16 მაისი, 2017

მარლონ ბრანდო – დაუვიწყარი თავნება ბიჭი ჰოლივუდიდან

მარლონ ბრანდოსთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა დონ ვიტო კორლეონეს როლის თამაში ფრენსის ფორდ კოპოლას გენიალურ ფილმში “ნათლიმამა”, რომ XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი კინომსახიობის ტიტული მოეპოვებინა.

მსახიობს საკმაოდ მძიმე ბავშვობა ჰქონდა, საშუალო სკოლაც კი არ დაუმთავრებია. მისი ოცნება ნიუ-იორკში ცხოვრება იყო და ეს ოცნება აისრულა, როცა თავის დასთან გადავიდა საცხოვრებლად.

შრომა მისთვის სირცხვილად არასდროს ითვლებოდა, ამიტომაც ხან ლიმონათებს ყიდდა, ხანაც მანქანის მძღოლად მუშაობდა. მსახიობობაზე მეოცნებე მარლონ ბრანდო სამსახიობო სტუდიაშიც მოხვდა და მის ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო.

პირველი წარმატება და აღიარება მსახიობს ფილმმა “ტრამვაი – სურვილი” მოუტანა, სადაც სტენლი კოვალსკის როლი შეასრულა. მისი სახელი და გვარი უკვე ბევრმა ადამიანმა იცოდა, მარლონ ბრანდოს გარეგნობა კი შეუძლებელი იყო ვინმეს უყურადღებოდ დარჩენოდა. ამერიკაში ახალი სექს-სიმბოლო გაჩნდა – მარლონ ბრანდო – თავისი ცვალებადი და თავნება ხასიათით, დაუსრულებელი პრეტენზიებით, თუმცა ეს სულაც არ უშლიდა ხელს სუსტი სქესის წარმომადგენლებს, მსახიობზე უგონოდ ყოფილიყვნენ შეყვარებულნი. მათ შორის იყო მერლინ მონროც, თუმცა ლამაზმანმა არჩევანი არტურ მილერზე გააკეთა. მარლონ ბრანდოს “ველური ბიჭიც” კი შეარქვეს, რასაც სულაც არ განიცდიდა. ბევრი დასცინოდა კიდეც – დანა-ჩანგლის ხმარება არ იცისო, თუმცა ამ დაცინვის უკან იმალებოდა დაუოკებელი სურვილი მსახიობთან ურთიერთობისა.

მსახიობთან მუშაობა სულ უფრო რთული ხდებოდა, იგი დასცინოდა რეჟისორებს, არ ემორჩილებოდა მათ მითითებებს, არ სწავლობდა ტექსტებს, ითხოვდა დამატებით ჰონორარებს – მოკლედ, მასთან გადასაღებ მოედანზე მუშაობა დიდი გმირობის ტოლფასი იყო. ამის მიუხედავად, რეჟისორები მარლონ ბრანდოს სხვადასხვა როლებს სთავაზობდნენ.

ბერნარდო ბერტოლუჩიმ მსახიობი ფილმში “უკანასკნელი ტანგო პარიზში” მიიწვია. მისი ცხოვრება ამ ფილმის გმირის ცხოვრებას დაემსგავსა – მარლონ ბრანდოც სიცოცხლის ბოლოს სრულიად მარტო აღმოჩნდა მძიმედ დაავადებული და ყველასგან მიტოვებული. თუმცა პირველიდან უკანასკნელ როლამდე მის ცხოვრებაში ბევრი რამ მოხდა – მსოფლიო აღიარება, პრიზები, ქორწინება, გაყრა, საყვარლები, ტაიტიზე გამგზავრება… არც ტაიტიზე ელოდა მას მშვიდი ცხოვრება. მისმა შვილმა კრისტიანმა საკუთარი დის (რომელიც მსახიობს მეორე ქორწინებიდან ჰყავდა) საქმრო სახლში ჩაცხრილა. გოგონამ ამ მკვლელობაში მამა დაადანაშაულა, თუმცა საბოლოოდ ვერ გაუძლო ამ ტრაგედიას, ნარკოტიკებს მიეძალა და მოგვიანებით აბაზანაში თავი ჩამოიხრჩო. ეს იყო კიდევ ერთი უდიდესი დარტყმა მსახიობისთვის, რომელსაც ვეღარ გაუძლო.

წლების მატებასთან ერთად მარლონ ბრანდომ წონაში მოიმატა და ფილტვები დაუავადმყოფდა. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად შეიცვალა, შინაგანად იგივე დარჩა – მკაცრი, უხეში, თავნება და სიტყვაბილწი.

კინოში მარლონ ბრანდოსათვის წარუმატებელი პერიოდი დაიწყო, თუკი მის ახალგაზრდობაში რეჟისორები ყველანაირად ცდილობდნენ მსახიობი საკუთარ ფილმებში დაეკავებინათ, ახლა თავად იბრძოდა ახალი როლებისთვის.

მაშინ, როცა კინოკრიტიკოსებმა მსახიობის კარიერა დასრულებულად ჩათვალეს, ყველასგან მივიწყებული და ყველასთვის მობეზრებული მარლონ ბრანდო დაბრუნდა – ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმში “ნათლია” დონ ვიტო კორლეონეს როლით. რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, “ნათლია” ყოველთვის მარლონ ბრანდოსთან და მის დაუვიწყარ პერსონაჟთან იქნება ასოცირებული.

სიცოცხლის ბოლო წლებში მარლონ ბრანდოს ყველაზე კარგი გასართობი საკუთარი დაკრძალვისთვის ინსტრუქციის წერა იყო: მსახიობმა ყველაფერი წინასწარ დააზუსტა – ვინ უნდა მიეწვიათ და ვინ არა, რითი დაეწყოთ და რითი დაესრულებინათ.