“არაფრად მჭირდება იმ ადამიანების ტაში, ვინც…”

6 აგვისტო, 2017

– მსახიობს მაყურებლის ტაშზე ძვირფასი არაფერი გააჩნია, მაგრამ მე არაფრად მჭირდება იმ ადამიანების ტაში, ვინც ქვებს ისვრის, წიგნებს წვავს და სიძულვილისგან გონება აქვს დაკარგული, – ამბობდა თეატრისა და კინოს ვარსკვლავი ოთარ მეღვინეთუხუცესი.

მსახიობს რთულ დროს მოუწია ცხოვრება და მოღვაწეობა. მისმა ოჯახმა არაერთ განსაცდელს გაუძლო. მათუმატიკური ნიჭით დაჯილდოებულ ოთარ მეღვინეთუხუცესს ურჩევდნენ მათემატიკურზე ჩაებარებინა, თუმცა არჩევანი თეატრალურ ინსტიტუტზე გააკეთა. მისაღებ გამოცდაზე გარეგნულად ძალიან მოეწონათ და ეს მომავალ მსახიობს უთხრეს კიდეც. პირველი კურსი მისთვის ყველაზე რთული აღმოჩნდა, მაგრამ პროფესიის სიყვარულმა ხელოვანს ყველაფერი დააძლევინა.

ნებისმიერი მსახიობისთვის საოცნებო თეატრი რუსთაველის თეატრი იყო. ოთარ მეღვინეთუხუცესს ჰქონდა ამ თეატრში მუშაობის შანსი, თუმცა მან უარი თქვა. მსახიობი სიცოცხლის ბოლომდე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო.

– ძალიან ვნანობ იმის გამო, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში კომედიური და სახასიათო როლები ცოტა ვითამაშე… თეატრში ყოფნის პირველ სეზონში სპექტაკლში “ლეგენდა სიყვარულზე” ფარდის წინ უნდა გამევლო ერთი კულისიდან მეორემდე, სულ ეს იყო მთელი ჩემი როლი. ერთხელაც რეჟისორის თანაშემწე მეუბნება, იცი, დღეს როგორი დღე გაქვს? ვერიკო ანჯაფარიძე სპეციალურად მოვიდა შენ სანახავად და კულისებიდან გიყურებდაო!.. ქალბატონი ვერიკო ყოველთვის არაჩვეულებრივად თბილად მეპყრობოდა. ერთხელ ისიც უთქვამს, გული მწყდება, ეს ყმაწვილი ჩემზე ასე გვიან რომ დაიბადაო… მთელი უფროსი თაობა იყო ძალიან კარგად განწყობილი ჩვენ მიმართ. გვიფრთხილდებოდნენ, ვუყვარდით… – იხსენებდა მსახიობი.

მთელი შეგნებული ცხოვრება ოთარ მეღვინეთუხუცესი ქართულ კულტურას ემსახურა. მეუღლე გურანდა გაბუნიაც თეატრის სიყვარულმა შეახვედა:

– ოთარი თეატრალურში გავიცანი, ნუგზარ გაჩავამ გამაცნო. მარჯანიშვილის თეატრში ერთი ახალგაზრდა, სიმპათიური და ნიჭიერი მსახიობია, ოთარ მეღვინეთუხუცესი, წადი და ნახე სპექტაკლებშიო. მეც მალულად წავედი და ვნახე. მართლაც არაჩვეულებრივი იყო. მსახიობის გარეგნობას თეატრისთვის, მით უმეტეს, კინოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მაშინ არავინ მომწონდა და მიყვარდა. ლილი იოსელიანის რეპეტიციებით ვიყავი დაკავებული და რობიკო სტურუასთან ვთამაშობდი სადიპლომო სპექტაკლში. ცხრამეტი წლის ვიყავი, ხელი რომ მოვაწერეთ. მახსოვს, პატარა ოთახი იყო, იმ დღეს წვიმდა და წყალი ჩამოდიოდა. ჩვენი ხელისმომკიდეები ირაკლი უჩანეიშვილი და იუზა ხუსკივაძე იყვნენ. ოთარს „დალატკული“ პერანგი ეცვა. ირაკლის რომ არ შეეკერა მისთვის შარვალი, ალბათ, ისიც არ ექნებოდა. ირაკლი კარგად კერავდა და მეგობრებს ხშირად უკერავდა შარვლებს. თავისთვის ფეხსაცმელებს იკერავდა. საოცარი ხელი ჰქონდა, ყველაფერი შეეძლო. თან, არაჩვეულებრივად მღეროდა. ერთმანეთთან ახლოს ვცხოვრობდით – მე საიათნოვას ქუჩაზე, ირაკლი – ლერმონტოვზე. სულ ერთად ვიყავით და სიამოვნებით ვუსმენდი მის სიმღერებს. რაც შეეხება ოთარის სიდინჯეს, ყოველთვის ასეთი იყო… გვერდით მეგრელი ქალი რომ ვყავდი, ამან, ალბათ, დიდი როლი ითამაშა შემდეგ, როცა „დათა თუთაშხიაში“ გადაიღეს. სხვათა შორის, არასდროს მიფიქრია, ცოლად გავყოლოდი. უბრალოდ, ერთმანეთს ვხვდებოდით. ჩვენთვის მთავარი იყო, საქმე გვეკეთებინა და არა სხვა რამ. ყოფილ მერიასთან ვხვდებოდით ერთმანეთს. იმ დროს ორ ფილმში იღებდნენ „კეთილი ადამიანები“ და „ფატიმა“. რვა მარტი იყო. დააგვიანდა, თუმცა მივხვდი, რომ გადაღებების გამო აგვიანდებოდა. რომ მოვიდა, გამიკვირდა, ხელში ყვავილები არ ეჭირა. უცებ პიჯაკის ჯიბიდან ამოიღო იები. ხელი რომ მოვაწერეთ, საცხოვრებლად ბებიასთან გადავედით. მერე ბიძაჩემმა დაგვითმო პატარა ოთახი, ამის შემდეგ გიგა ლორთქიფანიძემ თეატრიდან „ხრუშჩოვკის“ ოროთახიანი მოგვცა. დედას ერთოთახიანი ჰქონდა, ის და ჩვენი ოროთახიანი ბინა სამიანზე გადავცვალეთ და დედა ჩვენთან გადმოვიდა. ოთარსაც ძალიან კარგი მშობლები ჰყავდა. რომ დავქორწინდით, უკვე პენსიაზე იყვნენ. მახსოვს, მამამისი ყოველ შაბათ-კვირას ყველა ნათესავის მოსანახულებლად მიდიოდა, არავინ დარჩებოდა უყურადღებოდ, – იხსენებს გურანდა გაბუნია.

***

თავისი მხიარულების და ენერგიულობის გამო, გურანდა გაბუნია ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო. მშვიდი და დინჯი ოთარ მეღვინეთუხუცესი კი მორჩილებით უმშვენებდა გვერდს მეუღლეს.
– ერთხელ შინ ხმამაღლა ვლაპარაკობდი, თან ოთარს რაღაცებს ვეკითხებოდი წარამარა, არადა, ოთარი სპექტაკლიდან დაღლილი იყო მოსული, დასვენება უნდოდა. ბოლოს, როცა ძალიან შეღონდა, თავისებურად შეჰყვირა: ქალო, რა დღეში ხარ ან როგორ მიბედავ ამდენ ლაპარაკსო… გავისუსე, ხმა აღარ ამომიღია. გამახსენდა, რომ ოთარს მეფეების როლები ჰქონდა ნათამაშები – ეკრანზე მეფე გიორგი, სცენაზე კი ოიდიპოსი და გადავწყვიტე, რეალურ ცხოვრებაშიც ისე მოვპყრობოდი, როგორც მეფეს. იმ დღიდან კარგა ხნის განმავლობაში ოთარს ასე მივმართავდი – “რას მიბრძანებთ, მეფევ ბატონო”, “რა გეამებათ სადილად, რა მოგართვათ?”. ოთარი ჯერ ვერ მიხვდა ჩემს ჩანაფიქრს, შეიფერა ჩემი ყურადღება და თავაზიანობა. მერე კი, როცა უკვე საკმაოდ ხშირად მოხვდა მის ყურს “მეფევ ბატონო”, მიხვდა ჩემს ჩანაფიქრს და გულიანადაც იცინა.

***

ერთხელ ბიჭვინთაში კინემატოგრაფისტთა დასასვენებელი სახლში ვისვენებდით. ბიჭვინთაში მრავლად იყვნენ რუსი დამსვენებლები. ისინი გვიცნობდნენ, მაგრამ მათ შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც არ გვიცნობდა.
ერთი რუსი ქალი გამუდმებით ერთსა და იმავეს მიმეორებდა:
– რა ლამაზი ქმარი გყავს, რა წარმოსადეგი, მშვენიერი და თანაც როგორი წყნარი და მშვიდი…
– დიახ ქალბატონო, ოთარი ისეთი წყნარია, ისეთი მშვიდი… თავის სიცოცხლეში, როლების გარდა, ერთი ხმამაღალი სიტყვა არ უთქვამს, – ვეუბნებოდი მეც.
ერთხელაც ატყდა ყვირილი, მოცვივდნენ ჩემთან და მეუბნებიან, თქვენი ქმარი ზღვაში ვიღაც კაცს ახრჩობსო. ნამდვილად დაახრჩობდა, რომ არ მიმესწრო და ის საწყალი რუსი კაცი ხელიდან არ გამომეგლიჯა. თურმე ეს კაცი ქართველი დამსვენებლების სიმრავლით გაბრაზებულა, ცისფერთვალება ოთარიც რუსი ჰგონებია და მისთვის უთქვამს, რა კარგი იქნებოდა აქაურობა, ეს ქართველები რომ მოისპობოდნენ აქედანო… გაცეცხლებულ ოთარს მისი დახრჩობა გადაუწყვეტია, მაგრამ დროზე მივუსწარით და ის უბედური გადავარჩინეთ.

***

ერთხელ ოთარ მეღვინეთუხუცესმა მანქანით მოძრაობის წესები დაარღვია და ავტოინსპექტორმა გააჩერა. მანქანასთან მივიდა და მსახიობს საბუთები მოსთხოვა:
– საბუთები, მოქალაქევ!
– მე ოთარ მეღვინეთუხუცესი ვარ, – მშვიდად უთხრა მსახიობმა.
ავტოინსპექტორმა თავისი გვარი და სახელი უთხრა და გაუმეორა:
– მოქალაქევ, მომეცით თქვენი საბუთები!
ოთარმა იფიქრა, ნამდვილად ვერ მიცნოო და მეტი დამაჯერებლობისთვის მტკიცედ უთხრა:
– მე დათა ვარ, დათა თუთაშხია, – ინსპექტორმა ყურადღებით ახედა.
– მატყუებ, იმას ცხენი ჰყავდა!
– არ გატყუებ, კაცო, ნამდვილად დათა ვარ, გავცვალე ცხენი მანქანაში და…
– მაშინ, მე ნიკანდრო ვარ ქირია და მომეცი ახლა საბუთები, ცხენი მოტოციკლეტში გავცვალე.
მისცა ოთარმა საბუთები და ეს ამბავი “ზემოთ” მოახსენა. “ზემოდან” ავტოინსპექტორს დაურეკეს და “ტყავი გააძრეს”. შერცხვა იმ ინსპექტორს და ბატონი ოთარისთვის საბუთები თვითონ რომ არ მიეტანა, მეგობარს გაატანა. კარი ოთარმა გააღო.
– ბატონი დათა ბრძანდებით, ხომ? – მეგრული კილოთი ეუბნება ინსპექტორი.
– დიახ?!
– დაიბრუნეთ თქვენი საბუთები.
– თქვენ ვინ ბრძანდებით? – დაინტერესდა ოთარი.
– მუშნი ვარ, ზარანდია.

გააზიარეთ

 
...