13 ივნისი, 2017

“საქართველოში დღეს ქართველობას საკუთარი ჭერი არა აქვს…”

მწერალი გურამ ქართველიშვილი თავის პროექტზე “გააგრძელე საქართველოს ისტორია” საზოგადოებას უახლოეს ინფორმაციას ამცნობს:

“იმიტომ წავშალე ყველა პოსტი, რომ მხოლოდ ეს წაიკითხოთ და კიდევ ერთხელ გაიაზროთ, რა შედეგი მოყვება ამას საქართველოს სახელმწიფოსთვის…

ჩემს ადგილას, ალბათ, ყოველი პირველი თუ არა მეორე ადამიანი, დიდი ხნის წინ დადებდა საბანკო ანგარიშს, ამ უკვე ყბადაღებული ტელეპროექტის ,,გააგრძელე საქართველოს ისტორიას,, გადასარჩენად. მე ეს ვერ გავაკეთე. ვერ ვაიძულე თავი … საზოგადოებრივზე ვმუშაობ და ალბათ ამიტომაც. ამ წერილის წაკითხვის შემდეგ, იქნებ ჩართოთ ტელევიზორები და ცოტა ხნით მაინც შეავლოთ თვალი საზ მაუწყებლის ეთერს, რომლის შესაქმნელად თქვენი ანუ საბიუჯეტო ფული იხარჯება. საქმეში ჩახედული კაცის თვალი მაშინვე შენიშნავს, რომ საზ.მაუ-ს წლიური ბიუჯეტი 44 000 000 და მის მიერ ამ ფულით შექმნილი ტელეპროდუქცია ცა და დედამიწასავით შეუსაბამოა. ნეტავ რატომ ხდება ასე?

ამისთვის ისევ ,,გააგრძელეს,, მივმართოთ, რომელიც 2016 წლის დეკემბერის ბოლოს გააჩერეს და იანვრის დასაწყისიდან ვიბრძვი მის ეთერში დასაბრუნებლად. აქვე სათქმელია, რომ მე პირადად არაერთი მაღალი პერსონის კარიც ავატალახე, მაგრამ უშედეგოდ. გულისხმიერი ადამიანები პრემიერმინისტრსაც კი შეხვდნენ, მაგრამ ვერავითარმა მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო. პირიქით, ამას მოჰყვა ტელევიზიაში კონკურსის ჩატარება. როგორც ჩემთვის მოსალოდნელი იყო, კონკურსის პირობებსა და გააგრძელეს პირობებს შორის იმხელა შეუსაბამობა აღმოჩნდა, რომ კონკურსში პროექტი ვერც კი შევიტანე. მონაწილეობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. თანაც ჟიურიში დასვეს ისეთი წევრებიც ვინც თავის მიერ დამზადებული ტელეგადაცემებით 0 რეიტინგი დადეს და სტუდიებს დასახურად გაუხადეს საქმე. ასეთები საზ. მაუში არასოდეს იკარგებიან. ერთმა მათგანმა კი ჯერ კიდე სამი წლის წინ კინაღამ შეიწირა ,,გააგრძელე,, თავისი ,,მეცადინეობით,,. სწორედ ასეთებმა შეიმუშავეს კონკურსის ჩვენთვის გადაულახავი პირობები. ასეთებს მიანდო არხის ახალმა ხელმძღვანელობამ კონკურსი, რომელმაც უნდა შექმნას თქვენგან მოსაწონი ტელეეთერი.

მე სხვა რაღა მაქვს დარჩენილი ტელევიზიიდან წამოსვლის გარდა, მაგრამ ვერაფრით გადავხარშე ის ცინიზმი, რასაც დირექცია ასე უტიფრად აგრძელებს. ახლა ეტყობა ვიღაც ზემდგომმა უკარნახა – რამე გაახერხეთ მაგ ტელეპროექტზეო. არ აწყობდათ ალბათ მიწის კანონზე ისედაც გაღიზიანებული ხალხის მეტად დაძაბვა. მაგრამ აქ ისევ ,,გააგრძელე,, აღმოჩნდა დამნაშავე. თურნე ნუ იტყვით და ეს ჩვენ არ შეგვიტანია პროექტი და ნებაყოფლობით გვითქვამს უარი კონკურსში მონაწილეობაზე.

არ გაგიკვირდეს მკითხველო, ეს საზოგადოებრივია, აქ სამართალს ჩალის ფასი აქვს ტრადიციულად და თუ თვალებში ნაცარს გაყრიან, თურმე უნდა აიტანო. უნიჭო მლიქვნელებისთვის ასეთი გარემო ხომ სამოთხეა, მაგრამ საქმის მსურველები ვერ მოვერგეთ ამ დაუწერელ შინაგანაწესს. ახლა ახალი პირობები დგას ჩემს წინაშე, რის მიხედვითაც საზ. მაუწყებელმა მათხოვრული კაპიკები უნდა მიაშავოს ამ ყელში გაჩხერილ “გააგრძელეს”. ლომის წილი კი მე პირადად უნდა ვიშოვო სადმე. ანუ ისევ თქვენი ჯიბიდან. დავდგე მათხოვრად ბიზნესის კარზე, ვირბინო ფულისთვის და, როგორც ამბობენ, ყურებზე უნდა ვიარო იმიტომ, რომ რეიტინგული და მაყურებლისთვის საყვარელი ქართული პროექტი შევქმენი. ქართული, რომელიც არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურისთვის არ არის მისაღები.

თუმცა რა დროს ,,გააგრძელეზე,, ზრუნვაა?! მათი საზრუნავი ხომ გადამთიელების დავალებების შესრულებაა. გადასაფარი თემაც როგორი მოძებნეს, მარიხუანა და რეპერი გმირები. ასე რომ ამ გასაწირად გახაზირებულ ქვეყანაში არ დააფინანსებს უცხოთა ,,მთავრობა,, საქართველოს ისტორიას. მე კი სამ სერიას გადავიღებ და წამოვალ. როგორც ძველები ამბობდნენ – საქართველოში დღეს ქართველობას საკუთარი ჭერი არა აქვს…”