27 ივნისი, 2017

განსაკუთრებული ჯილდო ნინო ანანიაშვილს

ქართველი პრიმა ბალერინა და თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი იაპონიის იმპერატორის ლენტით დამშვენებული „ამომავალი მზისა და ოქროს სხივების“ ორდენით დააჯილდოვეს.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი საქართველოში იაპონიის ელჩის ტოშიო კაიტანის რეზიდენციაში გაიმართა.

იმპერატორის ჯილდო ქართველ ბალერინას იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურულ ურთიერთობებში და იაპონური საბალეტო საზოგადოების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, იაპონიის მთავრობის გადაწყვეტილებით მიენიჭა.

ლენტით დამშვენებული „ამომავალი მზისა და ოქროს სხივების“ ორდენი ქართველ პრიმას იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრმა მოტომე ტაკისავამ პირადად გადასცა.