“ქართველობა არასოდეს ყოფილა მონობის, უმწეობის, ჩაგრულობის სიმბოლო”

9 აპრილი, 2017

1989 წლის 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა.

ამ თარიღთან დაკავშირებით “არტ ინფო” გთავაზობთ მწერლისა და პოეტის ოთარ ჭილაძის ჩანაწერს, რომელიც 9 აპრილის სისხლიან კვირა დღეს ეხება:

“დარწმუნებული არა ვარ, რაიმე ზემოქმედებას თუ მოახდენს ჩემი სიტყვა თქვენს სულსა და გონებაზე, მაგრამ აღარც გაჩუმება შემიძლია – არა რომელიმე ჩვენგანის, არამედ საერთოდ საქართველოს ხვალინდელი დღეა საფრთხეში.

არასოდეს არ ყოფილა ალბათ ასე საჭირო ჩვენი განუყოფლობის, ჩვენი ერთიანობის შეგრძნება და შეგნება, შეგნება და გაანალიზება უბედურებისა, ყველას ერთნაირად რომ დაგვატყდა თავს. მთელი ჩემი არსებით ვგმობ იმ არაადამიანურ სისასტიკეს, ანგარიშსწორების იმ ბარბაროსულ მეთოდს, მსხვერპლისადმი იმ ცინიკურ განურჩევლობას, რისი მოწმენიც, ჩვენდა სამწუხაროდ, ცხრა აპრილის ღამით გავხდით.

ეს ღამე ალბათ ახალ “ბართლომეს ღამედ” ჩაიწერება მსოფლიოს ისტორიაში, ხოლო ჩვენს შეგნებაში მარადიულ წყვდიადად დარჩება – აღარასოდეს გათენდება, როგორც არ უნდა წარიმართოს ხვალიდან ჩვენი ცხოვრების გზები. ჩვენ კი არ დაგვსაჯეს, როგორც, დავუშვათ, პოლიტიკური დამნაშავენი, არამედ ბნელში, ფაცაფუცით, გაუსამართლებლად ამოგვხოცეს, როგორც, დავუშვათ, ქვეწარმავლები.

ჩვენი ყველაზე დიდი დანაშაული კი თავისუფლებისკენ სწრაფვა იყო და სხვა არაფერი. ხოლო თავისუფლებისკენ სწრაფვა საერთოდ ადამიანის მთავარი თვისებაა და არაფერია ამაში არც გაუგებარი, არც მოულოდნელი, არც გადამეტებული და, რაც მთავარია, არც სხვებისგან გამოსარჩევი. პირიქით, თუკი გვამსგავსებს, სწორედ ეს უკეთილშობილესი თვისება თუ მოთხოვნილება გვამსგავსებს იმ ბედნიერ ხალხებს, სხვებზე ადრე რომ გაიარეს თვითგამორკვევის, თვითდამკვიდრების, თვითშემეცნების გზა. ეს გზა, ადრე თუ გვიან, ყველა ხალხმა უნდა გაიაროს და მათ შორის, რასაკვირველია, ჩვენც. მაგრამ საქმეც ისაა, ვინ როგორ გაივლის ამ გზას, ანუ ბოლომდე გაივლის, თუ შუა გზაში შეფერხდება, დაიბნევა, გადაცდება, მხარი ექცევა.…

სიბნელიდან სინათლეზე ერთბაშად გამოსვლა სახიფათოა – გადაჩვეულმა სინათლემ, შეიძლება ისე დაგვაბრმავოს, სულ უბრალო დაბრკოლებაც საბედისწერო აღმოჩნდეს ჩვენთვის; შეიძლება ისე მოვიქცეთ, როგორც არავითარ შემთხვევაში არ მოიქცეოდა, თუნდაც დაბადებით ბრმა ადამიანი, რადგან მან ასევე დაბადებიდან იცის – ბრმაა – და ბუნებისგან მომზადებულიცაა მარადიულ სიბნელეში საცხოვრებლად. ჩვენი მოვალეობა კი სიბნელიდან გამოსვლა, სიბნელის დაძლევაა სწორედ. ამიტომაცაა ახლა ჩვენთვის აუცილებელი დამშვიდება, გონებისა და ძალის მოკრება.

ჩვენი დღევანდელი უბედურება როდი ნიშნავს იმას, ჩვენს მიზანზე, ანუ ადამიანის მთავარ მოთხოვნილებაზე ავიღოთ ხელი. მიზანი იგივეა, ხოლო რაკი მიზანი გვაქვს, სიცოცხლესაც უნდა გავუფრთხილდეთ, რამდენადაც ერთი განაპირობებს მეორეს: სიცოცხლის გარეშე ვერავითარ მიზანს ვერ მივაღწევთ და უმიზნოდ არანაირ სიცოცხლეს არა აქვს აზრი. თუკი კაცობრიობას მართლა უწერია მომავალი, მიუხედავად მისი დღევანდელი ზნედაცემულობისა და გულმხეცობისა, ჩვენს შთამომავლობას ალბათ ძალიან გაუჭირდება ამ მასობრივი მკვლელობის მესვეურთა როგორც პოლიტიკური, ისევე ადამიანური მრწამსის გაგება, მით უფრო – გამართლება. საამისოდ არც ის ანტისაბჭოური პლაკატები იქნება საკმარისი, რომლებიც უმალ ჩვენს გულუბრყვილობას ადასტურებდა, ვიდრე ჩვენი პოზიციის სიმტკიცესა და სიძლიერეს. და მაინც, როგორც ყოველთვის, სასჯელის ზომა ახლაც უკიდურესი აღმოჩნდა. ალბათ ესეც ჩვენი ბრალია, როგორც სხვა ყველაფერი. ალბათ ჩვენივე ეროვნული თვისებები განაპირობებს არამარტო დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დასჯის მეთოდსაც. ასეთია, სამწუხაროდ, მწარე სიმართლე, ასე გვიყურებენ სხვები.

ბევრი ჩვენი ეროვნული უბედურება ჩვენს ეროვნულ დანაშაულადაა მიჩნეული. ასე კი იმიტომ ხდება, ოდითგანვე მტრებით რომ ვართ გარემოცულნი, გამკითხავი კი არავინაა. დაჩაგრულნი კი არა ვართ სხვათა თვალში, არამედ – მჩაგვრელები; აბუჩად აგდებულნი კი არა – აბუჩად ამგდებნი. არადა, ერთადერთი ქვეყანა ვართ მსოფლიოში, სადაც ნებისმიერი ლტოლვილი თავს მასპინძლად გრძნობს, თავის ენაზე ნათლდება, თავის ტაძარში ლოცულობს, თავის თეატრში იღებს სულიერ საზრდოს, როცა მსგავსიც არაფერი შეუქმნია არც თავისუფლების სიმბოლოს – საფრანგეთს, და არც “ინტერნაციონალიზმის მედროშეს” – რუსეთს. მაგრამ, საუბედუროდ, ჩვენი არავის არ ესმის. ნურც ჩვენ მოვიტყუებთ თავს, გავუსწოროთ სიმართლეს თვალი და კვლავინდებურად გავმაგრდეთ “ჭირსა შიგან”. არც ქალბატონი ტეტჩერი და არც ბატონი ბუში გამოიდებს თავს ჩვენი გულისთვის. ჩვენ არავის ვჭირდებით, თუნდაც იმიტომ, ჩვენი გამოქომაგება გარკვეულ რისკთან რომაა დაკავშირებული. ასე იყო ყოველთვის. ამიტომ როგორც აქამდე დაგვიცავს ჩვენი მეობა, ახლაც ისე უნდა დავიცვათ – გარე-გარე ყურებითა და ფუჭი იმედით კი არა, საკუთარ სულში ჩაღრმავებითა და მწარე სიმართლის ხვრეპით.

დიახაც რომ ღმერთი ჩვენთანაა, რაკი დღესაც გვახსოვს ჩვენი ქართველობა და დღესაც შეგვიძლია მისთვის თავის გაწირვა. სამშობლოს დაკარგვა იგივე მეობის, ადამიანობის დაკარგვაა; მამის საფლავის დამვიწყებელს სხვაზე ადრე საკუთარი შვილი შეაქცევს ზურგს; ღირსებააყრილ კაცს არც მტერი სცემს პატივს და არც მოყვარე. გარდა ამისა, ჩვენ შემოქმედი ხალხი ვართ და დაღუპვის უფლება არა გვაქვს. დიდი გზის მგზავრები ვართ და სხვებზე მეტის მოთმენა გვმართებს. ღმერთმა ქნას, ჩვენი შვილები თუ არა, ჩვენი შვილიშვილები მაინც განწმენდილიყვნენ იმ უსამართლო სიძულვილისგან, ცილისწამებებისგან, ცოდვებისგან – დაუნდობელმა ისტორიამ რომ მოგვახვია თავს. ხვალინდელ ქართველზე მაინც ეთქვას თვალახელილ, გონებაგახსნილ მსოფლიოს ის ეპითეტები, ჩვენმა წინაპრებმა ბევრი დღევანდელი მოწინავე ქვეყნის ჩასახვამდე რომ დაიმკვიდრეს სამართლიანად: ზრდილი, გონიერი, ღვთისნიერი, კაცთმოყვარე, გულადი, გულუხვი, სულგრძელი…

ჩვენი გზა ძნელი გზაა, ჩვენი ბედი ჭირვეულია, მაგრამ მაინც უნდა შევეგუოთ ბედს, თუმცა ეს სრულებითაც არ ნიშნავს, აღარ ვცადოთ საცდელი. ლეგენდებს რომ მივყვეთ, ჩვენ დაბმული გმირის შთამომავლები ვართ და იმისგან მოგვდევს ნებისმიერი ბორკილის გაწყვეტის ჟინი. ქართველობა მარტო ეროვნება არ არის, გარკვეული თვალსაზრისით, სასჯელიცაა – ამას ადასტურებს მთელი ჩვენი ისტორია, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენდა საბედნიეროდ და საამაყოდ, ქართველობა არასოდეს ყოფილა მონობის, უმწეობის, ჩაგრულობის, უსახლკარობის სიმბოლო, რის გამოც არასოდეს დაგვიმსახურებია არც თანაგრძნობა და არც სიბრალული დანარჩენი მსოფლიოსგან. სამაგიეროდ, დანარჩენი მსოფლიო ყოველთვის მეტოქეს, პარტნიორს ანდა კონკურენტს ხედავდა ჩვენში. მე მხედველობაში მყავს ისეთი დიდი სახელმწიფოებიც კი, რომლებსაც საქართველოსხელა სამხედრო პოლიგონები აქვთ. ეს კი, უპირველეს ყოვლისა, ისევ სიცოცხლისკენ, ისევ გადარჩენისკენ მოგვიწოდებს.

პირადად მე, თუკი ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს თქვენთვის, სხვათა სიბრალულსა და თანაგრძნობას ისევ სხვათა შური და ჯიბრი მირჩევნია. ამიტომ მოდით, ისევ ჩვენით, სხვათა დაუხმარებლად, ფუჭი იმედის გარეშე ვზიდოთ ჩვენი ყველაზე მძიმე და ყველაზე ძვირფასი ტვირთი – ჩვენი მეობა. რაც არ უნდა მწარე იყოს, ერთხელ კიდევ ჩამოვიბანოთ ჩვენი მარადიული, მარად პირდაღებული, მარად შეუხორცებელი ჭრილობები; კიდევ ერთხელ მივაბაროთ მიწას, ვინ იცის, მერამდენედ მოკლული, მერამდენედ შეურაცხყოფილი, აბუჩად აგდებული ცხედარი ჩვენი ჯერ კიდევ გასათენებელი მომავლისა; ერთხელ კიდევ დავიჩოქოთ ჩვენი ამოუვსებელი სამარის წინ და ერთხელ კიდევ დავდოთ ფიცი: არასოდეს, არავითარ შემთხვევაში, არაფრის გულისთვის რომ არ მოვიშორებთ ტვირთს, რომელიც ღმერთმა და დედაბუნებამ აგვკიდა, არ ვუღალატებთ გზას, რომელიც ჩვენმა კეთილშობილმა წინაპარმა გაგვიკვალა, არ დავკარგავთ თვალთახედვიდან მიზანს, რომელიც ჩვენმა უკეთესმა თანამემამულეებმა დაგვისახეს.”

გააზიარეთ