ვასილ ჩხაიძე – განუმეორებელი ქრისტეფორე “შერეკილებიდან”

7 აგვისტო, 2017

მსახიობ ვასილ ჩხაიძეს მკითხველის წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება.

მიუხედავად იმისა, რომ მსახიობმა 30-მდე ფილმში ითამაშა მის სავიზიტო ბარათად მიჩნეულია ელდარ შენგელაიას ფილმი “შერეკილები”:

“ბიჭოს! ვეღარ გაიგო ამ ხალხმა, რომ სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადიც!” – ქრისტეფორეს ეს ფრაზა დღემდე აქტუალურობას არ კარგავს.

ვასილ ჩხაიძის დებიუტი კინოში საკმაოდ გვიან – 63 წლის ასაკში შედგა. მიუხედავად ასაკისა, მან საკუთარ თავზე იმდენი იმუშავა, რომ ათეულობით ფილმში მიიღო მონაწილეობა და სიცოცხლის ბოლო 15 წელი გადასაღებ მოედანზე გაატარა.

ელდარ შენგელაიას და ვასილ ჩხაიძის პირველი შეხვედრა სოფელ აცანაში შედგა. მაშინ რეჟისორი თავის ერთ-ერთ ფილმს “არაჩვეულებრივი გამოფენა” იღებდა. იგი პიპინიას როლისთვის ფოთის თეატრში ეძებდა მსახიობს. სწორედ იქ მიასწავლეს ვასილ ჩხაიძე, რომელიც ფოთის თეატრში უკვე ნამუშევარი იყო. ელდარ შენგელაიასთან ერთად იმყოფებოდა მსახიობი გურამ ლორთქიფანიძეც, რომელიც რეჟისორის ასისტენტი იყო. მაშინ არავინ იცოდა, რომ გურამ ლორთქიფანიძე აგულის როლს ითამაშებდა.

ამ პერიოდს გურამ ლორთქიფანიძე ასე იხსენებდა:

“მოსკოვიდან ახალი ჩამოსული ვიყავი, როცა ელდარ შენგელაიამ რეჟისორ-ასისტენტად მიმიწვია “არაჩვეულებრივ გამოფენაში”. ყველა როლზე იყო გათვალისწინებული შემსრულებელი, გამონაკლისი იყო პიპინია. აგულის როლზე ისინჯებოდნენ ისეთი უმაღლესი რანგის პროფესიონალები, როგორებიც იყვნენ შოთა გაბელაია, იმედია კახიანი და სხვები. თუმცა ჯერ ბოლომდე არავინ იყო დამტკიცებული. პიპინიას როლისთვის ძალიან სახასიათო ტიპაჟს ეძებდა. რა სპექტაკლი აღარ ვნახეთ, სად არ ვიყავით, მაგრამ ელდარმა გული ვერავისზე შეაჯერა. როცა ყველა იმედი გადაგვეწურა, ფოთის თეატრში გვითხრეს, რომ ადრე მათთან ერთი კაცი მსახიობობდა და ის გამოგვადგებოდა პიპინიას როლზე. გურიაში, სოფელ აცანში ჩავედით და ასე შევხდით იქაური სკოლის გერმანულისა და რუსულის მასწავლებელს ვასილ ჩხაიძეს. მის ეზოში პირველი მე შევედი. მასპინძელი აივანზე ნახშირის უთოთი შარვალს აუთოვებდა, თან ხმამაღლა რუსულ რომანსს მღეროდა. სინჯების გადაღებაზე დავიყოლიეთ. ერთ-ერთი გადაღების შემდეგ, კინოსტუდიიან ლაპარაკ-ლაპარაკით გამოვედით. მას არ მოსწონდა თავისი თამაში, მე ვარწმუნებდი რომ კარგი იყო. ჩვენს ცხარე დიალოგს ელდარ შენგელაია და ლანა ღოღობერიძე აკვირდებოდნენ. ელდარმა მთხოვა: როგორც ახლა ელაპარაკებოდი ვასილს, იგივე გაიმეორე პავილიონში, კამერის წინო. უარი არ გამოვიდა. ასე გავხდი მთავარი როლის შემსრულებელი აგული. მას შემდეგ არა ერთი და ორი როლი ვითამაშე კინოში, მაგრამ აგული მაინც “ჩემი ცხოვრების” როლად დარჩა.”

რაც შეეხება ფილმს “შერეკილები”, მასში ვასილ ჩხაიძემ ქრისტეფორეს როლი ითამაშა. მართალია როლზე ბევრი მუშაობა დასჭირდა, თუმცა რეჟისორის ყველა მითითება ზედმიწევნით შეასრულა და როლიც დაუვიწყარი გამოვიდა.

– ეჰ, თამუნია! თამუნია! – ფილმში ნათქვამი ამ ფრაზით მსახიობი თითქოს თავის გარდაცვლილ მეუღლეს ემშვიდობებოდა. ვასილ ჩხაიძე ახალგაზრდა დაქვრივდა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ოჯახი მეორედ აღარ შეუქმნია. მას ერთი შვილი დარჩა – გოგი ჩხაიძე, რომელიც უცნაურ ვითარებაში მოულოდნელად გარდაიცვალა. გოგის არც ცოლი ჰყავდა და არც შვილი.

ვასილ ჩხაიძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და მისმა ორგანიზმმა დაავადებებთან გამკლავება ვეღარ შეძლო. მსახიობი მუხათგვერდის პანთეონში დაკრძალეს, მაგრამ მოგვიანებით ელდარ შენგელაიამ ვასილ ჩხაიძე დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადმოასვენა და თავისი მშობლების ნატო ვაჩნაძისა და ნიკოლოზ შენგელაიას გვერდით დაკრძალა.

გააზიარეთ

 
...