14 აპრილი, 2017

ქართული ფილმი იტალიაში 3 პრიზით დააჯილდოვეს

ქართული ფილმები მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალებზე გამარჯვებებს აღწევენ.

გამონაკლისი არც ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ახალი ფილმი „ჩემი ბედნიერი ოჯახია“. ფილმი ფესტივალზე იტალიაში, აპულიაში, სალენტოს ნახევარკუნძულზე მთავარი როლის შემსრულებელმა მსახიობმა ია შუღლიაშვილმა წარადგინა.

ლეჩეს ევროპული ფილმების ფესტივალზე ქართული ფილმი 3 პრიზით დააჯილდოვეს. სურათმა მთავარი პრიზი მიიღო – „ოქროს ზეთისხილის ხე“ საუკეთესო ფილმის ნომინაციაში. ფილმმა პრიზი საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისთვისაც დაიმსახურა. მესამე პრიზი კი კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანებამ FIPRESC გადასცა.

ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმის მსოფლიო პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე გაიმართა. საერთაშორისო პრემიერა კი ბერლინის კინოფესტივალზე შედგა. „ნიუ იორკ თაიმსის“ მთავარმა კრიტიკოსმა “ჩემი ბედნიერი ოჯახი” 9 საუკეთესო და აუცილებლად სანახავ ფილმს შორის დაასახელა.

ფილმი დრამაა და მოქმედება თბილისში ვითარდება. მასში ერთი ჩვეულებრივი ქართული ოჯახის ისტორიაა, სადაც სამი თაობა ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს. ყველა შოკირებულია, როცა 52 წლის მანანა გადაწყვეტს ოჯახიდან წავიდეს და მარტომ, მშობლების, ქმრისა და შვილების გარეშე იცხოვროს.
სურათში მთავარ როლებს ია შუღლიაშვილი, მერაბ ნინიძე, ბერტა ხაფავა და გიორგი ხურცილავა ასრულებენ.