“საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი”

14 აპრილი, 2017

მარჯანიშვილის და თავისუფალი თეატრების მსახიობი ჯაბა კილაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის იმ თემების საჯაროდ განხილვისთვის, რაც მისთვის ყველაზე მტკივნეულია, თუმცა გაჩუმებაც არ შეუძლია.

ჯაბა კილაძე:

“ჩვენ ვართ კულტურის სფეროს წარმომადგენლები და, შესაბამისად, გვევალება, რომ უფრო კულტურული ფორმით გამოვხატოთ ჩვენი ნებისმიერი პროტესტი, მაგრამ ეს მინისტრსაც ავალდებულებს, რომ მისი ტონი, მისი ნებისმიერი საქციელი იყოს ძალიან გაწონასწორებული და ძალიან ზუსტად შერჩეული.

ამ ადამიანს არ ვიცნობ, მქონდა მისდამი პატივისცემა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ორ დღეში ისეთი რაღაცეები დავინახე, რასაც მინიმუმ კულტურის მინისტრისგან არ უნდა ვხედავდე. ის ჩაერთო ძალიან ცუდად დისკუსიაში და დაეშვა იმაზე ქვევით, ვიდრე შეიძლებოდა.

საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ ეს არ იყო მსახიობების პრეტენზია, ეს იყო ერთი კონკრეტული მსახიობის გამოთქმული აზრი თავის ოჯახზე. ეს აგორდა, დაიხვია ხელზე ყველამ და საბოლოოდ კონკრეტული პრობლემის ჩვენება არ მოხდა. სიუჟეტებზე წერია, რომ ჩვენ ვართ გაჭირვებულები, ამ დროს ვიღაც გვეხმარება, ჩვენ ვართ მშიერი სეგმენტი და ყველა ვაგინებთ გიორგაძეს, რომ მან მოგვცეს ფული. ეს არის ტყუილი, ჩვენ არ გვშია, ჩვეულებრივად ვცხოვრობთ, ამ ქვეყანაში ვართ და ვარსებობთ. ასეთი ინტერპრეტაცია ამას არ უნდა მიეცეს. მაგრამ თეატრში რომ არის ფინანსური პრობლემები, ამაზე შემიძლია ვილაპარაკო და ნებისმიერს შემიძლია დავუმტკიცო, რომ ეს მართლა ასეა.

მინისტრმა თქვა, დიახ, თეატრებმა თვითონ უნდა ირჩინონ თავი, გაყიდონ ბილეთები და მოიზიდონ მაყურებელიო. მინისტრიც ცხოვრობს ამ ქვეყანაში, ალბათ აქვს სტატისტიკა, იცის სოციალური ფონი როგორია ქვეყანაში. 15-17 ლარად გაყიდული ბილეთები 500-600 ადგილიან დარბაზში 9-10 ათას ლარს ურტყავს. რანაირად შეიძლება ამით თეატრმა თავი შეინახოს?!

ორ თეატრში ვმუშაობ სახელმწიფო თეატრშიც და კერძო თეატრშიც – მარჯანიშვილის თეატრშიც და თავისუფალ თეატრშიც. კარგად ვიცი კერძო თეატრს რამდენად უჭირს. ზუსტად ვიცი რას ნიშნავს, როცა ჩვენ, მსახიობები სათითაოდ ვითვლიდით მაყურებლებს, 2 კაცი თუ აკლდა დარბაზში, 20 თეთრი გვაკლდებოდა. ამაზე ხმამაღლა არასდროს მისაუბრია, მრცხვენია ჩემს ფინანსურ მდგომარეობაზე ასეთ ტონში ლაპარაკი. ყველას მაგივრად მრცხვენია და ყველას მაგივრად ვუხდი საზოგადოებას ბოდიშს, რომ ჩვენ მათ ეს დეტალები ასე ღიად დავანახეთ. მწყინს, რომ ხალხმაც ასე ადვილად დაიჯერა, რომ თითქოს ჩვენ თვართ საწყალი ტიპები, რომლებიც ხალხს თავს ვაცოდებთ. ნურავის ნუ დაგავიწყდებათ, რომ თავს არავის გამადლით, იმიტომ რომ თავს ვერ დაგამადლებთ, თქვენ თეატრი გჭირდებათ, ისევე როგორც ჩვენ გვჭირდებით თქვენ. ერთმანეთის გარეშე ჩვენ არაფერს წარმოვადგენთ.

მიმაჩნია, რომ მინისტრის იმედი უნდა მქონდეს, იმიტომ რომ ის არის ჩემი მინისტრი. და ჩემი მინისტრი, რომელიც ამ არგუმენტებით მელაპარაკება, მისი იმედი არ მაქვს. მე მისი სხვა პროექტი ნანახი მაქვს, მისი პროექტის ბილეთის საფასურიც ვიცი და ეს ყველამ კარგად იცის და შესაბამისად ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანს გარკვეულ სეგმენტში მენეჯმენტი გამართულად შეუძლია. ე.ი. თეატრი ისე ღრმად და საფუძვლიანად არ ესმის, თორემ მაშინ იმ არგუმენტებს, თუნდაც თეატრის ხელმძღვანელების საპირისპიროდ, რომ პრობლემები მათი ბრალია, არ იტყოდა,” – განაცხადა მსახიობმა “360 გრადუსში” სტუმრობისას.

გააზიარეთ

 
...