ასე წიგნებზე არასდროს გიფიქრიათ

6 აგვისტო, 2017

ახალგაზრდა პოეტი გიო საჯაია და მისი ლექსები მკითხველში დიდი მოწონებით სარგებლობს.

პოეტი ცდილობს თავის პოეზიაში ის მთავარი თემები წამოიწოს, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს.

წიგნები გიოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სათუთი თემაა.

გიო საჯაია:

“გუშინ, დილით, სანაპიროზე, დედაჩემს შევხვდი.
მე, როგორც ყოველთვის, რომელიღაც სამიკიტნოდან მოვდიოდი,
ღამენათევი და გალეშილი, უწესო და უსაქციელო.
ის, როგორც არასდროს, მშრალი ხიდისკენ მიდიოდა,
ღამენათევი და თვალცრემლიანი, გამხდარი და წელში მოხრილი.
ხეს მოვეფარე (ვერ შემნიშნა) და დიდხანს,
დიდხანს ვუცქირე კვალში, შუშის თვალებით,
ვიდრე ხიდის ქვეშ, მადათოვივით არ გაქრა, პატარა დედაჩემი.
შუადღისკენ, სახლში დაბრუნებულს,
საგრძნობლად შეთხელებული წიგნების თარო მომხვდა თვალში.
ხოლო საღამოს, დედამ ხორციანი კერძი გააკეთა.
უარი ვერ ვთქვი, თუმცა, ჭამა კი გამიძნელდა –
ასე მეგონა, ჩემს საყვარელ ავტორებს ვჭამდი:
ჰესეს, დრაიზერს, ჰემინგუეის…
და რაღაც მომენტში, კი არ მივხვდი, არამედ ვიგრძენი,
რომ უბედურება სულაც არ არის წიგნებით საზრდოობა,
წიგნებით, რომლებსაც შეუძლიათ,
ერთხანს სულიერად გამოგკვებონ, მერე კი,
თუ საჭიროებამ მოითხოვა – ფიზიკურადაც…
უბედურება ის არის, რომ ჭილაძის მერე სულერთი გახდა,
თუ ვის შევჭამდი…”

გააზიარეთ

 
...