20 ივლისი, 2017

“იძულებული ვარ, წერილით მოგმართოთ”

თეატრალური უნივერსიტეტის პროფესორი, დრამის ფაკულტეტის დეკანი, რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს ბატონ მიხეილ გიორგაძეს ღია წერილით მიმართავს.

გიორგი შალუტაშვილი:

“მსურდა უნივერსიტეტში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ საჯაროდ გადამეხადა თქვენთვის მადლობა, მაგრამ ახლა იძულებული ვარ სრულიად სხვა შინაარსის წერილით მოგმართოთ:
ცოტა ხნის წინ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ,,საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2017 წლის 15 ივნისის N 03/196 ბრძანებით შეიქმნა სახელმწიფო პროფესიული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭო“. გამოქვეყნდა საბჭოს წევრთა შვიდკაციანი შემადგენლობაც.

ამ განცხადებაში განსაკუთრებული არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი – 2013 წელს საქართველოს თეატრებისა და თეატრალური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სარეკომენდაციო საბჭოს წევრები აირჩიეს. წელს კი შეიცვალა სამინისტროს დებულების შესაბამისი მუხლი და საბჭოს წევრთა განახლებული შემადგენლობა ბრძანებით დაინიშნა (საბჭოს წევრთა შორის ჩემი მეგობრები და კოლეგები არიან, მაგრამ მე ახლა პრინციპებზე ვსაუბრობ და არა პიროვნებებზე). თავს უფლებას ვაძლევ ამ საკითხთან დაკავშირებით გამოვთქვა ჩემი მოსაზრება, რადგან ჩემს კოლეგებთან ერთად უშუალოდ ვმონაწილეობდი სარეკომენდაციო საბჭოს დებულებისა და პროფესიული თეატრების შესახებ საქართველოს კანონის შემუშავებაში, ხოლო სარეკომენდაციო საბჭოების შექმნის იდეა პირადად მე მეკუთვნის. ამ იდეაში ორიგინალური არაფერია, რადგან ყველა განვითარებულ ქვეყანაში სახელოვნებო და შემოქმედებით პროცესებს მართავენ და მონიტორინგს უწევენ სხვადასხვა სახის პროფესიული გაერთიანებები, გილდიები, ლიგები და კავშირები. როდესაც კულტურის სამინისტროს სარეკომენდაციო საბჭოს დებულებაში წევრთა არჩევის წესი შეგვქონდა, ვხელმძღვანელობდით სამი ძირითადი პრინციპით:

1. უკლებლივ ყველა თეატრს უნდა მისცემოდა საშუალება მონაწილეობა მიეღო იმ საბჭოს ფორმირებაში, რომელიც მათი ხელმძღვანელების დანიშვნის საკითხს გადაწყვეტდა (სარეკომენდაციო საბჭო ატარებდა კანდიდატთა შესარჩევ კონკურსს და შედეგად გასცემდა რეკომენდაციას).

2. უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო საბჭოს მაღალი ლეგიტიმაცია და დამოუკიდებლობა. არჩევითობის პრინციპი სწორედ ამას ემსახურებოდა.

3. მინისტრის საბოლოო გადაწყვეტილების მიმართ ნდობა მაღალი უნდა ყოფილიყო – ამას თეატრალური წრეების ფართო ჩართულობა განაპირობებდა.

შესაბამისად, მაქსიმალურად იყო უზრუნველყოფილი კონკურსის ღიაობა და გამჭვირვალობა, ხოლო პასუხისმგებლობა თანაბრად იყო მხარეებზე გადანაწილებული.

ამით გვსურდა მაქსიმალურად დავახლოებოდით თეატრების მართვის ევროპულ მოდელებს. ვიმეორებ, ამაში ახალი არაფერია, ისევე როგორც, არაფერია ახალი საბჭოს წევრთა დანიშვნის ახლად ამოქმედებულ წესშიც. ის უკვე აპრობირებული მოდელია და მას 2013 -2014 წლებში ,,წარმატებით“ იყენებდნენ ,,ნაციონალური მოძრაობის“ არაკეთილსინდისიერი ჩინოვნიკები მუნიციპალურ დონეზე. სწორედ დანიშნული საბჭოს წევრების საშუალებით და სხვადასხვა მანიპულაციებით ახერხებდნენ ისინი თავიანთი კანდიდატები ,,გაეთრიათ“.

ასე აღმოჩნდა დოსტოევსკის თეატრალური ფესტივალის გრან-პრისა და პოლონეთის წლის საუკეთესო რეჟისორის (ანჯეი ვაიდასთან ერთად) ტიტულის მფლობელი, თურქეთის პროფესიული სამსახიობო სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი დამარცხებულთა სიაში, ხოლო თეატრის ხელმძღვანელის პოსტი ჩაიბარა პიროვნებამ, რომელიც საზოგადოებისთვის მხოლოდ იმით იყო ცნობილი, რომ ერთ-ერთი საპროტესტო აქციის დარბევის აქტივისტი იყო. ასეთი ,,კონკურსების“ ჩატარების შემდეგ ჩინოვნიკები მადლობას სხვადასხვა ფორმით უხდიდნენ შემსრულებელებს. (თუ რა ხასიათის იყო ეს ,,მადლობები“, მათი შინაარსი, ფორმები თუ მასშტაბები, თქვენ მიერ დანიშნული საბჭოს ერთ-ერთ წევრს შეგვიძლია ვკითხოთ – ამ მანიპულაციების უშუალო ,,ავტორს“ და შემსრულებელს).

პროფესიულ წრეებში ახალი საბჭოს კომპლექტაციასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა გაჩნდა:

1. თუ პროფესიონალი თეორეტიკოსებით დაკომპლექტდა საბჭო, რატომ აღმოჩნდნენ დიპლომირებული თეატრმცოდნეები უმცირესობაში?!

2. თუ პრაქტიკოსებით დაკომპლექტდა საბჭო, რატომ არ არიან მის შემადგენლობაში რეჟისორები და მსახიობები?!

3. როგორ უნდა გადაწყვიტონ კონკრეტული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელთა ბედი საბჭოს იმ წევრებმა, რომლებიც იმავე თეატრებში მუშაობენ (ეს ინტერესთა კონფლიქტია)?!

4. რა პრინციპით ხელმძღვანელობდა სამინისტრო საბჭოს წევრთა დანიშვნისას და რატომ არ გახდა ეს პრინციპი საჯარო?!

თუმცა ეს კითხვები ნაკლებად მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რადგან მთავარი სხვა, ფუნდამენტური შინაარსის მქონე პრობლემაა – დებულებაში შეტანილი ცვლილება შესაბამისობაში არ მოდის კულტურის სტრატეგიის დოკუმენტთან, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა. აქ შავით თეთრზე წერია – ,,საქართველოს მთავრობა მიზნად ისახავს კულტურულ ცხოვრებაში ფართო საზოგადოების ჩართულობას და კულტურის მართვის დემოკრატიზაციას“. ცვლილება ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის მიზნებს.

მინდა აღვნიშნო, რომ საზოგადო ინტერესების გარდა სხვა არაფერი მამოძრავებს, მითუმეტეს, რომ კონკურსში მონაწილეობას არ ვაპირებ. ეს არ არის ჩემი პროტესტი. მიზეზი მარტივია – ამჟამად შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი იმდენად დიდი საერთაშორისო გამოწვევების წინაშე დგას (იხილეთ P.S), რომ ამ საქმეს ძალისხმევას ვერ მოვაკლებ.

მერწმუნეთ, სულ მცირე დროში შეგვიძლია თბილისი გადავაქციოთ მსოფლიო თეატრალური სტუდენტური ცხოვრების მექად. ჩვენი საერთაშორისო ურთიერთობები და ავტორიტეტი ამის სრულ საფუძველს გვაძლევს.

ნამდვილად მერჩივნა ეს ყოფილიყო ჩემი მიმართვის და ჩვენი დიალოგის მთავარი თემა, მაგრამ წერილში წამოჭრილი პრობლემა უშუალო კავშირშია ჩვენს უნივერსიტეტთანაც. თუკი ქართულ თეატრალურ სივრცეში არ განვითარდება დემოკრატიული პროცესები, არ შეიქმნება ჯანსაღი კონკურენტული გარემო, არ იქნება გათვალისწინებული დასავლეთის გამოცდილება, არ ჩამოყალიბდება დარგის განვითარების კონცეფცია და თითოეულ შემოქმედს საქართველოში არ მიეცემა თავისი ნიჭის მაქსიმალური გამოვლენის საშუალება, მაშინ რა აზრი აქვს ჩვენს ევროპულ მიღწევებსა თუ მსოფლიო წარმატებას. ჩვენ წინაშე უამრავი გამოწვევაა და აუცილებელია ჩვენი ერთიანი ძალისხმევა. დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია. არ იფიქროთ, რომ ჩემი წერილი საზოგადოების ყურადღების მიქცევას ისახავდეს მიზნად. ამ თემასთან დაკავშირებით შარშან უკვე მოგმართეთ თხოვნით, შეგვხვედროდით. ამ თხოვნას ჩემთან ერთად მრავალი რეჟისორი აწერს ხელს. წერილი 2016 წლის 15 აპრილით არის დათარიღებული და მისი ნომერია 070115085142816.

პატივისცემით,
გიორგი შალუტაშვილი
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, დრამის ფაკულტეტის დეკანი

P.S. უნივერსიტეტის ბოლო წლების საერთაშორისო წარმატებებიდან მხოლოდ სამ ფაქტს მოვიყვან:

• ლონდონის კულტურული ოლიმპიადის ფარგლებში ჩატარდა თავისი მასშტაბით უპრეცედენტო მსოფლიო სტუდენტური თეატრალური ფესტივალი. მისი ორგანიზატორები იყვნენ შექსპირის სამეფო საზოგადოება, ლონდონისა და ედინბურგის თეატრალური ფესტივალები, LAMDA (ლონდონის მუსიკისა და დრამატული ხელოვნების აკადემია), ხოლო მედია-მხარდამჭერი ,,Sunday Times“. ფესტივალში მონაწილეობდა მსოფლიოს ათი საუკეთესო სპექტაკლი – მათ შორის ჩვენი უნივერსიტეტის სადიპლომო სპექტაკლი ,,ჩვენი ქალაქი“ და ათი საუკეთესო წარმოდგენა ბრიტანეთიდან.

ისეთმა ავტორიტეტულმა ჟურნალებმა, როგორებიც არიან ,,STAGE” და ,,Teaching Drama Magazine” ფესტივალის ,Highlight”-ად დაასახელეს ქართული სპექტაკლი, ,,Sunday Times“ წერდა მსახიობთა მაღალ ოსტატობაზე, ხოლო ჰარვარდის უნივერსიტეტის ხელოვნების ბლოგი ,,სპექტაკლის ვირტუოზულ დადგმასა და შესრულებაზე“. სამ ქართველ მსახიობს მიენიჭა ჟიურის ორი სპეციალური პრიზი და პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.

ჟიურის წევრები იყვენენ:

1. რიჩარდ შიფი – რეჟისორი და მსახიობი, მანჰეტენის სარეპერტუარო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი (ნიუ-იორკი);

2. რობერტ ჰიუსონი – თეატრმცოდნე, კრიტიკოსი, ,,Sunday Times“-ის თეატრალური სექციის ხელმძღვანელი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი;

3. ჯონ გოდბერი – დრამატურგი, სცენარისტი, ლოურენს ოლივიეს სახელობის პრემიისა და ლოს-ანჯელესის კრიტიკოსთა ასოციაციის პრიზის მფლობელი. დიდი ბრიტანეთის ხელოვნების სამეფო საზოგადოების წევრი, ლივერპულის უნივერსიტეტის პროფესორი.

• პეკინში მსოფლიოს თორმეტმა წამყვანმა თეატრალურმა სკოლამ დაარსა WTEA – მსოფლიო თეატრალური განათლების ალიანსი. დამფუძნებელთა შორის არის ჩვენი უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის რექტორს გიორგი მარგველაშვილს მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება და პეკინის დრამის აკადემიის მედალი ,,ალიანსის დაარსებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“. ალიანსი ყოველწლიურად ჩაატარებს თეატრალურ კონფერენციებსა და ფესტივალებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ის დღეს უკვე მოქმედებს UNESCO-ს ეგიდით (ეს უპრეცედენტო შემთხვევაა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში).

• ლოძის (პოლონეთი) კინოს, ტელევიზიისა და თეატრის ინსტიტუტმა (ეს ინსტიტუტი დაამთავრეს რომან პოლანსკიმ, ანჯეი ვაიდამ, ქშიშტოფ ზანუსიმ, ქშიშტოფ კიშლოვსკიმ, ტადეუშ რუჟევიჩმა, ხოლო საპატიო დოქტორები არიან ვიტორიო სტორარო და მარტინ სკორსეზე) ევროპის თეატრალური სკოლების კონფერენციის ფარგლებში დრამის ფაკულტეტის სამსახიობო ჯგუფებში მასტერკლასების ჩასატარებლად მიგვიწვია ხუთი პროფესორი მთელი მსოფლიოდან:

ჯეკ გარფეინი – ამერიკული სამსახიობო სკოლის ლეგენდარული წარმომადგენელი, ჰოლივუდის სამსახიობო სკოლის დამფუძნებელი პოლ ნიუმანთან ერთად, სემუელ ბეკეტის და ,,ROY“ თეატრების დამფუძნებელი.

კაროლ როზენფელდი – ნიუ-იორკის ,,HB Studio”-ს დირექტორი.

მიშაელ კელერი – ერნსტ ბუშის სკოლის (ბერლინი) თეატრალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბრეხტის სკოლის წარმომადგენელი.

დრაგანა ვარაგიჩი – ბელგრადის ხელოვნების აკადემიის პროფესორი, კანადის წლის საუკეთესო მსახიობი ქალის ტიტულის ორგზის მფლობელი.

და თქვენი მონა-მორჩილი. კონფერენციაზე წავიკითხე მოხსენება ქართულ თეატრსა და სამსახიობო სკოლაზე და დღეს ინტენსიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ გაცვლით პროექტებზე მსოფლიო თეატრალური განათლების ამ ლეგენდარულ წარმომადგენლებთან.

ამ ფაქტების მოყვანა წერილის ბოლოს მხოლოდ იმისთვის დამჭირდა, რომ ნათელი გამხდარიყო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლებისა და ჩვენი ახალგაზრდა თაობის ღირსეული მომავლისათვის.”