20 აპრილი, 2017

იაკობ ტრიპოლსკი – მსახიობი, რომელიც თეატრალურში არ მიიღეს

“მანანა”, “ქეთო და კოტე”, “ჭრიჭინა”, “ცისკარა”, “ქალის ტვირთი”, “ხევისბერი გოჩა”, “შეხვედრა წარსულთან” – მსახიობმა იაკობ ტრიპოლსკიმ 25-მდე ფილმში ითამაშა და მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლებში სხვადასხვა პერსონაჟები განასახიერა. ის მაყურებელმა ძალიან შეიყვარა.

დუშეთის რაიონის დაბა ფასანაურში დაბადებული ხელოვანი სულ პატარა ბიჭი იყო, როცა ურმით თბილისში ჩამოვიდა და პირველად ეზიარა თეატრალურ სამყაროს.

ბევრისთვის ალბათ უცნობია, რომ მსახიობი თეატრალურ ინსტიტუტში არ მიიღეს, შენგან მსახიობი არ დადგებაო.

“არტ ინფო” იაკობ ტრიპოლსკის უფრო ახლოს გაგაცნობთ.

პოლონეთის 1830 წლის აჯანყებაში მონაწილეობისთვის ტრიპოლსკები საქართველოში გადმოასახლეს. ისინი ფასანაურში დასახლდნენ. იქ დაიბადა მომავალი მსახიობიც, მაგრამ ოჯახს უბედურება მალევე დაატყდა თავს. იაკობი 3 წლის ასკში დაობლდა. მისი მამა – ვლადიმერი მოკლეს, მას ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულებთან ფარული კავშირი სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

პატარა ბიჭი იყო იაკობ ტრიპოლსკი, როცა პაპამ თბილისში ურმით ჩამოიყვანა, ცირკთან დატოვა და გააფრთხილა, არსად წასულიყო. ბიჭი ცირკით დაინტერესდა, ჯიბეში მანეთიანი ჰქონდა და იფიქრა, დავესწრებიო, ბილეთის რიგშიც ჩადგა, მაგრამ მანეთიანი ბილეთები გათავდა. როცა რიგში მდგომმა ერთმა მამაკაცმა გაიგო, რომ ბავშვს მანეთი აკლდებოდა და ამის გამო გულამოსკვნილი ტიროდა, ფული თავად დაუმატა და ბილეთის ყიდვის საშუალება და წარმოდგენაზე დასწრების შანსი მისცა. ამ ამბავს მსახიობი ყველას უყვებოდა და ამბობდა, თუ ის დალოცვილი ადამიანი ცოცხალია, გაიხსენებს ამ ისტორიას და ნახავს ვინ გამოვედიო.

ეს იყო მომავალი მსახიობის პირველი შეხება ხელოვნებასთან. თბილისური ცირკის შემდეგ, ფასანაურში კინოს ჩვენება მოეწყო, რამაც საბოლოოდ გადაწყვიტა იაკობ ტრიპოლსკის ბედი. იგი თეატრალურ ინსტიტუტში არ მიიღეს. გამოცდაზე უთხრეს, შენგან მსახიობი არ დადგებაო, ამიტომ იძულებული გახდა, საბუთები სხვა ფაკულტეტზე გადაეტანა. ამის მიუხედავად, იგი მაინც მოხვდა თეატრსა და კინოში. მისი პირველი სპექტაკლი ცნობილი რეჟისორის, ვასო ყუშიტაშვილის ნამუშევარი იყო. სპექტაკლი ინგლისურად დაიდგა და მთავარ როლზე იაკობ ტრიპოლსკი მიიწვია. ამის შემდეგ, მსახიობი მარჯანიშვილის თეატრში აღმოჩნდა. მან ყველა როლი ზეპირად იცოდა. ერთხელ წამყვანი მსახიობი ავად გახდა, საღამოს სპექტაკლზე შემცვლელი ვერ ნახეს. იცოდნენ, რომ იაკობ ტრიპოლსკიმ სპექტაკლები ზეპირად იცოდა და მას დაუძახეს. სპექტაკლში იმდენად კარგად ითამაშა, რომ თეატრის იმჟამინდელმა დირექტორმა შალვა ღამბაშიძემ თეატრში მიიღო და შტატშიც ჩასვა. ასე დაიწყო იაკობ ტრიპოლსკის თეატრალური კარიერა.

ერთ-ერთი სპექტაკლი კი მსახიობს კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა. იაკობ ტრიპოლსკი და სერგო ზაქარიაძე ერთად თამაშობდნენ. პიესის მიხედვით სერგო ზაქარიაძეს იაკობ ტრიპოლსკისთვის თოფი უნდა ესროლა და მოეკლა. კულისებში ბუტაფორიული თოფი ვიღაცამ ნამდვილით შეცვალა, მსახიობმა ფოთი ისროლა, ტყვია გავარდა და განათებას მოხვდა. ასე გადაურჩა სიკვდილს იაკობ ტრიპოლსკი.

რაც შეეხება კინოკარიერას, მისი პირველი ფილმი იყო “ეთო და კოტე”, რასაც მოჰყვა “ჭრიჭინა”, “ცისკარა”, “ქალის ტვირთი”, ”მანანა”…

იაკობ ტრიპოლსკი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე დღის განმავლობაში რამდენჯერმე წუთით გონება ეთიშებოდა და ყველაფერი ავიწყდებოდა.