ქართველი მამაკაცების ტრაგიკული ისტორია, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს

19 აპრილი, 2017

“დიდი ხეპრე და უწიგნური კაცი იყო გივი, მაგრამ რად გინდა, მთელი სოფელი პატივს სცემდა მისი სიმდიდრის გამო, და როგორც მდიდარი უწიგნურების წესია, ღარიბ სწავლულებს ემტერებიან, კი არა სულ მათი ჯავრი სჭირთ.

ასეთი მახრა ჰქონდა გივის მისი სწავლული მეზობლის, ერთი ქოხის უქონებელი გოგიას მიმართ. ბავშვობიდან ერთად მოდიონენ და გოგია სულ სჯობდა ჭკუაში, სწავლაში და სილამაზეში. მარამ გოგიას სულ ხელს უშლიდა თავისი პატიოსნება სიმდიდრის დაგროვებაში და ამიტომ გივიმ ისე გაასწრო ამ საკითხში, რამდენადაც წიგნიერებაში ჩამორჩებოდა.

იმის გამო, რომ გივის ბევრი ფული ჰქონდა, სოფლის ულამაზესი გოგოც შეირთო ცოლად, გოგიამ კი წესიერი, მაგრამ დიდად შეუხედავი ქალი დაითანხმა ცოლობაზე. წირვაზე რომ წავიდოდნენ კვირაობით, ყველა გივის ცოლს და მის ტანსაცმელს უყურებდა, გოგია კუთხეში იდგა მის ღარიბ ცოლთან და უფალს შვილების კარგად ყოფნას ევედრებოდა, გივი გამორჩეულ ადგილზე იდგა და უფალს შვილის ყოლას სთხოვდა, ყველაფერი ეხარბებოდა მდიდარ გივის ღარიბი გოგიასთვის, სასაფლაოს ნაკვეთიც კი, რომელიც გვერდი-გვერდ ჰქონდათ.

ასე გავიდა 30 წელი. გოგიას ოთხი შვილი და არცერთი სახლი არგუნა ბედმა, გივის ოთხი სახლი და არცერთი შვილი. ერთ დღეს დაიღუპნენ ტრაგიკულად, ცხენებით სანადიროდ იყვნენ მთაში მეზობლები, ზამთარმა თავისი გაიტანა და გზები სულ ჩაიტანა მდინარისკენ. თან წაიყოლა გივის და გოგიას ცხენები მხედრებით. დასაფლავებაც ერთ დღეს გადაწყვიტა სოფელმა. უბრალოდ ჯერ გივი უნდა დაეკრძალათ და ერთ საათში გოგიასაც მიასვენებდენ სასაფლაოზე. საშინლად წვიმდა იმ დღეს. მესაფლავე, რომლის სახელი ჯერ კაციშვილმა არ იცოდა სოფელში, მთელი დღე ხან ერთ საფლავს თხრიდა, ხან მეორეს. ორი მიცვალებული უნდა დაეკრძალა დღეს, ადვილი საქმე როდის იყო ორი პოლიტრა არაყდალეული მოხუცი მესაფლავისთვის, არა და ამინდი უფრო ურთულებდა საქმეს, წვიმა ამძიმებდა მის ქურთუკს და არაყი უბინდავდა გონებას.

როცა ყველამ დატოვა სასაფლაო და მარტო დარჩა, ხან ერთ კუბოს მოუბრუნდა მთვრალი მესაფლავე, ხან მეორეს და ხმამაღლა ეკითხებოდა, აბა რომელი ხართ გივი და რომელი გოგია, გამაგებინეთო. რომ არცერთმა უპასუხა, ადგა და თავად გადაწყვიტა, გივი გოგიას საფლავში ჩადო, გოგია გივის წილ მიწას მიაბარა, მიცვალებულებთან ერთად დაიმარხა ეს საიდუმლოც. თვითონ მესაფლავესაც კი არ გახსენებია მას მერე.

რაც სიცოცხლეში არ ღირსებია გოგის ისეთი პურ-მარილი იშლებოდა მის საფლავზე, რაც ცხოვრებაში ვერ აუსრულა ღმერთმა, ოთხი შვილი დასტიროდა გივის საფლავს. და იყვნენ ასე. იყვნენ სანამ გივის ლამაზი ქვრივი არ გარდაიცვალა და გოგიას არ მიუწვინეს გვერდში. ალბათ მაშინ კი აევსებოდა გივის მოთმინების ფიალა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ვინ იცის, იქნებ სხვისი შვილების ფეხით გთელილი მიწა ამჯობინა უნაყოფო ლამაზ ცოლს და დიდებას საიქიოში.”

ანა ლაშხელი ონიანი – “მესაფლავე”

გააზიარეთ