19 მაისი, 2017

ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალი ბიბლიოთეკა

ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელთან დაკავშირებით, კიდევ ერთი აქტივობა განხორციელდება.

ილია ჭავჭავაძე წერდა – „ქვეყანა იმით კი არ არის უძლური, რომ ღარიბია; არამედ იმით, რომ მცოდნე და განათლებული ხალხი ცოტა ჰყავს“.

ილია ჭავჭავაძის ეს უზუსტესი ფორმულირება, ჩვენთვის ერთგვარ იდეურ ორიენტირს წარმოადგენს. შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივის“ მიერ გასულ წელს შექმნილი შვილობილი ორგანიზაცია „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი“ სწორედ რეგიონებში საგანმანათლებლო სფეროს სტიმულირების მიზნით შეუერთდა ეროვნული ბიბლოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმს“, რომლის ფარგლებში რეგიონებში ბიბლიოთეკების აღდგენა-გახსნას ახორციელებს.

საქართველოს რეგიონების და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის განვითარების, საგანმანათლებლო სივრცეებზე წვდომის გაუმჯობესების და კულტურულ-შემეცნებითი სივრცის სტიმულირების მიზნით, დღეს, 18 მაისს, ააიპ „ეროვნული იმპერატივისა“ და „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ ერთობლივი ძალისხმევით, ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალხიზაში (სადაც აქამდე არასდროს ყოფილა ბიბლიოთეკა) ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალი ბიბლიოთეკა გაიხსნა.

ბიბლიოთეკისათვის ფართი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამოყო და ახალგახსნილი ბიბლიოთეკა ახალხიზის კულტურის სახლში განთავსდა. ადგილობრივ ხელისუფლებასთან ოფიციალური შეთანხმებისა და მოლაპაკების შედეგად ბიბლიოთეკა მუდმივმომქმედი იქნება და იგი ახალხიზის გარდა, ახლომდებარე დასახლებების მცხოვრებთაც მოემსახურება.

„ეროვნული იმპერატივისა“ და „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ წარმოამდგენლებმა, ბიბლიოთეკა პირველადი საბაზისო ინვენტარით და წიგნადი ფონდით აღჭურვეს. ბიბლიოთეკის გახსნის შემდეგ კულტურის სახლის ეზოში „ეროვნულმა იმპერატივმა“ ღონისძიება გამართა. ღია ცის ქვეშ მოეწყო რეჟისორისა და საზოგადოებრივი აქტივისტის გიორგი სავანელის საჯარო ლექცია „ილია ჭავჭავაძის მემკვიდრეობის და მისი იდეების მნიშვნელობა, თანამედროვე სახელმწიფოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაში“. ამის შემდეგ კი თბილისის სხვადასხვა თეატრების მსახიობებმა წარმოადგინეს ლიტერატურული პერფორმანსი ილიას ნაწარმოებების მიხედვით, რომელშიც მონაწილეობდნენ მსახიობები ლამზირა ჩხეიძე, ქეთევან შერვაშიძე, დარეჯან ხაჩიძე, თამარ ადამია და გიორგი გურული.

პროექტის ინიციატორები, ახალხიზის ბიბლიოთეკის წახალისების და მოსახლეობისათვის მიმზიდველ სივრცედ ქცევის მიზნით, ახალგახსნილ ბიბლიოთეკაში წლის მანძილზე კიდევ არაერთ აქტივობას გეგმავენ.