19 ივლისი, 2017

ყაზბეგის (ხევის) ტურისტული რუკა გამოიცა

21 ივლისს, 18 საათზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ლომეკი“, რომელიც დაფუძნდა ყაზბეგის კულტურული მემეკვიდრეობის კვლევის, დაცვისა და პოპულარიზების მიზნით, „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ საგამოფენო დარბაზში გიწვევთ ფოტოგამოფენა „ძველი ხევის“ და „ყაზბეგის ტურისტული რუკის“ წარდგინებაზე.

ექსპოზიციაზე წარმოდგინილია XIX-XX საუკუნეების ყაზბეგის (ხევის) კულტურის ძეგლებისა და ყოფა-ცხოვრების ამსახველი ფოტომასალა. თავმოყრილია სხვადასხვა კოლექციებსა და საცავებში დაცული 80-მდე ფოტო – სტეფანწმინდის ისტორიულ მუზეუმიდან, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის „ციფრული ფოტომატიანედან“, დიმიტრი ერმაკოვის და სხვა კერძო კოლექციებში დაცული ფოტომასალა.

ფოტომასალა ასახავს იმდროინდელი ხევის ისტორიულ-კულტურულ და ლანდშაფტურ გარემოს, აგრეთვე მოხევეთა ყოველდღიურობასა და წეს-ჩვეულებას.

გამოფენის მოწყობა უკავშირდება რუკის წარდგინებას და ამავდროულად იგი შეიცავს გარკვეულ გზავნილს, რათა მეტი ყურადღება დაეთმოს კულტურული მემკვიდრეობის ავთენტურობის დაცვას.
„ყაზბეგის ტურისტულ რუკაზე“ – სატექსტო ნაწილში წარმოდგენილია ხევის 30-მდე კულტურისა და ბუნების ძეგლი თანდართული ფოტოებით. ძეგლები მხატვრულ-ისტორიული და სანახაობითი ღირებულიების მიხედვით შეირჩა.

რუკაზე მუშაობისას ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით (ივანე ჯავახიშვილის „საქართველოს ისტორიული რუკა”; „საბჭოთა ტოპოგრაფიული რუკა”) და ადგილობრივ მოსახლეობასთან მუშაობის შედეგად, დაზუსტდა და გადამოწმდა ტოპონიმები, რომლებიც ბოლო დროინდელი მოვლენების გამო ზოგ შემთხვევაში დაკარგული იყო, ან დამახინჯებული სახელწოდებით გვხვდებოდა. თუმცა, აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრა სამომავლო საქმედაც გვესახება.

აღსანიშნავია, რომ „ყაზბეგის (ხევის) ტურისტული რუკა“ მსგავსი შინაარსით და ფორმით პირველად გამოიცა.

რუკაზე მუშაობდნენ გიორგი ზაგაშვილი, ანა გელაშვილი, იაგო კაზალიკაშვილი, დავით გაჩეჩილაძე, ოთარ წამალაიძე.

ფოტოები: ვანო ფიცხელაური, პაატა ვარდანაშვილი, ოთარ წამალაიძე, გიორგი გომიაშვილი.

საკონტაქტო პირი: ანა გელაშვილი 558 191890; gelashvili_a@yahoo.com