7 აპრილი, 2017

ილია ჭავჭავაძის იუბილე პრემიერით აღინიშნება

2017 წელს 180 წელი სრულდება მწერლის, პოეტის და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან.

ამ თარიღს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი პრემიერით აღნიშნავს.

13 აპრილს 19 საათზე თეატრის მცირე სცენაზე ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილების“ წარმოსადგენად ემზადებიან.

პუბლიცისტური წერილები „ერი და ისტორია“, „დავით აღმაშენებელი“, ლექსები, აზრები, „კაცია -ადამიანის“ ერთ-ერთი ვერსია და ილიას ყველა დროში აქტუალური მოთხრობა „მგზავრის წერილები“ დიმიტრი ხვთისიაშვილის რეჟისურით ახალ სიცოცხლეს შეიძენს.

ინსცენირების ავტორი, დამდგმელი რეჟისორი და სცენოგრაფი დიმიტრი ხვთისიაშვილია, კომპოზიტორი – გომარ სიხარულიძე, ქორეოგრაფი კი ნიკოლოზ ნანიტაშვილი.

ახალგაზრდა და შუა თაობის სამსახიობო ანსამბლით მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენიდან ილიას მართალი და ბასრი სიტყვა გაისმება.

ორმოქმედებიანი სპექტაკლის პირველ ნაწილში სახელწოდებით „დამაკვირდი“ მონაწილეობენ: I პროტაგონისტი, ავტორი, შვილიშვილი – შალვა ანთელავა, II პროტაგონისტი, გუბის ბინადარი, ბაბუა – ნიკოლოზ ფაიქრიძე.

სპექტაკლის მეორე ნაწილში „მგზავრის წერილები“ მონაწილეობენ ავტორი – ნიკა ნანიტაშვილი, ოფიცერი – გიორგი კაჭახიძე, ლელთ ღუნია – ვამეხ ჯანგიძე.

სპექტაკლი ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180-ე წლისთავს ეძღვნება.