3 მაისი, 2017

ვინ უწინასწარმეტყველა მსახიობობა დოდო აბაშიძეს

დოდო აბაშიძის სახელისა დ გვარის ხსენებაზე ყველას ბედნიერების ღიმილი ეფინება სახეზე და ახსენდება არაჩვეულებრივი ქართული ფილმები “უდიპლომო სასიძო”, “ჭრიჭინა”, “ყვარყვარე”, “ბაში-აჩუკი”, “ბურთი და მოედანი”, “დიდი წვანე ველი”, “არ იდარდო!”, “სინათლე ჩვენს ფანჯრებში”, “ვერის უბნის მელოდიები”, “როცა აყვავდა ნუში”, “ფესვები”, “დათა თუთაშხია”…

მსახიობის ცხოვრება ბავშვობიდან დაუკავშირდა ხელოვნებას და ის, რომ დოდო აბაშიძე მსახიობი გამოვიდოდა, ჯერ კიდევ სულ პატარას სანდრო ახმეტელმა უწინასწარმეტყველა. კინომცოდნე კორა წერეთელმა კი დოდო აბაშიძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზესპეციალური წიგნი გამოსცა.

“არტ ინფო” დოდო აბაშიძის საინტერესო და უმნიშვნელოვანეს ეტაპებს გაგაცნობთ.

***

მშობლებს ხშირად თან დაჰყავდათ თეატრში, ხავერდის ქურთუკში გამოპრანჭული. იჯდა ხოლმე ლოჟაში და სცენას თვალს არ აშორებდა. ერთხელ, თურმე, თეატრში ახმეტელის „ლამარა“ გადიოდა. სცენაზე ვნებები იწყებდა აბობოქრებას, საცაა, ხევსურებს ხმალზე უნდა გაეკრათ ხელი, რომ უეცრად ბიჭუნას ხმა გაისმა – სახეანთებული, თმააბურძგნილი ბავშვი ფეხზე წამოხტა და დარბაზში რეპლიკა ისროლა. სცენაზე მსახიობებმა საბრძოლველად შემართული ხმლები დაუშვეს. მამამ დაინახა და დედას სცენიდან ხელით ანიშნა – ბავშვი გაიყვანეო. ის იყო დარცხვენილი ქალბატონი ნინო წამოდგა და კარისკენ გაემართა, რომ ლოჟის შემოსასვლელში ალექსანდრე სანდრო ახმეტელი გამოჩნდა, დაამშვიდა ნინო და უთხრა, რომ ბიჭი უთუოდ მსახიობი გამოვიდოდა.

***

„როცა 5-6 წლის ვიყავი და ნულ კლასში დავდიოდი, მშობლებმა საქსოვ ფაბრიკაში წამიყვანეს კონცერტზე. კონცერტის დროს რომელიღაც მსახიობმა თქვა: მოდი, ვნახოთ, პატარა დოდო მიმიკურ სცენებს როგორ ითამაშებსო. მკრეს ხელი და სცენაზე გამაგდეს. ახლა აღარ მახსოვს, რას ვაკეთებდი და ვის ვასახიერებდი, მაგრამ, პირველი ტაშით მოგვრილი სიამოვნება კარგად მახსოვს, როგორ მიხაროდა. ასე დაიწყო ჩემი აქტიორული კარიერა. პირველად მაშინ ვიგრძენი მაყურებელი და აქტიორული პატივმოყვარეობის ტალღამაც მაშინ დამკრა პირველად,” – იგონებდა დოდო აბაშიძე.

***

მოგვიანებით კი ხშირად ყვებოდა, როგორც მოხვდა თეატრალურ ინსტიტუტში:

“ინსტიტუტში „ნაცნობობით“ მიმიღეს. მამაჩემი მაშინ ჯერ კიდევ არ იყო რეაბილიტირებული, მაგრამ ბევრ კოლეგას მისი ოჯახის წინაშე თავი ვალდებულად მიაჩნდა. ამბობდნენ, სანამ შენი პროგრამა ბოლომდე დააგუგუნე, კომისიის წევრები დაყრუვდნენო (შეეცადნენ გავეჩერებინე, მაგრამ ამაოდ, მე არც არაფერი მესმოდა და ვერც ვერაფერს ვხედავდი.) მძიმე დუმილი ჩამოწვა. აზრის გამოთქმას არავინ ჩქარობდა. მაინც მიმიღეს. მართალია, პირობით, სესიის ბოლომდე, მაგრამ მაინც.

რა მომივიდა? მე მგონი, იმიტაციისადმი თანდაყოლილმა სწრაფვამ მიმტყუნა. გრიშაშვილის ლექსებს ვამბობდი და უნებურად კილოთი მივბაძე პოეტს – წამღერებით წავიკითხე და, თან, რადგან ძალიან აგზნებული ვიყავი, რაც ძალი და ღონე მქონდა, ვღრიალებდი. რაღაც საშინელება გამომივიდა, მაგრამ, ნახევარი წელიც არ იყო გასული, რომ ეტიუდის თამაშისას, ოსტატობაში პირველი „ხუთიანი“ მივიღე. ეტიუდის თემა ასეთი იყო: დილით, ბაღის მერხზე კარგად გამოძინებულმა და გამოფხიზლებულმა კაცმა აღმოაჩინა, რომ ღამით მისთვის ვიღაცას ტანისამოსი მოუპარავს. რა ქნას, როგორ მივიდეს სახლამდე? მე სწრაფად ავუღე ალღო ვითარებას. გავიაზრე წარმოდგენითი სამყარო და დავიწყე: ჯერ, რამდენჯერმე ვეცადე შეუმჩნევლად გამოვსულიყავი სკამის უკნიდან, სადაც დაფეთებული ვიმალებოდი, მაგრამ, ვითომ გამვლელთა დანახვაზე ისევ სკამის ზურგს ვეფარებოდი ან მის ქვეშ ვძვრებოდი, ბოლოს გონება გამინათდა: საჩვენებელი თითი ბაღის ქვიშას გავუსვი, გულზე ნომერი დავიწერე, ხელები მოვმუშტე და ქუჩაში სირბილით გავიჭერი. რას აღარ ვაკეთებდი! ხან ისევ ვაი-სპორტსმენს ვასახიერებდი და ამაყად თავაღერილი, გულმოდგინედ გავრბოდი. მილიციონერის მაგივრადაც მე ვუსტვენდი, მოკლედ, რაც შემეძლო, ყველაფერს თავისუფლად, მხიარულად ვაკეთებდი და პედაგოგებსაც ძალიან მოეწონათ. ინსტიტუტში ჩემი ყოფნა-არყოფნის საკითხი, რა თქმა უნდა, ამ „ხუთიანმა“ გადაწყვიტა. მეტიც, შემდეგ წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სტიპენდიანტის პირველი მფლობელი გავხდი“.

ერთხელ, ჩათვლის დროს, როცა დოდო აბაშიძე „რიჩარდ მესამეში“ მონოლოგს კითხულობდა, გამომსახველობითი ოსტატობის პედაგოგმა ვერიკო ანჯაფარიძემ თავი ვერ შეიკავა, მიუბრუნდა ხორავას და უთხრა: „აი, ჭეშმარიტად შექსპირული ვნებანიო“, – მიუბრუნდა ინსტიტუტის რექტორს, აკაკი ხორავას.

ხორავა გაჯავრდა: „ზედმეტად ნუ აქებ, ვერიკო, ეს ბიჭი მეტისმეტად ფიცხია და, ვაითუ, ეგ ვნებანი მანამდე დაეშრიტოს, ვიდრე ოსტატი გახდებოდეს. მაგის ბუნებაში სიცოცხლე მოჭარბებული ძალით თუხთუხებს“.

***

დოდო აბაშიძემ თეატრის სცენაზე სულ შვიდი როლი ითამაშა, მათგან სამი – მნიშვნელოვანი. უკვე ოიდიპოს მეფის როლზე მუშაობს დოდო ალექსიძესთან, რომ, უეცრად, მწვერვალზე ასული, სამუდამოდ აქცევს ზურგს თეატრს. კინომ პირველად 1954 წელს შეაბიჯა მის ცხოვრებაში, როცა სიკო დოლიძემ „ჭრიჭინაში“ შესთავაზა როლი. მეორედ „ბაში-აჩუკში“ ითამაშა მთავარი როლი და მიატოვა კიდეც თეატრი. რამ გადაადგმევინა ასეთი ნაბიჯი – კინომ გაიტაცა და გრძნობას აჰყვა თუ შეგნებულად მოიქცა ასე? თეატრში პეპოსა და გოდუნის როლი ჰქონდა, კინოში კი – ბიჭიკოსა და აჰდუშაჰილის… კინოში საკმაოდ არეულ დროს მოვიდა, როცა ახალგაზრდა რეზო ჩხეიძემ და თენგიზ აბულაძემ, ის იყო, „მაგდანას ლურჯა“ გადაიღეს.

„ჭრიჭინას“ ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღების შესახებ მსახიობი იხსენებს: „ამ ეპიზოდის გადასაღებად საგანგებოდ გამთბარი 50 ლიტრი წყალი მეორე დუბლზევე გამოილია, კიდევ სამი დუბლის განმავლობაში თავზე ყინულივით წყალს მასხამდნენ და, საოცრება ისაა, რომ სიცივე მხოლოდ შემდეგ ვიგრძენი. მუდამ ასე მომდის: სანამ მოტორი მუშაობს, არაფერი მიშლის ხელს. ერთი წუთის შემდეგ კი თვითონ გამიკვირდა, ამას როგორ გავუძელი“.

დოდო აბაშიძის გმირები ასე თვითმყოფადნი და ბუნებრივნი არ იქნებოდნენ, თავად რომ არ სჯეროდეს, რომ მისი პერსონაჟები მართლა არსებობენ რეალურ ცხოვრებაში, მართლა ასე ფიქრობენ და იქცევიან.
სწორედ ამ როლებში აელვარდა დოდო აბაშიძის კომედიური თუ დრამატული ნიჭი. „ვერის უბნის მელოდიებს“ დიდად დააკლდებოდა ის ხიბლი და საზეიმო იერი, რასაც მას დოდო აბაშიძის რეგვენი და მექრთამე პრისტავი სძენს.

სულიკო ჟღენტი წერს: „დოდოს ყველაზე დიდი ღირსებაა თვალები, რომელიც ყოველთვის გრძნობითა და აზრითაა სავსე. საკმარისია, კინოობიექტივი მის თვალებზე შეჩერდეს, რომ რეპლიკა საჭირო აღარ არის – ყველაფერს, რაც სიტყვით უნდა თქმულიყო, ზუსტად და მეტყველურად გადმოსცემს თვალები. ბუნებამ ის არა მარტო ნიჭით დააჯილდოვა, არამედ, არაჩვეულებრივი კაცთმოყვარეობითა და შესანიშნავი გარეგნობითაც“.

***

მსახიობისთვის ბოლო ფილმი გუგული მგელაძის “ფესვები” აღმოჩნდა. ამ ფილმში დოდო აბაშიძეს და ლევან აბაშიძეს რომ უნდა ეთამაშათ, ეს რეჟისორმა თავიდანვე გადაწყვიტა.

“ფესვების” გადაღებებს გუგული მგელაძე ასე იხსენებდა:

“ფესვები” რომ გადავიღე, ერთხანს ვფიქრობდი, სენტიმენტალური ფილმია და ხალხიც ამიტომ ტირის, ინდურ ფილმებზეც ხომ ტირიან-მეთქი, მაგრამ, არა. აქ რაღაც სხვა იყო… ეს ფილმი ძალზე ქართულია და ამიტომაც ეტირებათ. სულიკო ჟღენტი სცენარს რომ მომიყვა, შემზარა. მარტო ფინალისთვის ღირდა ამ ფილმის გადაღება.

დოდო აბაშიძემ გიორგი ზაქარეიშვილის როლში ყოველგვარი “თამაშის” გარეშე გამოხატა თავისი გულისწუხილი… საფრანგეთში 11 დღე დავყავით. ერთხელაც, პარიზის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ვიღებდით სცენას, როცა ბაბუას შვილიშვილი მანქანით სკოლაში მიჰყავს. მაგრამ, მანქანების უწყვეტი ნაკადი გვიშლიდა ხელს. გადაღება რომ უნდა დაგვეწყო, დოდომ კატეგორიულად განაცხადა: “ასეთ მოძრაობაში მანქანას ნიკი ლაუდა ვერ წაიყვანს და მე როგორ ვატაროო”, თანაც ბაბუასა და შვილიშვილს კრიმანჭული უნდა ემღერათ და ეს უფრო ართულებდა საქმეს. ჩვენს ოპერატორს, ცხონებულ აბიკო მაისურაძეს ერთი სომხის ასისტენტი ჰყავდა, პატარა ტანის კაცი. მივიდა დოდოსთან და ეუბნება, “დოდოჯან, სამშობლოზე ფილმს ვიღებთ და შენ რას შვები?! რას აკეთებ, სირცხვილია, ახლავე ჩაჯექი მანქანაში! რისთვის წამოვედით ამდენი ხალხი პარიზში?!” დოდომ დაუჯერა, ჩაჯდა მანქანაში, გვერდით მოისვა შვილიშვილი, რომლის როლსაც 7 წლის ნიაზ დიასამიძე ასრულებდა და რიხიანად ატარა დოდომ მანქანა და რიხიანი სიმღერაც დასჭექეს ზაქარეიშვილებმა.

არ ვიცოდი, გადაღების პერიოდში დოდო თუ ავადმყოფობდა და თურმე სიკვდილას პირას იყო მისული. “ფესვები” მისი ბოლო ფილმია. დოდო საავადმყოფოში იწვა, როცა ფილმის პრემიერა დაინიშნა. პრემიერის მსვლელობისას, დროის ზუსტად იმ მონაკვეთში გარდაიცვალა, როცა ფილმში დოდოს გმირი კვდება… პალატიდან გამოუშვა მომსახურე პერსონალი, ყველა, ვინც გარს ეხვია და ასე დალია სული.”