როგორ გადაურჩა “ჯარისკაცის მამა” განადგურებას

9 მაისი, 2017

ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა, რაც რეჟისორმა რეზო ჩხეიძემ ფილმი “ჯარისკაცის მამა” სულიკო ჟღენტის სცენარის მიხედვით გადაიღო.

ფილმი, რომელიც რეჟისორის შემოქმედების სავიზიტო ბარათად იქცა, რეალურ ამბავზეა დაფუძნებული. სულიკო ჟღენტი ხშირად ყვებოდა, რომ 16 წლის ასაკში ომში მოხალისედ წავიდა, სადაც შეხვდა ბოდბისხეველ გლეხს გიორგი მახარაშვილს. იგი ასაკის მიუხედავად, ფრონტის წინა ხაზზე დაღლილ ახალგაზრდა ჯარისკაცებთან ერთად იდგა და მძიმე ტყვიამფრქვევის ტარებაში ეხმარებოდა. სულიკო ჟღენტი, ერთ-ერთი შეტევის დროს, მძიმედ დაიჭრა და ჰოსპიტალშიც მოათავსეს. სცენარისტის მამამ იმდენი მოახერხა, რომ შვილის სანახავად ფრონტზე ჩავიდა. სწორედ ეს ისტორია დაედო საფუძვლად რეზო ჩხეიძის ფილმს “ჯარისკაცის მამა”, სადაც მთავარი როლი სერგო ზაქარიაძემ შეასრულა.

რეზო ჩხეიძე ხშირად იხსენებდა სერგო ზაქარიაძესთან შეხვედრას და ფილმის სცენარზე საუბარს. მსახიობი ისტორიამ იმდენად გაიტაცა და ააღელვა, რომ ბოლოს იტირა კიდეც. როცა რეზო ჩხეიძემ გიორგი მახარაშვილის როლის თამაში შესთავაზა, თვალცრემლიანმა ჰკითხა, ნუთუ მე ამდენად ბედნიერი ვიქნებიო. მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორმა მსახიობი ფილმში მონაწილეობაზე დაითანხმა, შემოქმედებით ჯგუფს ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა. რეზო ჩხეიძეს ამ როლზე სპარტაკ ბაღაშვილის კანდიდატურას ურჩევდნენ, თავად რეჟისორს კი გადაწყვეტილი ჰქონდა, თუ სერგო ზაქარიაძეს როლზე არ დაამტკიცებდნენ, აკაკი კვანტალიანი დაეკავებინა, მაგრამ საბოლოოდ გიორგი მახარაშვილის როლზე სერგო ზაქარიაძე დამტკიცდა. თავად სერგო ზაქარიაძე ისე გაიტაცა ამ როლმა, რომ გადაღებების დაწყებამდე ყველაზე პირველი მიდიოდა გრიმის გასაკეთებლად და დანარჩენ კოლეგებს უცდიდა.

მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობის დამტკიცების პარალელურად, შემოქმედებით ჯგუფს პრობლემები სცენარზე მუშაობის პერიოდშიც შეექმნა. ცენზურა ცდილობდა თავისი კორექტივები შეეტანა და რეჟისორისთვის ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელი შეეშალა, თუმცა საბოლოოდ ვყელაფერი ისე დამთავრდა, როგორც რეზო ჩხეიძეს სურდა.

ფილმის გადაღებები რომ დასრულდა, მისი ე.წ. ჩაბარება უნდა მომხდარიყო. 31 დეკემბერს ფილმის სანახავად მხოლოდ კინემატოგრაფიის მინისტრი რომანოვი და მისი მეუღლე მივიდნენ. ფილმის დასრულების შემდეგ რომანოვმა განაცხადა, რომ ამ ფილმს საბჭოთა კავშირში არავინ ნახავდა. ამის მიზეზად კი დაასახელა გიორგი მახარაშვილის საქციელი, რომელმაც საბჭოთა არმიის ოფიცერს გაარტყა.

მოგვიანებით “ჯარისკაცის მამა” საბჭოთა არმიის ხელმძღვანელობამ ნახა. გენერლებმა მოწონების ნიშნად ჩვენების ბოლოს ტაშიც კი დაუკრეს. ფილმის დასრულების შემდეგ უფროსმა იკითხა, რატომ არ მიიღო მინისტრმა ფილმიო? რეჟისორმა უპასუხა, რომ მინისტრის აზრით, არ შეიძლება ჯარისკაცმა საბჭოთა არმიის ოფიცერს ხელი გაარტყას. მინისტრის მოსაზრება კი ოფიცერმა ასე გააბათილა – გიორგი მახარაშვილი ჯარისკაცი კი არა, ჯარისკაცის მამაა, ამიტომ ამ ფილმს მთელი საბჭოთა კავშირი ნახავსო.

ასე გადაურჩა რეზო ჩხეიძის ფილმი “ჯარისკაცის მამა” განადგურებას. გიორგი მახარაშვილში კი ადამიანები საკუთარ მამას ხედავდნენ და სერგო ზაქარიაძეს და რეზო ჩხეიძეს წლების განმავლობაში მადლობის წერილებს უგზავნიდნენ.

გააზიარეთ

 
...