ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის სიკვდილის საიდუმლო

1 აგვისტო, 2017

“პატარა უფლისწული” ყველასთვის განსაკუთრებულად საყვარელი ნაწარმოებია. მისი ავტორი ცნობილი ავიატორი ჟან ბატისტ მარი როჟე დე სენტ ეგზიუპერი – ანტუან დე სენტ-ეგზიუპერია. როდესაც ეს ნაწარმოები პირველად დაიბეჭდა, მის ავტორს ფართო საზოგადოება უკვე კარგად იცნობდა და ეგზიუპერი პატივსაცემი მწერალი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ მას დიდხანს არ უცოცხლია, მთელი ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ალაპარაკება შეძლო და თავისი ექსტრავაგანტული ცხოვრებით, თუ სარისკო სიტუაციებისადმი ლტოლვით საინტერესო ცხოვრებით იცხოვრა.

”არტინფო”  ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებს გაგაცნობთ:

მწერალი საფრანგეთის ქალაქ ლიონში 5-შვილიან ოჯახში დაიბადა. მამის გარდაცვალების შემდეგ, ის ჯერ იეზუიტების დახურულ სკოლაში მიიყვანეს, შემდეგ კი შვეიცარიაში კათოლიკურ სასწავლებელში გაგზავნეს.

მოგვიანებით მწერალი კვლავ საფრანგეთში დაბრუნდა და პარიზის ხელოვნების უნივერსიტეტში არქიტექტურის შესწავლა დაიწყო. მიუხედავად დიდი მცდელობისა, ის პარიზის ელიტურ საზოგადოებაში ვერ მოხვდა.

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერისთვის 1921 წელი საბედისწერო აღმოჩნდა, როდესაც იგი ჯარში გაიწვიეს. ერთი წლის განმავლობაში მწერალი მფრინავის პროფესიას ეუფლებოდა და როდესაც თვითმფრინავის მართვის მოწმობა აიღო, მაშინ მიხვდა, რომ ფრენა მისი მთავარი მოწოდება იყო.

ყველაზე მძიმე წლები მისთვის ომის პერიოდი იყო. პროფესიით არქიტექტორს სამსახურის შოვნა განსაკუთრებით გაუჭირდა, ამიტომ ნებისმიერ სამსახურზე თანხმდებოდა. მძიმე წლები და სხვადასხვა პროფესიებით მიღებული გამოცდილება იმით დასრულდა, რომ მწერალმა ავიაკომპანია “აეროპოსტალში” მფრინავად დაიწყო მუშაობა. წარმატებულ პროფესიულ კარიერას პირად ცხოვრებაში წარმატებებიც დაერთო. სამხრეთ ამერიკაში მუშაობისას მან ორჯერ დაქვრივებული მწერალი და მხატვარი კონსუელო სუნსინი გაიცნო, რომელიც მისი ცხოვრების უდიდეს სიყვარულად იქცა და ცოლადაც შეირთო.

წყვილი არგენტინაში ცხოვრობდა. ეგზიუპერი იმ პერიოდში უკვე საკმაოდ წარმატებული იყო. მეუღლე მას ერთი წუთითაც არ ტოვებდა და სულ თან დაჰყვებოდა. დაუსრულებელი მოგზაურობები იმით დამთავრდა, რომ ისინი პარიზში დასახლდნენ. ფრანგულმა ბოჰემურმა ცხოვრებამ ისე გააბრუა მწერლის მეუღლე, რომ მან რამდენჯერმე უღალატა მეუღლეს, მაგრამ ამ თემასთან დაკავშირებიც ეგზიუპერი ხშირად ამბობდა, რომ მისთვის სტრესის მოხსნის საუკეთესო საშუალება ლამაზ მანდილოსანთან დროის გატარება იყო. ასეთი ცხოვრების მიუხედავად, წყვილი ერთმანეთზე ეჭვიანობდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სკანდალებსაც აწყობდა. მწერლის მორიგი ღალატის გამო, კონსეულო თავის მოსაკლავად სახლიდან წავიდა, თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ სახლში დაბრუნდა და საღამოს ბარში წასვლაც დაგეგმა.

მწერალმა კარგად იცოდა, რომ მისი საყვარელი ქალი ოჯახის წევრებს არ უყვარდათ და მის მეუღლედ არ აღიარებდნენ. სკანდალები მათი ცხოვრების მუდმივი მეგზური გახდა. ერთ-ერთი ასეთი სკანდალის დროს კონსუელომ ეგზიუპერს იმპოტენტი უწოდა და მისი ყველაზე დიდი საიდუმლო გაამჟღავნა. სწორედ იმ ღამით მწერალი საჰარას მიდამოებში ავიაკატასტროფაში მოყვა და რომ არა ერთი ღვთისნიერი ბედუინი, “პატარა უფლისწულის” ავტორი სამშობლოში ვეღარასოდეს დაბრუნდებოდა.

მას დიდი წარმატებები ჰქონდა როგორც ავიაციაში, ასევე მწერლობაში. მისი “პატარა უფლისწული” უკვე გამოცემული იყო, როდესაც ამერიკაში, ნიუ იორკში მან მიიღო პრიზი ნაწარმოებისთვის “ქარი, ქვიშა და ვარსკვლავები”.

ანტიუან დე სენტ-ეგზიუპერის ხანმოკლე სიცოცხლე მას შემდეგ დასრულდა, როდესაც მწერალი კუნძულ სარდინიაზე გაფრინდა. მისი თვითმფრინავი უკვალოდ გაქრა. ნახევარი საუკუნის განმავლობაში მასზე არავინ არაფერი იცოდა. მხოლოდ ათეული წლების შემდეგ, მარსელის მახლობლად ერთმა მეთევზემ წყლის სანაპიროზე სამაჯური იპოვნა, რომელზეც ამოტვიფრული იყო “ანტუანი, კონსუელო, რეინალი და ჰიჩკოკი” – ეგზიუპერის საგამომცემლო სახლის სახელი.

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სამაჯური ნამდვილად ეგზიუპერის ეკუთვნოდა. საფრანგეთის მთავრობამ იმ ადგილას მაშინვე ექსპედიცია გააგზავნა, თუმცა მხოლოდ ათეული წლების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ თვითმფრინავი, სერიული ნომრით 2734-L, სავარაუდოდ, გერმანელი ჯარისკაცის მიერ იქნა ჩამოგდებული. თვითმფრინავის პილოტი კი ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი იყო.

მწერალზე უგონოდ შეყვარებულმა კონსუელომ მეუღლეს წიგნი მიუძღვნა – “ვარდის ამბავი”, რომელიც მისი სიკვდილიდან 20 წლის შემდეგ იქნა ნაპოვნი და გამოცემული. მასში დიდი ავიატორის ცოლმა აღიარა, რომ მეუღლეს ხშირად სახალხოდ იმპოტენტს გარკვეული მიზეზის გამო ეძახდა. ის საშინლად ეჭვიანობდა ქალებზე, რომლებიც მის ქმარს სულ კუდში დასდევდნენ და მოსვენებას არ აძლევდნენ.

გააზიარეთ

 
...