8 აგვისტო, 2017

“როცა პირველი ბომბის ჩამოვარდნის ხმა გავიგე…”

მომღერალი ბესიკ ნემსაძე გორიდანაა და მისთვის ყველაზე მძიმედ გასახსენებელია 2008 წლის აგვისტოს ომი. აგვისტოს მოახლოებისთანავე მასში ის მოგონებები იღვიძებს, რომლებიც ამ ომს უკავშირდება:

“როგორი ვიყავი 9 წლის წინ? როცა პირველი ბომბის ჩამოვარდნის ხმა გავიგე… უფრო სწორედ ამ ხმამ გამაღვიძა და ძილის ბურანში დედაჩემის შეშლილ სახეს ვუყურებდი, ფანჯარა შემოტანილი იყო და დედა ოთახში ძლივს შემოვიდა, რომ დაეხედა ცოცხალი ვიყავი თუ არა…

არასოდეს დამავიწყდება იმ ჯარისკაცის სახე, დედაჩემს რომ ჩაეხუტა – “მაია დეიდა, შეიძლება დედა ვეღარ ვნახო და თქვენ ჩაგეხუტებითო”, არასოდეს დამავიწყდება სარდაფში გატარებული 4 დღე – შიში, მეზობლების გაფართოვებული თვალები სიბნელეში… და ფიქრი, რომ რამოდენიმე წუთში დაიბომბები, ბოღმა გახრჩობს, თვალებში სისხლი გადგება, ვერ ებრძვი, ვერ ამბობ, ვერ აკეთებ ვერაფერს…..

და ბოლოს, გთხოვთ გაავრცელოთ ეს პოსტი, რომ ის ბიჭები ვიპოვნო, ვინც ჩემს სარდაფში ჩავიყვანეთ გორში კულტურის სასახლის გვერდით… იქნებ ვინმეს გაახსენდეს… ის ღვინო, მამაჩემმა რომ დაალევინა, რომ შიში და ნერვიულობა გაექარწყლებინა მათთვის…. ის ტანსაცმელი, ჩვენ რომ მივეცით, რომ გზაში არავინ შეხვედროდა რუსი…”