19 ივლისი, 2017

“ამას ახალგაზრდობის გასაგონად ვამბობ…”

მწერლისა და პოეტის ოთარ ჭილაძის შემოქმედება სულ უფრო აქტუალურია და ჩვენს ყოველდღიურობას ყველაზე ზუსტად ასახავს.

“არტ ინფო” გთავაზობთ ოთარ ჭილაძის მოსაზრებას, რომელიც ჩვენი სამშობლოს და თანამემამულეების დღევანდელ ყოფას ესადაგება:

“… დიახ, კაცი იმედით ცოცხლობს, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, გულხელდაკრეფილნი დაველოდოთ მომავალს…

გაანძრიეთ ხელი და გადარჩებითო – უთხრა ღმერთმა ქარიშხალში მოხვედრილ მენავეებს. ხელს თუ გავანძრევთ, ესე იგი, მოსწავლე თუ ისწავლის, მშრომელი თუ იშრომებს, მეომარი თუ იომებს, შეგნებულად თუ არ გავუტეხთ სახელს მასწავლებელს, ექიმს, მოსამართლესა თუ მწერალს…

დაუნანებლად და დაუფიქრებლად თუ არ გავაჩუქებთ მამა-პაპის სისხლითა და ოფლით მონაგარს და, რაც მთავარია, თუკი დროულად დავიბრუნებთ ეროვნული ღირსებისა და სიამაყის გრძნობას, რასაკვირველია, ჩვენც გადავრჩებით.

სხვათა შორის, დღეს, ოცდამეერთე საუკუნის გარიჟრაჟზე, არათუ დამოუკიდებლად არსებობა, არამედ დამოუკიდებლად დაღუპვაც ძნელია, სირცხვილზე რომ არაფერი ვთქვათ. გაურკვეველი მომავლისკენ მიმავალნი, მთასვლელებივით, ერთმანეთზე ვართ გადაბმულნი და ვინც არ უნდა მოწყდეს კლდეს, გინდაც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სიბრიყვის გამო, ყველამ უნდა შევაშველოთ ხელი.

ასე რომ, საქართველოს დაღუპვა თუ უწერია, მხოლოდ დანარჩენ კაცობრიობასთან ერთად დაიღუპება, სულერთია, კაცის გონების ნაყოფი იქნება ეს გრანდიოზული კატასტროფა, თუ ბუნების ბნელი ძალებისა.

მაგრამ, იმედი ვიქონიოთ, ადამიანსაც ეყოფა მოთმინება და ბუნებასაც. პოეტისა არ იყოს, საქართველო უკეთესი მომავლის ღირსი ქვეყანაა და ამას, უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდობის გასაგონად ვამბობ…”