25 აგვისტო, 2017

სევდიანი კომედიების გენიალური რეჟისორი

კინორეჟისორი ცნობილი თავისი სევდიანი კომედიებით – ასე უწოდებს რეჟისორი გია დანელია საკუთარ თავს. მის ფილმებზე თაობები გაიზარდნენ და დღემდე “მიმინო”, “არ იდარდო!”, “აფონია”, “შემოდგომის მარათონი”, “პასპორტი” თუ “ქინ-ძა-ძა” მაყურებლისთვის განსაკუთრებულად საყვარელი სურათებია.

რეჟისორის ცხოვრება არ ყოფილა ია-ვარდით მოფენილი. მას ბევრ პრობლემასთან და დაბრკოლებასთან მოუწია გამკლავება, თუმცა სულით ხელოვანი მაინც არ გაბოროტდა.

“არტინფო” გთავაზობთ საინტერესო ეპიზოდებს გია დანელიას არც თუ ისე ხანმოკლე ცხოვრებიდან.

***

გია დანელია 6-7 წლის ასაკში მალარიით დაავადდა. ექიმმა მას წამალი გამოუწერა და მშობლები გააფრთხილა, რომ შესაძლებელია ბავშვის შარდს შეფერილობა შეეცვალა და ლურჯი გამხდარიყო. როგორც რეჟისორი ყვება, ის ბებიამ თეატრში წაიყვანა, სადაც სპექტაკლი “ლურჯი ფრინველი” გადიოდა. როდესაც შესვენების დროს მომავალი რეჟისორი ტუალეტში შევიდა და მოშარდვა დაიწყო, ზურგს უკან ხავერდოვანი ხმა მოესმა – არ მჯერა! ბავშვი შემობრუნდა და მის ზურგს უკან გენიალური სტანისლავსკი იდგა…
გია დანელია დღემდე ჯიუტად ამტკიცებს, რომ ეს ისტორია არ გამოუგონია და სინამდვილეა, თუმცა მაინც ამბობს – არ სჯერათ და ნუ სჯერათ!

***

ახალგაზრდობაში გია დანელია უფულოდ დარჩა და მამას დეპეშა გაუგზავნა: – მთელი ფული დავკარგე! მამამ კი საჩქაროდ დაუბრუნა პასუხი: – ჯიბე გაკერე!

***

გია დანელიას თითქმის ყველა ფილმის ტიტრებშია მოხსენიებული მსახიობი რენე ხობუა. რეჟისორის ყველაზე ერთგულ მაყურებელსაც კი არ შეუძლია თქმა, ვის როლს თამაშობს ეს მსახიობი. სინამდვილეში რენე ხობუა გია დანელიას არც ერთ ფილმში არ მონაწილეობს, უფრო მეტიც – ეს პიროვნება მსახიობი არასდროს ყოფილა.
გასული საუკუნის 60-იან წლებში გია დანელია რეზო გაბრიაძესთან ერთად მუშაობდა სცენარზე ფილმისთვის “არ იდარდო!” თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში მათ გაიცნეს ზუგდიდელი რენე ხობუა, რომელიც მშენებელი იყო და თბილისში მივლინებით იმყოფებოდა. სცენარისტებს ძალიან აინტერესებდათ რიგითი მაყურებლის აზრი და ფილმის სცენარზე მუშაობისას “ექსპერტად” მშენებელი ხობუა მიიწვიეს, რათა მას ორი ვერსიიდან საუკეთესო ამოერჩია. რენემ ცუდად იცოდა რუსული, ამიტომ საათობით იჯდა და ფილმისთვის შექმნილ ორ სცენარს მის ავტორებთან ერთად განიხილავდა. როდესაც გია დანელიამ და რეზო გაბრიაძემ სცენარების წარდგენა დაასრულეს და რენეს ჰკითხეს, რომელი ვერსია მოეწონა, მან გულწრფელად უპასუხა – ორივე!
თუმცა “ექსპერტის” ტანჯვა ამით არ დასრულებულა, სცენარისტებმა მას შესთავაზეს რამდენიმე სცენის განხილვა, რომელთა დამატებასაც ფილმში აპირებდნენ. რენე ხობუა უარს აცხადებდა ექსპერტობაზე, რადგან რუსული კარგად არ იცოდა და არ შეეძლო სცენარისტებისთვის კვალიფიციური რეკომენდაციები მიეცა. გაკვირვებულმა გია დანელიამ ჰკითხა:
– თუ რუსული არ გესმის, რატომ გვაქებდი?
ზუგდიდელმა მშენებელმა კი მაშინვე მიუგო:
– ისეთმა პიროვნებებმა დაწერეთ სცენარი, როგორ არ შემექო?!
საბოლოო რენე ხობუამ სცენარისტებისგან თავი იმ მიზეზით დააღწია, რომ მაღალჩინოსანთან სამშენებლო მასალბეთან დაკავშირებული შეხვედრა ჰქონდა დანიშნული და მთელი ზუგდიდი მას ელოდებოდა.
რენე ხობუას წასვლის შემდეგ, მისი დაკარგული დროის ანაზღაურების მიზნით, რეზო გაბრიაძემ იგი მსახიობთა სიაში ჩაწერა. თანაც ეს ერთი ფილმით არ შემოიფარგლა და ზუგდიდელი მშენებელის სახელი და გვარი გია დანელიას ყველა შემდგომ ფილმებშია მოხსენიებული.
მხოლოდ 20 წლის შემდეგ, ფილმის მემონტაჟემ ტატიანა ეგორიჩევამ რეჟისორს ჰკითხა: – ვის როლს თამაშობს ხობუა? რენე ხობუა “მონაწილეობს” გია დანელიას ფილმებში “არ იდარდო!” “ჰეკლბერი ფინის თავგადასავლები”, “აფონია”, “მიმინო”, “შემოდგომის მარათონი”, “ცრემლები ცვიოდა”, “ქინ-ძა-ძა”, “პასპორტი”, “ნასტია”, “არიოლი და რეშკა”, “ფორტუნა”.

***

როდესაც გია დანელია “აფონიას” იღებდა, ფილმში ცეკვის სცენების გადაღება ღამით დაიგეგმა:
“ცეკვების სცენისთვის მოვითხოვე თანამედროვე მუსიკოსები მოეყვანათ. მოიყვანეს ჯგუფი, გვკითხეს, რამდენს გადაუხდიდნენ დაკვრაში. აღმოჩნდა, რომ გადაღებებზე იმ დროისთვის ყველაზე პოპულარული და ამავე დროს ყველაზე აკრძალული ჯგუფი მოგვიყვანია. პირველი ჯგუფი იყო მაკარევიჩის “დროის მანქანა” და მეორე შახნაზაროვის “არაქსი”. ახლა ძალიან ვამაყობ, რომ “დროის მანქანა” პირველად ჩემს ფილმში “აფონია” გამოჩნდა.”

***

“ქინ-ძა-ძას” გადაღებების შემდეგ გია დანელიას ამერიკელი რეჟისორი დაუკავშირდა და მისი ფილმისთვის სპეცეფექტებზე მუშაობა შესთავაზა, რადგან აღფრთოვანებული იყო საფრენი აპარატით (გრავიცაპა):
“რეჟისორს ვუთხარი, რომ ჩემს ფილმში არანაირი სპეცეფექტებს ადგილი არ ჰქონდა და საფრენი აპარატი რუსი სამხედროების შექმნილი იყო.
ამერიკელი რეჟისორი თავდაცვის სამინისტროში მივიდა, საიდანაც მოგვიანებით დამირეკეს და მთხოვეს, ასე აღარ მეხუმრა.”

***

გია დანელია ერთ-ერთ ინტერვიუში ყვება, რომ რუსი ჟურნალისტის საუბარი მოისმინა ბარაკ ობამას დასთან.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა:
– რა იცის თქვენმა ძმამ რუსეთის შესახებ?
ბარაკ ობამას დამ უპასუხა:
– ჩვენი მშობლების სახლში იყო რაღაც იდიოტური ფილმის კასეტა, რომელსაც ჩემი ძმა დაუსრულებლად უყურებდა. შემდეგ კი ყველა კითხვაზე ასე პასუხეობდა – კუ!