17 ივლისი, 2017

პანტომიმის თეატრის შენობა 1 ლარად მეორედ იყიდება

პანტომიმის თეატრის შენობა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მდებარეობს, უკვე მეორედ 1 ლარად იყიდება.

როგორც თეატრის მესვეურები აცხადებენ, თუ ვინ გაყიდა პირველად თეატრი 1 ლარად და ვინ ყიდის ახლა მეორედ 1 ლარად თეატრს, ამას ფართო საზოგადოება 29 ივლისს აქციის დროს შეიტყობს.

გავრცელებული ინფორმაციით, პანტომიმის თეატრი სეზონს აღარ ხურავს. დღეს 52 სეზონი უნდა დახურულიყო მაგრამ ხალხის მოთხოვნით და ასევე თეატრის შენობის პრობლემის მოუგვარებლობის გამო, შალიკაშვილის თეატრი სეზონს არ დახურავს და მთელი ზაფხული ყველა თანამშრომელი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.

მეტიც – 23 ივლისსს მაყურებლის დიდი თხოვნით, ინიშნება გახმაურებული სპექტაკლი “ვეფხისტყაოსანი”, რომელშიც კიდევ ერთხელ 79 წლის ასაკში ამირან შალიკაშვილი ითამაშებს შოთა რუსთაველს, რათა ეს უნიკალური ფაქტი ყველამ უნდა ნახოს.

29 ივლისს თეატრი გეგმავს თეატრალურ აქციას და მთელი კოლექტივი მოითხოვს თეატრის შენობასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას. არ არის გამორიცხული, აქციის შემდეგ, მსახიობებმა და თეატრის დირექტორმა დაიწყონ შიმშილობა, სანამ შალიკაშვილის თეატრს არ გადაეცემა თავის კუთვნილი თეატრის ტერიტორია. მათი ინფორმაციით, შენობა ეკონომიკის მინისტრის ხელით მეორეჯერ იყიდება და მყიდველი ისევ ის ზარალაა, ვინც შენობა პირველად იყიდა.

კულუარული ინფორმაციით, ზარალა საერთოდ არ აპირებს რაიმე ნაბიჯების განხორციელებას და მზად არის, 52 წლის თეატრი გააგდოს ქუჩაში და პანტომიმის თეატრის დაამაარსებელი მაესტრო ამირან შალიკაშვილი, რომელიც უკვე თავს შეუძლოდ გრძნობს, სიცოცხლის ბოლოს რუსთაველის პროსპექტის ანაბარა დატოვოს.