15 აპრილი, 2017

ელენე მაცხონაშვილი ქეთი დოლიძის წინააღმდეგ

თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ელენე მაცხონაშვილი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ქეთი დოლიძეს უპირისპირდება და საჯაროდ ღია წერილით მიმართავს:

“მე უკვე დიდი გოგო ვარ და თქვენი “კუკარაჩა” ნანახი მაქვს!

ვიცი, ბევრს დავწერ. მერე გამახსენდება, რომ ვრცელ წერილებს აღარ კითხულობენ და შევამოკლებ… ამიტომ რეზულტატი დარედაქტირებული იქნება.

როცა რამდენიმე დღის წინ კულტურის სამინისტროზე ეს თავდასხმა დაიწყო, არ მინერვიულია, რადგან კულტურის სამინისტროში ქალბატონ ქეთიზე არანაკლებ “მიუღებელი პერსონა” ვარ (ქრონიკულად უკმაყოფილო მე). ამის დასტურია კულტურის სამინისტროს მიერ გამოგზავნილი აუდიტი, რომელიც ორი კვირაა უკვე თეატრში გვიზის და ხელს და ნერვებს თანაბრად გვიშლის. მაგრამ ყველაფერს აქვს დადებითი მხარე – რაკი სრულყოფილად ვერ ვმუშაობ, დრო გამომიჩნდა. დავფიქრდი და ვიპოვე 10 განსხვავება:

1) მიხეილ გიორგაძის გარდა, თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი (შესაბამისად, ბავშვებიც) ყოველთვის, ყველა ხელისუფლების პირობებში არცერთ კულტურის მინისტრს რბილად რომ ვთქვა, არ აინტერესებდა და არაპოლიტკორექტულად რომ ვთქვა, ძალიან ფეხებზე ეკიდა (ნიკა რურუა იყო ის კულტურის მინისტრი ვის დროსაც ეს თეატრი ქუჩაში აღმოჩნდა).

2) მიხეილ გიორგაძეა ის ერთადერთი კულტურის მინისტრი ვინც დანიშვნისთანავე თოჯინების თეატრში (და როგორც ვიცი ყველა სხვა დანარჩენ სსიპ-შიც) პირადად მივიდა და ადგილზე გაეცნო პრობლემებს.

3) მიხეილ გიორგაძის ინიციატივით მოიძებნა თბილისის თოჯინების თეატრისთვისთვის ადგილი მშენებლობისთვის, მოძიებული იქნა რამდენიმე მილიონი, დაპროექტდა, დაიგეგმა და დაიწყო მშენებლობა (ამავე პროექტშია თეატრალური უნივერსიტეტი, სამხატვრო აკადებია, თელავის თეატრი, ახალციხის თოჯინების თეატრი და ასე შემდეგ).

4) მინისტრის ძალისხმევით თბილისის თოჯინების თეატრს 83 წლიანი ისტორიის მანძილზე პირველად ექნება საკუთარი შენობა.

5) კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ვიმყოფებოდით ლონდონში, სადაც დავიწყეთ მუშაობა პროექტზე – ” შშმ პირების დასაქმება თოჯინების თეატრის ბაზაზე”.

6) სამინისტროს მხარდაჭერით გაჩნდა ახალი სპექტაკლები რეპერტუარში (მათ შორის უფროსი თაობის მაყურებლისთვის).

7) ამავე მინისტრის ხელშეწყობით 2014-2017 წლებში ვიმყოფებოდით ამერიკის შეერთებულ შტატებში, ყაზახეთში, ბულგარეთში, სომხეთში, დიდ ბრიტანეთში, ტაილანდში (გვინდოდა ედინბურგშიც… და დარწმუნებული ვარ 200000 -იანი ბიუჯეტით ხუთი თეატრალური დასი მაინც წარსდგებოდა ქართული თეატრალური ხელოვნების მეტი და უფრო თვალსაჩინო პოპულარიზაციისთვის (არა მთელი თვით, ცხადია. ისე,თუნდაც ერთი კვირით).

8) პირველად გვაქვს თეატრსა და სამინისტროში არსებულ დეპარტამენტებს შორის ხშირად საქმიანად დაძაბული, განსხვავებული პოზიციებისგან შემდგარი, მაგრამ ძალიან საქმიანი, ყოველდღიური ურთიერთობა.

9) წინა (ხელისუფლება) მინისტრები არაფერს აკეთებდნენ და მაინც უმოწყალოდ აპიარებდნენ საკუთარ საქმიანობასს. ეს აკეთებს და არ აპიარებს (არ ვიცი რატომ).

10) 2014-2016 წლებში დინამიკაში გაგვეზარდა ბიუჯეტი… თუმცა, 2016 წლის დეკემბერში, ისევე, როგორც ყველას, ჩვენც დაგვაკლდა ავადსახსენებელი 10%. ჩვენც მხოლოდ სახელფასო ფონდი გვაქვს და აი, ამაში ნამდვილდ მართალია მინისტრი – ეს, არასწორი მენეჯმენტის შედეგია. ყოველ გაზრდილ ბიუჯეტზე მირჩევდნენ, რომ ეს რესურსი სადადგმო, კომუნალურ ან საგასტროლო ფონდისთვის გადამედო, მაგრამ ჰო, ძალიან მინდოდა კაი ტიპი ვყოფილიყავი და ხელფასებში გავუშვი. ამიტომაც მომიწია რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება (და ცალსახად ჩემი ბრალია)
ჩვენი( ხელმძღვანელების) პრეროგატივაა ბიუჯეტის სწორად დაგეგმვა და ხელფასების გადანაწილებაც (ჩვენ, სამწუხაროდ, ის თეატრი ვართ, რომელიც ფონდ “ქართუდანაც” არაფერს იღებს) და მაინტერესებს, რატომ ვერ გრძნობდა თოჯინების თეატრი თქვენს მხარდაჭერას, როცა წინა ხელისუფლებამ ის შენობიდან გამოაძევა. რატომ არ გვესმოდა თქვენი ხმა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, როცა ქუჩაში დავყიალობდით.

ქ-ნი ქეთი (ჩვენთან არა მაგრამ) ერთხელ ვნახე “მოზარდში” – მთელი სპექტაკლი მობილურით თამაშობდა (ნეტავ საერთოდ არ ყოფილიყო იქ). ჰოდა, რას ვამბობდი?.. დავფიქრდი და მივხვდი – მე არ ვეტრფი კულტურის მინისტრს და სტრატეგიაშიც შეიძლება არ დავეთანხმო, მაგრამ ამ ერთი, კონკრეტული თეატრის, მისი ძალიან და ყველაზე საპატიო, პატარა მაყურებლის სახელით უნდა ვთქვა, რომ მისი ყოფნა ამ პოსტზე (მეტი ხნით და არასამუდამოდ) სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ხოლო იმის დასტურად, რომ მეც თქვენნაირი ვარ, გეტყვით, რომ ბებიჩემიც დიდი ვინმე იყო… სახლი არ მაქვს, მეც მშია ხოლმე, სამი შვილი მყავს, იმათაც შიათ ხოლმე, მაგრამ დამსახურების და წარმომავლობის ხარჯზე აღარ გვინდა რა… ავწიოთ ეს კოლექტიური ტრაკი და ვიაროთ წინ!

ჩვენ ჰოლივუდზე გავედით – ერთ ფილმში უკვე გადაიღეს ჩვენი სპექტაკლი და სექტემბერში სრულმეტრაჟიან ფილმს იღებენ ისევ ჩვენზე. ესეც ჩვენი მოვალეობების ნაწილია. რა უნდა ზურა ყიფშიძის რანგის მსახიობის გაყიდვას?! (ძალიან მცირე ძალისხმევაა ამისთვის საჭირო, მერწმუნეთ).

აქ ის დავწერე და ვიგულისხმე, თუ რა მაგარი შემოქმედებითი და ტექნიკური პერსონალი,მეტადრე კი დირექტორი ჰყავს თოჯინების თეატრს, კიდევ…რა მაგარი გოგო ვარ მე და მიუხედავად იმისა, რომ უკვე ათას დაბრკოლებას და “კუკარაჩას” გადავახტით, რომ არა კულტურის სამინისტროს (და პირადად მინისტრის) მხარდაჭერა, ვერაფერს მივაღწევდით.

პასუხი არ მინდა, არც ხურდა. ნუ დამიბრუნებთ, კანფეტები უყიდეთ ბავშვებს.”