„არაფერი შექმნილა „ხასანბეგურასა“ და „ჩაკრულოს“ ფასი”

4 აგვისტო, 2017

– ეს სიტყვები ცნობილ ქართველ კომპოზიტორს რეზო ლაღიძეს ეკუთვნის:

“ქართველ ერს არ გააჩნია ხალხურ სიმღერაზე უფრო დიდი განძი. ჩემი აზრით, არაფერი შექმნილა „ხასანბეგურასა“ და „ჩაკრულოს“ ფასი.

დიდი მომღერალი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ, გულწრფელად რომ გითხრათ, თითქმის ყველა კუთხის სიმღერა ვიცი.

ძალიან ბევრი მიწანწალია, ამ სიტყვის ფართო გაგებით. მიწანწალია თოფით, ძაღლით, ბადით. საქართველოს ყველა მდინარეზე მაქვს ნასროლი ბადე. წყლის გიჟი ვარ. წყალი საოცრად მიყვარს, ალბათ, იმიტომ, რომ ლაღიძე ვარ. საქართველოს თითქმის ყველა წყაროს ტემპერატურა გაზომილი მაქვს. მივსულვარ ყველა წყაროსთან, სადაც კი მიაღწევდა მანქანა და ჩემი სათევზაო ამუნიცია.

საოცრად მიყვარს ქართველ გლეხკაცთან გაბაასება. სიგარეტს მივაწვდი, საუბარში გამოვიწვევ, განგებ შევეკითხები: „საით მიდიხარ, ბიძია? საიდან მოდიხარ?“ საოცრად მოქმედებს ჩემზე სათნო მოხუცთან გასაუბრება.

მიყვარს ჩემი ქვეყანა, მისი ყველა კუთხე-კუნჭული, მშობლიური იმერეთი, ქართლი, კახეთი, გურია, სამეგრელო… აქედან მოდის ხალხური სიმღერების სიყვარულიც. ჩემი სისხლია ეს.

სიმღერა ნოტებით არასდროს მისწავლია. ღმერთმა ნურც მასწავლოს. ნოტით ვერ ისწავლი ხალხურ სიმღერას, უნდა ბევრი იწანწალო, უნდა შეგესოს შენი მიწა-წყლის ეკალი. ექსკურსანტად შენს ქვეყანას არ უნდა მოევლინო. ექსკურსიით შენს ხალხს ვერ გაიცნობ.”

გააზიარეთ

 
...