ალექსანდრე ჟორჟოლიანი – კომიკოსი უდიდესი სევდით

23 ივნისი, 2017

ალექსანდრე – სანდრო ჟორჟოლიანი ქართული კინოს ყველაზე კომიკური პერსონაჟების შემქმნელია. ცხოვრებაში სევდიანი მსახიობი მაყურებელს ყოველთვის ღიმილს ჰგვრიდა.

– სანდრო ჟორჟოლიანი ქართული კომედიის ნიღაბი იყო, – ამბობდა მისი შეუცვლელი პარტნიორი სესილია თაყაშვილი.

სანდრო ჟორჟოლიანის სამსახიობო დებიუტი საკმაოდ გვიან – 33 წლის ასაკში შედგა. პროფესიულ თეატრში მისვლამდე მას 21 წლიანი სამსახიობო სტაჟი ჰქონდა. პირველი როლი დანიელი იყო შილერის “ყაჩაღები”-დან, რომელიც 12 წლსი ასაკში შეასრულა მამის სახლის აივანზე. ერთხელ ისე ღრმად შეიჭრნენ როლში პატარა მსახიობები, რომ შპალერის დეკორაციას ცეცხლი წაუკიდეს და კინაღამ მთელი სახლი გადაწვეს.

მსახიობობამდე სანდრო ჟორჟოლიანი პედაგოგი იყო, თუმცა როგორც კი საშუალება მიეცა, მაშინვე თავი დაანება პედაგოგობას და რუსთაველის თეატრში დაიწყო მუშაობა. მან პირველივე სპექტაკლში მიიქცია მაყურებლის ყურადღება და დიდი სიყვარულიც მოიპოვა.

სანდრო ჟორჟოლიანის თეატრალური ცხოვრების ყველაზე გამორჩეული პერიოდი კოტე მარჯანიშვილთან მუშაობაა. რეჟისორი სრულ თავისუფლებას აძლევდა მსახიობს, არასოდეს ზღუდავდა, მისი ფანტაზიების განხორციელებას ხელს უწყობდა.

მსახიობისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი როლი კოტე მარჯანიშვილის ლეგენდარულ სპექტაკლში “ურიელ აკოსტა” აღმონდა. ბენ აკიბა სანდრო ჟორჟოლიანის შემოქმედების გვირგვინად არის აღიარებული.

ურიელ აკოსტას შემდეგ, მსახიობმა მონაწილეობა მიიღო კოტე მარჯანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში “ყვარყვარე თუთაბერი”. ყვარყვარეს როლი რეჟისორმა ორ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ მსახიობს – უშანგი ჩხეიძეს და სანდრო ჟორჟოლიანს მიანდო.

მიუხედავად ასეთი წარმატებებისა, სანდრო ჟორჟოლიანის ცხოვრებაშიც დადგა ეტაპი, როდესაც მისი შემოქმედება აღარ გამოირჩეოდა მრავალფეროვნებით. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობს ჰქონდა დატვირთული თეატრალური სეზონები, მიჩნეულია, რომ მისი შესაძლებლობები მაქსიმალურად არ იქნა გამოყენებული.

სანდრო ჟორჟოლიანს რეჟისორები და მისი კოლეგები ასე იხსენებდნენ:

ვახტანგ ტაბლიაშვილი, რეჟისორი:

– ბოლო პერიოდში შემუშავებული აზრი, თითქოს ჟორჟოლიანი დაიშტამპა, ერთფეროვანი გახდა, რა თქმა უნდა, სინამდვილეს არ შეეფერება. ამ მცდარი შეხედულების ჩამოყალიბებას მომდევნო თაობის რეჟისორებმა შევუწყვეთ ხელი – ჩამოვეკიდეთ მის განუმეორებელ ნიღბებს და ამით ჩვენ თვითონვე “შევუკარით ხელ-ფეხი” მსახიობის მრავალწახნაგოვანი ნიჭის გამომზეურებას.

ფილმის დიდოსტატის მარჯვენა ერთ-ერთ მონაკვეთს ფასანაურში ვიღებდით. იქვე მახლობლად თურმე ჟორჟოლიანი ისვენებდა. ჩვენი ჩასვლის ამბავი გაიგო თუ არა, მაშინვე მოგვინახულა. მასთან ურთიერთობა ყოველთვის სასიამოვნო იყო – განათლებული, სიტყვაძუნწი, მაგრამ ენამოსწრებული. შუა საუბრის დროს უცებ მომიბრუნდა და მითხრა, შენ მგონი არც აპირებ ფილმში დამაკავო. გამეცინა და დავპირდი, გადაგიღებ-მეთქი. ბატონი სანდრო მიმიხვდა თვალთმაქცობას, ნაღვლიანად ჩაიღიმა და მომიგო, ტყუილად ფიქრობ, რომ მე მარტო სასაცილო როლების თამაში შემიძლიაო. მის ტონში ნათლად შეიგრძნობოდა ერთგვარი სინანული იმის გამო, რომ სათანადოდ არ მიეცა შესაძლებლობა, სხვა ჟანრშიც ისევე ლაღად გაეშალა ფრთები, როგორც კომედიაში.

მინდა გავიხსენო სანდრო ჟორჟოლიანი ფილმში “ქეთო და კოტე”. ალექსი კერპაძის სახე ფილმში “ქეთო და კოტე” გავიმეორე. როლი ეპიზოდურია, მაგრამ მსახიობმა თავისი განუმეორებელი ნიჭის წყალობით შექმნა დაუვიწყარი ტიპაჟი. ფილმის პირველი დახურული ჩვენება მოსკოვის კინო სახლში ლაურეატებისთვის მოეწყო. ჟორჟოლიანის გამოჩენისთანავე, თითქოს ტალღამ გადაიარაო, დარბაზში ერთიანი სიცილი გაისმა, ხოლო მის ფართო პლანით გამოჩენას და შეძახილს – ვაიმე, მიშველეთ, ჭერი ინგრევა! – მოჰყვა ხარხარი, ტაში და ასე გაგრძელდა დიდხანს, სანამ ჟორჟოლიანი კადრიდან არ გაქრა.

სესილია თაყაიშვილი, მსახიობი:

– სხვა ილიკოს სანდრო ჟორჟოლიანის გარდა, ვერასდროს ვერ წარმოვიდგენ. ეს იყო არაჩვეულებრივად თბილი ბერიკაცი. რა დამავიწყებს მის თვალებს. თუმცა, უკაცრავად, მას ცალი თვალი ჰქონდა. მაგრამ იმდენ რამეს იტევდ და გადმოსცემდა ის ერთი თვალი, რომ ხშირად მიფიქრია, ილიკო რომ ცალთვალა არ ყოფილიყო, ალბათ ვერც გავუძლებდი მისი გამოხედვის სიძლიერეს, სამუდამოდ ჩამრჩა მეხსიერებაში სცენა, როდესაც ილიკოს ილარიონის შვილის სიკვდილის ცნობა შემოაქვს. ამ დროს სანდროს ცალი თვალი ყოველთვის ცრემლით ჰქონდა სავსე. რა ღრმა სევდა ისადგურებდა ილიკოს არსებაში, როგორი დიდი სიყვარული იგრძნობოდა ჩემს მიმართ ფინალურ სცენაში, როდესაც ვკვდებოდი. როგორ ჩუმად, ფეხაკრეფით გადიოდა ოთახიდან, რომ არ შევეწუხებინე. ასეთ პარტნიორთან ურთიერთობა დიდი ბედნიერებაა ყველასთვის.

აკაკი ხორავა, მსახიობი:

– ჟორჟოლიანის მოღვაწეობა ქართულ თეატრსა და კინოში დიდი მოვლენაა ჩვენი კულტურის ისტორიაში. დიდმა ნიჭმა მას ხალხის უჭკნობი სიყვარული მოუპოვა, რომელიც თაობიდან თაობაში გადავა.

ვერიკო ანჯაფარიძე, მსახიობი:

– სცენაზე გამოსვლის პირველივე წლებში ჟორჟოლიანი ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ და პოპულარულ მსახიობად იქცა. მისი ტალანტის განსაცვიფრებელი თვითმყოფადობა, სცენური სახეების ცხოვრებისეულობა, იუმორის დაუშრეტელი წყარო, რომელიც მასში ცოცხლობდა, კოლორიტული გარეგნობა, საოცრად მოძრავი, გამომსახველი სახით – მსახიობის წინაშე ფართო შემოქმედებით პერსპექტივებს შლიდა. მისი პოპულარობა უსაზღვროა. იგი ხალხისგან განებივრებული საყოველთაო სახალხო არტისტი იყო. სცენაზე და მაყურებელთა დარბაზში მსახიობი დღესასწაულს ქმნიდა. მას ყოველთვის მქუხარე ტაშით და აღტაცებული შეძახლებით ეგებებოდნენ.

ნიკოლოზ სანიშვილი, რეჟისორი:

– ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა ფილმ “ბედნიერ შეხვედრას” ვიღებდით. ცალკეული ეპიზოდების გადასაღებად სასაზღვრო ზონაში უნდა შევსვლიყავით. საშვი ავიღეთ და გავემგზარეთ გადასაღები ადგილებისკენ. გზაზე საერთო მხიარულება სუფევდა. განსაკუთრებული ლაზათით ოხუნჯობდნენ ახალგაზრდა მსახიობები გიორგი შავგულიძე და ვახტანგ ნინუა. მათ გადაწყვიტეს სანდრო გაებრაზებინათ, ამიტომ განზრახ ხოტბას ასხამდნენ იქ მყოფ ერთ მართლაც კარგ და შესანიშნავ მსახიობს. მას თავიანთ მამასა და მასწავლბელს უწოდებდნენ, ხოლო ჟორჟოლიანის ხსენებისას ტუჩს აიბზუებდნენ და სხვათაშორის ჩაილაპარაკებდნენ, ჟორჟოლიანსაც არა უშავს, მაგრამ მასთან რას მოვაო. ცხადია ხუმრობა იყო და სანდროც დიდ ყურადღებას არ აქცევდა.

ამასობაში მანქანა საგუშაგო პუნქტს მიუახლოვდა. ახალგაზრდა რუსმა ლეიტენანტმა შეგვაჩერა და საშვი მოგვთხოვა. პირველად მე მივაწოდე ჩემი საბუთები, შემდეგ იმ მამისა და მასწავლებლის საშვი გადაათვალიერა გულმოდგინედ. ჯერი ჟორჟოლიანზე მიდგა. სანდრომ გულის ჯიბიდან ამოიღო პასპორტი და მორიგეს გაუწოდა. ლეიტენანტმა მსახიობს შეხედა, წამით შეყოვნდა, დააკვირდა სანდროს, სიამოვნებისგან სახე გაებადრა და მესაზღვრეებს გასძახა. ჯარისკაცები მყის იქვე გაჩნდნენ.

– ბიჭებო, შეხედეთ, კინომსახიობი ჟორჟოლიანი. “უკანასკნელი მასკარადი” ხომ გახსოვთ? “დარიკო”, “დაკარგული სამოთხე”, “ნარინჯის ველი”, შევხედე თუ არა, მაშინვე ვიცანი.

რუსი ჯარისკაცები ცნობისმოყვარეობით შესცქეროდნენ სანდროს და იღიმებოდნენ.

– პასპორტების შემოწმებით დროს არ დაგაკარგვინებით, შეგიძლიათ მიბრძანდეთ! – წამოიძახა საყვარელი მსახიობის ნახვით გახარებულმა ლეიტენანტმა.

სანდრო იქვე მიუბრუნდა შავგულიძეს და ნინუას და ნიშნის მოგებით მიახალა – ეგეც თქვენი მამა-მასწავლებელი.

***

სანდრო ჟორჟოლიანის შემოქმედების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი ესტრადა იყო. არ დარჩენილა საქართველოში კუთხე, სადაც სანდრო ჟორჟოლიანი თავის განუყრელ პარტნიორთან სესილია თაყაიშვილთან ერთად არ ჩავიდა.

სესილია თაყაიშვილი, მსახიობი:

– ყოველი ჩვენი გამოსვლა ესტრადაზე ჩხუბით იწყებოდა და ჩხუბითვე მთავრდებოდა. სანდროს ეჩვენებოდა, რომ მე უფრო სასაცილო სიტყვები მქონდა ტექსტის მიხედვით, ვიდრე მას და ამაზე ამიხირდებოდა. მეც არაფერს ვუთმობდი. თქვენ წარმოიდგინეთ ასეთ “ნერვებმოშლილ მდგომარეობაში” მაინც ვახერხებდით რომ დღეში ზოგჯერ ხუთი კონცერტი ჩაგვეტარებინა. მე არ შემხვედრია ისეთი პოპულრული მსახიობი, როგორიც სანდრო იყო. მისი გამოჩენა და გაუჩინარება ყოველთვის ტაშის გრიალში მიმდინარეობდა. რაც არ უნდა “დაგვეჭამა” ერთმანეთი, სანდრო ჟორჟოლიანის გვერდით ყოფნა, სცენაზე იქნებოდა ეს, ფილმში, თუ ესტრადაზე, შინაგან ძალასა და რწმენას მმატებდა, იმიტომ რომ ის იყო დიდი რეალისტი მსახიობი.

მარინე თბილელი, მსახიობი:

– ბატონი სანდრო, ანუ როგორც ჩვენ ყველანი მას ხუმრობით მივმართავდით “მაქსიმიჩი” დასში ყველაზე უფროსი გახლდათ. იგი ძალზე საყვარელი მოხუცი იყო, თუმცა მოხუცს ვერ უწოდებდით. ის ხომ ყოველთვის ეტრფოდა ახალგაზრდობას, გულგრილად არასოდეს ჩაუვლიდა ლამაზ ქალს. დილიდანვე კოპწიად ჩაცმული, გაპარსული გამოდიოდა სახლიდან. დღე არ გავიდოდა, რომ თეატრში არ შემოევლო, თუნდაც საქმე არ ჰქონოდა. თეატრის ინტერესებით ცოცხლობდა და სულდგმულობდა.

როგორც ფრანგული ენის ჩინებულ მცოდნეს, სახლში გამოწერილი ჰქონდა გაზეთი “ლუმანიტე” თუკი რაიმე საინტერესო წერილს აღმოაჩენდა, მაშინვე მოჰქონდა ჩვენთან და ყველას გვიკითხავდა.
კომედიური პლანის მსახიობებისგან განსხვავებით, სანდრო ცხოვრებაში ზედმეტად სევდიანი, ჩაფიქრებული იყო. ერთი შეხედვით მოგეჩვენებოდათ, თითქოს რაღაც აწუხებსო. ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა, არასოდეს არავის საქმეში არ ჩაერეოდა.

როგორ გვანებივრებდა ქალებს ყოველ რვა მარტს – მოგვიტანდა სასმელს, ტკბილეულობას, ფოიეში მაგიდას გავშლიდით, შუაში “მაქსიმიჩს” ჩავისვამდით და მოვულხენდით… მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. წავიდა ჩვენგან ბატონი სანდრო და რვა მარტმაც იცვალა სახე. მართალია, თეატრის მამაკაცები ტრადიციულად აღნიშნავენ ხოლმე ქალთა დღეს, მაგრამ “ჟორჟოლიანისეული წვეულებები” წარუშლელია ჩვენს მეხსიერებაში.

გააზიარეთ

 
...