულება მქონდა საქართველოს ისტორიასთან. წესიერად არაფერი ვიცოდი, და არც მინდოდა მცოდნოდა. არ მქონდა ამის არანაირი მოთხოვნილება. ისეთი მიყვარდა, როგორიც ვიცოდი. მე მგონი, სამშობლოს სიყვარული ისეთი რაღაცაა, რომ ისტორიის ცოდნაზე არ დადის. უბრალოდ, რაკი მასში ხარ, გიყვარს. როგორც საშოში მყოფ ბავშვს თავისი სამყოფელი. ფრაგმენტული ინფორმაციები სრულიად მაკმაყოფილებდა. იქ – უშორეს ნისლში ვახტანგ გორგასლის ათლეტური სილუეტი ტრიალებდა, ცოტა აქეთ – ასევე ათლეტური დავით აღმაშენებელი – „მესიის მახვილი“ აცამტვერებდა დიდგორთან მტერსა და დუშმანს, კიდევ უფრო აქეთ მეფეთმეფე თამარი მიდიოდა ვარძიაში თვალცრემლიანი და ფეხშიშველი, რათა საქართველო შეევედრებინა ყოვლის შემძლესთვის, და სადღაც ახლოს ჯანშერყეული გმირი „პატარა კახი“ თავისი ასი ჭრილობით ჩადიოდა კახეთის მიწაში, და კიდევ უფრო ახლოს – ილიას ახლიდნენ ტყვიას შუბლში და მორჩა… მერე რუსეთი და ტოტალიტარიზმი…

პირველად, აქ ავსტრალიაში, სადაც ვერაფერთან ვამყარებ კავშირს, თუმცა ეს ნამდვილად წესიერი ქვეყანაა, გამიჩნდა მოთხო­ვნილება, გამეგო, მაინც რა წარსულიდან ამოვყვინთეთ. მაინც რა სახე ჰქონდა ჩვენს ბედისწერას. აქ დავიწყე კითხვა და გავაცნობიერე სურვილი, ვიღაცას გაკვეთილივით ჩავაბარო! გესმის? ახლანდელი ქართველი პოლიტიკოსები, მით უმეტეს „ნაციონალური მოძრაობის“ დიადი სტრატეგები – აი, ასე, არაფრიდან მოდიან. არც უნდათ, საიდანმე მოდიოდნენ. მათ უნდათ იყვნენ დასავლეთის გუდაფშუტა დანამატები, მათ ნასუფრალს წასეული და მათთვის სუფრების გამშლელი მათხოვრები… ესენი აუცილებლად დაკარგავენ მთელ ქვეყანას! რადგან ეს ქვეყანა მათთვის არის შემთხვევა, რომელიც ნამდვილად არასოდეს შეხებიათ! კი დარჩება რაღაც, რასაც საქართველო ერქმება, მაგრამ ის საქართველო აღარ იქნება! ეს იქნება მაგათი ოცნება – სინგაპური – შუშაზე დასხმული ჭრელი წყალი!

ჩვენ გასაქცევი არ უნდა გვქონოდა არსად, გისოსები უნდა შე­მოევლოთ ჩვენთვის, დასავლეთს არც ერთი ემიგრანტი არ უნდა ­მიეღო, ჩემ თავსაც ვგულისხმობ! და არც უცხო ფული არ უნდა შემოსულიყო ქვეყანაში ვითომც დემოკრატიის ასაშენებლად! არც ერთი კაპიკი არ უნდა მოეცა ჩვენთვის უცხოეთს! ვინ აშენებს წესიერ ­ცხოვრებას სხვისი მოთხოვნითა და სხვისი ფულით! ხალხი თავისი ბედისწერის წინაშე მარტო უნდა დარჩენილიყო, რომ მთელი ძალების დაძაბვა მოეხდინა! მაშინ იძულებულნი ვიქნებოდით, თავი შეგვეკლა და მოგვესპო უსამართლობა, ქურდობა და ძარცვა-გლეჯა, რათა გადავრჩენილიყავით! შეიძლება ამაზე მეტი ხალხიც დახოცილიყო ამ ბრძოლაში, მაგრამ ეს ჩვენი ბრძოლა, ჩვენი სიცოცხლისათვის ბრძოლა იქნებოდა! მაშინ დავინახავდით, რომ თუ ცოდნა არ გვექნებოდა, თუ პატიოსნად არ ვიშრომებდით და ქონებას სამართლიანად არ გავინაწილებდით, – დავიღუპებოდით! და იძულებულნი გავხდებოდით, გვესწავლა, გვეშრომა, კანონებს დავმორჩილებოდით და დამნაშავეები დაგვესაჯა. ახლა კი სხვების თამაშს ვთამაშობთ! სხვისი ფულითა და კარნახით ვცხოვრობთ. არანამდვილ, არაბუნებრივ სიტუაციაში ამოვყავით თავი. სწორედ ეს გვღუპავს. გარედან შემოძლეულმა კაპიტალმა ახალი კომკავშირი, მაფიოზური კლანები და ქართული “დემოკრატიული” ფაშიზმი გამოკვება. ახლა რაღა ეშველება ამ საქმეს, როცა სრული ძალაუფლება და ამდენი ფული ამ უმწიფარი ბიჭბუჭების ხელშია, რომლებიც, როგორც სათამაშოთი ისე თამაშობენ ამ ქვეყნით!

ბიბლიიდან მახსოვს, ღმერთი ემუქრება ისრაელს, მაგ უღმერთობისთვის იმით დაგსჯი, ყმაწვილებს დაგისვამ მეფეებადო. ჰოდა, დაგვისვა ეს გოგო-ბიჭები! რა დამამცირებელია! მაგრამ როცა ბუნებაში არ აღმოჩნდნენ ზრდა­დასრულებულები, სხვა რა უნდა მომხდარიყო! უმწყემსო ფარა და უპატრონო ქვეყანა! შეძლებს კი ახალგაზრდობა, რომელსაც ბავშვობა და სტუდენტობა კერასინ­კებთან და ლამპის შუქში, ტყვიების ზუზუნსა და უაზრო სიკვდილებში გაატარებინეს, – რომელმაც მგონი, ვერც ერთი წიგნი ბოლომდე ვერ წაიკითხა, – ამ ყველაფერს მოერიოს? მათმა უმცირესობამ ეს შეიძლება სცადოს კიდეც, მაგრამ მათ მათივე უმეტესობა, მიშას ფაშიზმის სპეცსაყრდენები, მაგალითად, სტუდენტური თვითმმართველობები, – დაუპირისპირდება. მაგრამ მაინც არ გამოვიქცეოდი აქეთ, ყველაფერი რომ არ წაერთმიათ და დაჭერაც რომ არ დაეპირებინათ. „კარმის“ პატარა ბიზნესი მქონდა, რა მინდოდა მე, მშენებელ-ინჟინერ კაცს, ბიზნესში და „კარმასთან“, მაგრამ სანატრელი გაგვიხადეს ყველაფერი!

მხოლოდ ერთი სახლუკაღა დამრჩა ხევის ქუჩაზე, მდინარე ვერეს ნაპირზე პატარა, სოფლურ დასახლებაში. ერთ ჩემს ნათესავ ქალს დავუტოვე ჩემს მოხუც, დამუნჯებულ დეიდასთან ერთად, რომელმაც აგვისტოს ომში გადამწვარი სოფელი სულ ბოლოს დასტოვა. დედ-მამის, ქმრისა და პატარაობაში გარდაცვლილი შვილის საფლავზე იწვა თურმე და იქ აპირებდა შიმშილით სიკვდილს. ვიდრე ვიღაც რუს ჯარისკაცებს თუ ოს ბოევიკებს არ წამოუგდიათ და არ გამოუგდიათ, ერთს უთქვამს, საფლავებს არ ავაფეთქებთ, ეგეთი რამე ნაბრძანები არა გვაქვსო. და წამოვიდა მერე ფეხით თავის ძროხასთან, დედალთან, კატასთან და ძაღლთან ერთად. არ იცოდა, რამდენი დღე იარა, მე უკვე ბილეთი მქონდა აღებული თვითმფრინავზე, როცა ვიღაცამ დამირეკა დიღმის მასივიდან, მოხუცი ქალია აქ, თქვენი ტელეფონი აქვს და ვერ ლაპარაკობსო! ფეხები ჰქონდა დახეთქილი და მგონი, შეშლილიც იყო. მანქანა ვიქირავე, ფიცარი ავაყუდეთ ძარაზე, ძლივს ავიყვანეთ ძროხა იქ, ძაღლი და კატა არ იყო პრობლემა, დავიძარით და არ გინდა გაღწევა! გადაკეტილია გზა თბილისში და არის ერთი უთავბოლო გრანდიოზული კონცერტ-მიტინგი თუ რაღაც სიგიჟე ჩვენი მთავარი კომედიანტის მიერ გამართული, ვითომცდა რუსეთის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია! დაეცა თავზარი, ვაითუ, თბილისში შემოვიდნენო და აიფარა წინ ხალხი, ნახეთ ­რამდენი ხალხია რუსეთის წინააღმდეგო, თუმცა, შენ თვითონაც ხომ გახსოვს! ათასობით ადამიანი ძალით გაუყვანიათ. მეორე დღეს ჩემი ძმაკაცის გასვენება იყო, გული გაუსკდა ტელევიზორის წინ ამ ომის შემყურეს, და საფლავის გათხრა დაგვიანებიათ ვაკის სასაფლაოზე, მესაფლავეებიც კი წაეყვანათ მიტინგზე! იყო ერთი რაღაც საზეიმო-საპროტესტო დიდი სანახაობა, კონცერტი. გავიმარჯვეთ, გავიმარჯვეთო, – გაჰკიოდა სარდალი და ხალხი შიგადაშიგ ღრიალებდა „სარკო!“ „სარკო!“ საფრანგეთის პრეზიდენტის სარკოზის სახელს შემოკლებულად, რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებდა პუტინთან და გამოდიოდა მომრიგებლად რუსეთსა და საქართველოს შორის. მაგას ემადლიერებოდნენ, რუსის ჯარი თბილისში რომ არ შეგრიალდა. მოკლედ ვერ მივდივართ ვაკეში! და რამდენჯერაც მასა დაიღრიალებს „სარკო“! იმდენჯერ შეხტება ეს უღმერთოდ ნახეტიალები ძროხა ძარაზე და მიაწყდ-მოაწყდება აქეთ-იქით, ლამის გაჭყლიტოს ეს საწყალი მოხუცი! უბედურება იყო! ერთი ქალი, საგარეო საქმეთა მინისტრი თუ ვიღაცა, წიოდა და კიოდა: „ჩვენ მივაღწიეთ უდიდეს გამარჯვებას: მთელ მსოფლიოს დავანახეთ, რომ რუსეთი აგრესორია! რომ რუსეთი ოკუპანტია! აი, რისთვის დავღვარეთ სისხლი! აი, რა გმირული მსხვერპლი გაიღო საქართველომ! ჩვენ თავისუფლებას სტაფილოზე და ნიახურზე არ გავცვლით! ჩვენ ქედს არ მოვუხრით ოკუპანტ რუსეთს, იმისათვის რომ ქართლელებმა რუსეთში გაიტანონ ხილ-ბოსტნეული, ხოლო კახელებმა – ღვინით ივაჭრონ! ღვინოსა და ბოსტნეულს ვერ გადავაყოლებთ ჩვენს სახელმწიფო­ებრივ ღირსებას!“

თქვენი პატრონი დედაც, თქვე თბილისელო პიჟონებო, გადმოგდებული ფულით ოფისებში და ალაფორშეტებზე დაზრდილებო, თქვე უჯიშოებო-მეთქი, ვფიქრობდი, როდის ყოფილა, რომ სადმე თქვენი და თქვენი შვილების სისხლი დაღვრილიყო? მაგ ვაშლისა და ატმის, ყურძნისა და ღვინის უკან რომ მშიერი სოფლელი ბავშვების დაღებული პირებია, გაგხსენებიათ როდესმე, თქვენი შვილები ევროპა-ამერიკის სასწავლებლებში რომ გყავთ მოკალათებულები ნაძარცვი ფულით-მეთქი? ქვა რომ მქონოდა, გავუქანებდი ვიღაცას ამ ბრიყვების ბრბოში, ძროხა უკვე ჯოჯოხეთურად აბღავლდა, მაგრამ კიდევ კარგი არ მქონდა. ბოლოს, როგორც იქნა, მორჩნენ მართლა ნაციონალური შიზოფრენიის დემონსტრაციას და გავაღწიეთ ჩვენც და მივიყვანე იქ, როგორც გითხარი, ქალაქის სოფელში. მარტო დავტოვე თავის ძროხასთან, დედალთან და ძაღლ-კატასთან ერთად! საჭმელი დავუტოვე, რა მექნა, მივფრინავდი ფრანკფურტში იმ ღამით. ერთი კვირის შემდეგ მივიდა ის ქალი, ჩემი მეგობრის ნათესავი, მე არც მინახია, უსახლკაროდ დარჩენილა ისიც და გახარებია ეს შეთავაზება! კიდევ კარგი, ეგ აგარაკივით რაღაცა მქონდა, რა უნდა მექნა, სად უნდა წამეყვანა?! უკვე სამი წელი გავიდა და დღემდე ხმა არ ამოუღია თურმე!

თუ მართლა ვეღარა ძლებ მანდ, კანადაში, და მართლა გადაწყვიტე აქეთ წამოსვლა, მომწერე და წამოსვლის დეტალებზე ცალკე ვილაპარაკოთ. მე კი ძალიან გამიხარდება.

შენ რას ფიქრობ, ეგებ ისევ მოხდეს სასწაული და აღსდგეს ჩვენი სამშობლო! ხომ იყო საუკუნეები, როცა ისტორიიდან მთლად გაჰქრა თითქოს, ჩაიძირა გემივით, მაგრამ ხომ ამოტივტივდა ისევ რაღაცნაირად! მეტყვი, მაშინ ილია იყო და იმან შემოხაზა თავიდან „სამშობლოს“ წაშლილი კონტურიო და მართალიც იქნები. თან მაშინ უკვე რუსეთი მფარველობდა და მშვიდობის ჟამმა ჭრილობები მოუშუშა, თუმცა ახლებიც გაუჩინა, ლპობის ახალი სახეობა შესთავაზა, როგორც ხდება ხოლმე, მაგრამ მაინც გადარჩა და თვალში გამოიხედა: ვაჟა, აკაკი… მოკლედ, ბევრი ვიფიქრე ჩვენს ბედისწერაზე და თუ ჩამოხვალ, აქ ვილაპარაკოთ, ვიდრე ეგ ეშმაკები გადაშენდებიან!”

გააზიარეთ

 
...