11 ივნისი, 2017

იქნებ არ არის გვიან, რომ არ დაიღუპოს სამუდამოდ ბახალა!

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი იგივე ბახალა მაყურებელმა მუსიკალური გადაცემით “იმღერე რამე” გაიცნო.

მოგვიანებით მსახიობმა რამდენიმე გახმაურებულ სერიალშიც მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იყო “ტფილისი”.

დღეს ბახალა პატიმარია. მისი გათავისუფლების მოთხოვნით ინტერნეტში manifest.ge-ზე ხელმოწერები გროვდება. ინფორმაციას მსახიობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მსახიობის მეგობარი თინათინ ასათიანი ავრცელებს:

“პირადად მე მრცხვენია, რომ ამდენ ხანს ვდუმდით, მაგრამ საქმე დიდ ხანს ისე მიმდინარეობდა, რომ ბევრ ადამიანს ჰგონებოდა თითქოს ბახალა დიდ ნარკოდანაშაულში იყო გახვეული.

მას შემდეგ, რაც ექსპერტიზამ უარყო ბახალას კავშირი საზღვარზე ნარკოტიკული ნივთიერების გადმოტანთან დაკავშირებით, მეგობრებს და ოჯახის წევრებს შვების შეგრძნება დაგვეუფლა, არადა სწორედ მაშინ უნდა ავხმაურებულიყავით, სწორედ პროკურატურის ვერსია იყო ბახალას კავშრი კონტრაბანდასთან!

გესმით როგორი მადლობელები უნდა ვიყოთ ეს რომ არ დაუმტკიცდა?. ბახალა არ აღიარებს დანაშაულს და სასამართლოზე მან გასვლისას თქვა, რომ მე დავამტკიცებ ჩემს უდანაშაულობასო. მას დღეს ჩვენი გვერდზე დგომა სჭირდება და ამას იმიტომ არ ვამბობ ასე ხმამაღლა, რომ მისი მეგობარი ვარ, უბრალოდ ყველა დეტალი რაც საქმეშია ამაზე მეტყველებს. ზუსტად ვიცი, რომ ის ჯიბით ნარკოტიკს არ ატარებდა! ალბათ ნებისმიერი მისი მეგობარი დაადასტურებს ამას!

გთხოვთ მოაწეროთ ხელი და იქნებ არ არის გვიან და არ დაიღუპოს სამუდამოდ ბახალა! რახან ხმა ამოვიღეთ, ახლა ვეღარაფერი შეგვაჩერებს!”