“ვთხოვ განათლების კომისარიატს, დამეხმაროს ან სტიპენდიით, ან ერთდროული დახმარებით”

4 ივნისი, 2017

ელენე ახვლედიანის შემოქმედებამ ქართულ მხატვრობაში წარუშლელი კვალი დატოვა. იგი უცხოეთში სწავლობდა, თუმცა ხელმოკლეობის გამო, საჭირო თანხის თხოვნა უხდებოდა.

“არტ ინფო” გაგაცნობთ დოკუმენტს, რომელიც ხელოვნების სასახლის საგანძურია და ის ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტთა ფონდშია დაცული:

“საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის განახლების
კომისარიატს
მხ. ელენე ახვლედიანის-კაკაბაძის
განცხადება
მე ვიმყოფებოდი საზღვარგარედ მხატვრობის შესასწავლად . მიზნის მისაღწევად საჭიროა გულმოდგინე მუშაობა, თანხა; მე კი ძლიერ ხელმოკლედ ვარ, ავადმყოფობისაგან – სუსტად, რაც ძალიან მიშლის მეცადინეობას. სასწავლებლად ვერ შევსულვარ – რადგან დიდ ფულს თხოულობენ. ამიტომ ვთხოვ განათლების კომისარიატს, დამეხმაროს ან სტიპენდიით (ერთი წელიწადი) ან კიდევ ერთდროული დახმარებით.
ელენე ახვლედიანი-კაკაბაძე
მილანი (იტალია)
1923. 23 ნოემბერი”

ელენე ახვლედიანს თანადგომას იაკობ ნიკოლაძე და დიმიტრი შევარდნაძეც უცხადებდნენ:

“მთავარ სახელოვნო კომიტეტს
როგორც იტალიიდან ქ. მილანიდან, მიღებული წერილიდან (რომელსაც აქვე გაახლებთ) სჩანს საშინელ ცუდ მდგომარეობაში არის ჩავარდნილი მხატვარი ელენე ახვლედიანი. ჩვენ ქვემორე ხელის მომწერნი ვთხოვთ მთავარ სახელოვნო კომიტეტს აღმოუჩინოს დახმარება მხატვარ ელენე ახვლედიანს, როგორც ერთ უნიჭიერეს მხატვარს სტიპენდიის დანიშვნით, ან ერთდროული დახმარების გაწევით.
სახალხო მოქანდაკე
ი. ნიკოლაძე
დ. შევარდნაძე
3.XII.1923”

გააზიარეთ

 
...