ნუგზარ ყურაშვილი – 45 წელი ქართულ სცენაზე!

3 მაისი, 2017

სახელმწიფო, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატს, ღირსების ორდენის კავალერს ნუგზარ ყურაშვილს ქართულ თეატრალურ სცენაზე მოღვაწეობის 45 წელი შეუსრულდა.

საიუბილეო თარიღს ეხმიანება ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი, სადაც 8 მაისს 19:00 საათზე, თეატრისა და კინოს ვარსკვლავოსანი არტისტის ბენეფისი გაიმართება.

საღამოზე, რომლის რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილია, ნუგზარ ყურაშვილის მონაწილეობით გათამაშდება ნაწყვეტები სპექტაკლებიდან „მე ვხედავ მზეს“ (ბაბილო), „არ დამივიწყო“ (კარპე გეწაძე) – რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი, „ამიკო“ (ამიკო) – რეჟისორი ოთარ ბაღათურია.

თეატრალური ნაწილის გარდა, საღამოზე ნაჩვენები იქნება ნაწყვეტები კინოფილმებიდან ნუგზარ ყურაშვილის მონაწილეობით:

1986 – „ზღვის მაშვრალნი“ – საფრანგეთისა და საქართველოს კინოსტუდიის ერთობლივი წარმოება;
1987 – „ფესვები“ (ანრი) – რეჟისორი გუგული მგელაძე;
1988 – „გამოცხადება“ (კოწო შავდია) – რეჟისორი გია მატარაძე;
1988 – „ვამეხი მოდის“ (ზორბეგი) – რეჟისორები ოთარ ლითანიშვილი და ოთარ შამათავა;
1989 – „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ (ლომების მომთვინიერებელი) – რეჟისორი რევაზ ჩხეიძე;
1994 – „ჩაკლული სული“ (საბჭოთა უშიშროების უფროსი გიორგი) – რეჟისორი გუგული მგელაძე;
2000 – „ნუცას სკოლა“ (ილუზიონისტი) – რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი;
2007 – „სვანი“ (სიმე) – რეჟისორები სოსო და ბადრი ჯაჭვლიანები;
2013 – „ცხრა მთას იქით“ (დეკანოზი) – რეჟისორი ლევან თუთბერიძე.

მხატვრულ ფილმებში განსახიერებული როლების გარდა, მაყურებელი ნუგზარ ყურაშვილს ისეთი პოპულარული ტელე-სერიალებიდანაც იცნობს, როგორებიცაა: „ცხელი ძაღლი“ (უჩა ზერაგია) – რეჟისორი ზაზა ურუშაძე და „ კლინიკა“ (კლინიკის დირექტორი დავითი) – რეჟისორი გიორგი ლიფონავა.

წარმოშობით სოხუმელი, თბილისში თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სოხუმის თეატრში გაანაწილეს, სადაც სამი წელი იმუშავა. თბილისში, ახმეტელის სახელობის თეატრის დაარსებისთანავე – 1981 წლიდან მისი სამსახიობო კარიერა დედაქალქში გაგრძელდა. ამ თეატრში მისი 35 წლიანი სამსახიობო კარიერა უკავშირდება ახმეტელის თეატრის სულის ჩამდგმელს, რეჟისორ ლერი პაქსაშვილს. სწორედ მის მიერ დადგმულ საეტაპო სპექტაკლებში, როგორებიცაა: „ოპტიმისტური ტრაგედია”, ვაჟა ფშაველას “მთანი მაღალნი”, ოტია იოსელიანის “გამოქვაბული” და “ყრუ ღმერთები”, გაგა ნახუცრიშვილის “კომბლე”, გურამ ბათიაშვილის “1832 წელი” და სხვა, შექმნა საუკეთესო სახეები. ამავე თეატრში ნუგზარ ყურაშვილი სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა რეჟისორებთან: თემურ აბაშიძე, იური კაკულია, ნუკრი ქანთარია, დავით ანდღულაძე, გიგა ლორთქიფანიძე, ოთარ ბაღათურია, გიორგი შალუტაშვილი, დიმიტრი ხვთისიაშვილი, გიორგი თავაძე, დარიუშ ეზერსკი და სხვანი.

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში განსახირებეული სახეები:
კარპე გეწაძე – რევაზ მიშველაძე “არ დამივიწყო” – რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი;
ბაბილო – ნოდარ დუმბაძე, გიგა ლორთქიფანიძე “მე ვხედავ მზეს” – რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი;
ამიკო – ოთარ ბაღათურია “ამიკო” – რეჟისორი ოთარ ბაღათურია;
ლავრენტი ბერია – ვასილ კიკნაძე “რექვიემი” – რეჟისორი ლილი ბურბუთაშვილი;
გუდული – ნოდარ დუმბაძე “სიცოცხლის ხე” – რეჟისორი კოტე მირიანაშვილი და სხვა.

ნუგზარ ყურაშვილი სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის მსახიობი და აწ უკვე დირექტორი გახლავთ. იგი ასევე არის ღირსების ორდენის კავალერი, 7 გზის აღიარებულია წლის საუკეთესო მსახიობად, ამა წლის 14 იანვარს კი ახმეტელის სახელობის თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

გააზიარეთ

 
...