28 აპრილი, 2017

ნინო სურგულაძის საჩუქარი თბილისს

საოპერო მომღერალი ნინო სურგულაძე სამშობლოში შეძლებისდაგვარად ხშირად ჩამოდის და ცდილობს, მონატრებულ თანამემამულეებს სასიამოვნო სიახლეები შესთავაზოს.

მეცო-სოპრანომ რამდენიმე წლის წინ საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე” ჩამოყალიბა და იმ ადამიანების დახმარება გადაწყვიტა, რომლებსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.

პირველ მაისს ნინო სურგულაძე მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად მეშვიდე საქველმოქმედო საღამოს გამართავს. თბილისის ოპერის თეატრში შეკრებილი მსმენელის წინაშე წარსდგებიან თანამედროეობის უდიდესი დირიჟორი, კომპოზიტორი და პიანისტი ეციო ბოსსო, სოპრანო კარმენ ჯანატაზიო, პიანისტი ოლივერ პული და “ნატვრის ხის” დამფუძნებელი მსოფლიოში აღიარებული ქართველი ვარსკვლავი ნინო სურგულაძე. ოპერის სიმფონიურ ორკესტრს მაესტრო ეციო ბოსსო უდირიჟორებს.

კარმენ ჯანატაზიო იტალიელი – ნეაპოლიტანელი მსოფლიოში აღაირებული სოპრანოა. იგი დღეს საოპერო სამყაროში ერთ ერთი ყველაზე მოთხოვნადი მომღერალია. „დეილი ტელეგრაფმა“ კარმენი თავისი თაობის ერთ ერთ ყველაზე ნიჭიერ სოპრანოდ დაასახელა. კარმენი გამოდის მსოფლიოს წამყვან თეატრებში: მეტროპოლიტენ ოპერა, მილანის ლა სკალა, ლონდონის კოვენტ გარდენის, შანს ელიზეს, არენა დი ვერონას, ფლორენციის, ვენეციის, ლოს-ანჯელესის, რომის, სეულის და სხვა წამყვან თეატრებში. თანამშრომლობს მსოფლიოს უდიდეს დირიჟორებთან. კარმენმა შეასრულა ტრავიატას პარტია ცნობილი თურქი კინო-რეჟისორის ფრანც ოცპეტეკის საოპერო დადგმაში „ტრავიატა“, რომელმაც მომღერალს პირველი კლასის ღირსეული შემსრულებელი უწოდა.

კარმენი ახლახანს წარსდგა რომის პაპის წინაშე ვატიკანის „ნერვის“ დარბაზში, სეპციალურ კონცერტზე, რომელიც გადაიცემოდა ტელეკომპანია „რაის“ მიერ მთელ მსოფლიოში.

მისი საოპერო მიღწევებისთვის წელს კარმენი დაჯილდოვდა იტალიის პრეზიდენტისგან იტალიის „ვარსკვლავის კავალერის“ წოდებით. კარმენ ჯანატაზიო არის „ბულგარის“ ელჩი, მის ჩაცმულობაზე კი ზრუნავს ცნობილი დიზაინერი ანტონიო რივა.

ბრიტანელი პიანისტი და ვირტუოზი, ფონდის მეგობარი ოლივერ პული საქართველოში უკვე კარგად ცნობილი და საყვარელი შემსრულებელია, მან „ნატვრის ხის“ თითქმის ყველა ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ბავშვების დასახმარებლად.

„ნატვრის ხემ“ უკვე ჩატარებული 6 ღონისძიებით ქართული საზოგადოების, მსოფლიო ვარსკვლავების ჩართულობით და დახმარებით 50-მდე ბავშვს აჩუქა სიცოცხლე, ბავშვების უმრავლესობას საზღვარგარეთ მკურნალობა დაუფინანსდა, მათ ურთულესი ოპერაციები ჩაუტარდათ.

ფონდის საქველმოქმედო ნომერზე 09 01 900 999 ზარების რაოდენობამ 200.000-ს გადააჭარბა.