ბათუმის საერთაშორისო ფესტივალმა იუნესკოს მაღალი პატრონაჟი მოიპოვა

14 აგვისტო, 2017

2017 წლის 2-8 სექტემბერს, ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი “ლირა” მართავს ბათუმის რიგით მეხუთე საიუბილეო საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს BATUMI MusicFest.

წელს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალმა პირველად საქართველოს ფესტივალების ისტორიაში, მოიპოვა იუნესკოს მაღალი პატრონაჟი.

ქართველი პიანისტის, იუნესკოს არტისტის, ელისო ბოლქვაძის მოწვევით, ბათუმს ესტუმრებიან მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავები.

7 დღის განმავლობაში ზღვისპირა ქალაქს კლასიკური მუსიკის ჰანგები მოეფინება.

ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი დაარსების დღიდან, ახალგაზრდა ქართველი ტალანტების ხელშეწყობაა, რაც მას აძლევს განსაკუთრებულ იდენტურობას და მნიშვნელობას.

მასტერკლასების ფორმატში ხდება საგანმანათლებლო პროგრამების ინტეგრირება ინოვაციური მეთოდებით, რაც ახალგაზრდების მუსიკალურ დონეს ეფექტურად აამაღლებს. საქართველოს რეგიონის ყველა კუთხიდან მუსიკოსებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. გამორჩეულები კი მიწვეულნი არიან საზღვარგარეთ საერთაშორისო პროგრამებში და კონცერტებში მონაწილეობის მისაღებად, რაც ფინანსდება ფესტივალის მიერ.

7 სექტემბერს ჩატარდება ახალგაზრდა ტალანტების კონკურსი, სადაც გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრემიები.

ფესტივალის ფარგლებში საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად კი მუსიკალური არტ-ბანაკის შექმნაა დაგეგმილი.

გააზიარეთ