9 ივნისი, 2017

მედეა კუჭუხიძის 80 წლის იუბილე მოზარდ მაყურებელთა თეატრში

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში, საქართველოს სახალხო არისტის, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატის, რეჟისორ მედეა კუჭუხიძის 80 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საღამო 12 ივნისს გაიმართება.

მედეა კუჭუხიძეს 80-მდე წარმოდგენა აქვს დადგმული საქართველოს არაერთ თეატრში. საიუბილეო საღამოზე რეჟისორს ხელოვნების ქურუმის წოდებით დააჯილდოვებენ.

მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში მედეა კუჭუხიძის მიერ 1964 -2008 წლამდე დადგმულ რეზონანსულ სპექტაკლებს შორის აღსანიშნავია: ჩიკამაცუს „შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე“, რომელიც თეატრ „კაბუკის“ მიწვევით 1991 წელს იაპონიაში წარადგინეს. ლალი როსებას „პროვინციული ამბავი“, რომელიც დაჯილდოვდა მარჯანიშვილის პრემიით, საკავშირო თეატრალურმა საზოგადოებამ რეჟისორი საგანგებოდ მიიწვია მოსკოვში, ლალი როსებას „პრემიერა“, რომელიც წლის საუკეთესო სპექტაკლი გახდა, ნიკო ლორთქიფანიძის „ჟამთა სიავე“ – სპექტაკლის სცენოგრაფია – მხატვარი გ.გუნია, საუკეთესო სცენოგრაფიის მსოფლიო ათეულში შეიყვანეს…

მედეა კუჭუხიძემ განახორციელა დადგმები რუსთაველის, გრიბოედოვის, სოხუმის აკადემიური თეატრების სცენებზე. განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა სპექტაკლებმა „მინის სამხეცე“ რუსთაველის თეატრში 1971 წელს, „ანა ფრანკის დღიური“ გრიბოედოვის თეატრში 1964 წელს.

მედეა კუჭუხიძე არის ავტორი რამდენიმე პიესის და ინსცენირების, ეწევა პუბლიცისტურ საქმიანობას.
მის აღზრდილ რეჟისორებსა და მსახიობებს შორის არიან ავთანდილ მახარაძე, გურამ ფირცხალავა, ბერტა ხაფავა, ნუკრი ქანთარია, ხათუნა იოსელიანი, რუსუდან მაყაშვილი, ნინო მუმლაძე და სხვანი.

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის დიმიტრი ხვთისიაშვილის მიწვევით 2013 წელს მედეა კუჭუხიძემ მოზარდში ჰოფმანის „პატარძლის ამორჩევა“ დადგა.