21 ივლისი, 2017

სიკვდილის გზას მიყენებული 80 წლის ხელოვანი სამართლიანობას ელის

პანტომიმის თეატრის დამაარსებელი, მაესტრო ამირან შალიკაშვილი ბიძინა ივანიშვილს სპეციალური განცხადებით მიმართავს:

“ბატონო ბიძინა, მოგმართავთ თხოვნით, მახსოვს თქვენი პირველი ყურადღება საბჭოთა კავშირში პანტომიმის თეატრის დაარსების შესახებ. მაშინ ეს დიდი მოვლენა გახლდათ. მას შემდეგ თეატრმა გაიარა მძიმე პერიოდი, სახელმწიფო თეატრს სახელმწიფომ შენობა გაუყიდა 2012 წელს. ეს ინციდენტი ერთადერთი შემთხვევაა მსოფლიო თეატრალურ სამყაროში. არც ერთ მეფეს, არც პრეზიდენტს თეატრის შენობა არ გაუყიდია.

საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრი საქართველოს მთავრობამ გარეთ დატოვა, მას წაართვეს წინა მთავრობის მიერ კანონით კუთვნილი შენობა. შენობა, სადაც ამჟამად განთავსებულია თეატრი, რუსთაველის გამზირი N37-ში.

ამ შენობაში ქართული მოზარდმაყურებელთა თეატრი მოღვაწეობდა 100 წელი. თეატრმა თეატრს მემკვიდრეობით გადასცა შენობა. მემკვიდრეობით გადაცემული შენობა გაყიდა ნაციონალურმა მთავრობამ.

კანონით მოცემულ შენობას არ გვიბრუნებს ეკონომიკის სამინისტრო. მე, როგორც ამ ჟანრის ფუძემდებელი მისი 50 წლის მანძილზე, სამხატვრო ხელმძღვანელი მოგმართავთ თქვენ, თქვენი ყურადღების გარეშე ეს ჟანრი დაიღუპება და მან, ვინც განწირულის გზას გაუყენა ეს უნიკალური თეატრი, პასუხი უნდა აგოს ერის წინაშე.

სიკვდილის გზას მიყენებული 80 წლის ხელოვანი ამირან შალიკაშვილი სამართლიანობას ველი.”