ნიაზ დიასამიძე – თბილისის კოლორიტი განუმეორებელი იუმორით

17 აპრილი, 2017
თბილისის კოლორიტი ნიაზ დიასამიძე მრავალმხრივი ნიჭით იყო დაჯილდოებული – წერდა ლექსებს, უკრავდა ფორტეპიანოზე, მუშაობდა სახელმწიფო ფილარმონიაში და საქართველოს ტელევიზიაში, აქანდაკებდა და რაც მთავარია, ჰქონდა იუმორის გასაოცარი ნიჭი.
“არტ ინფომ” ნიაზ დიასამიძის ხუმრობები შეკრიბა და განწყობის ასამაღლებლად რამდენიმე მათგანს გთავაზობთ:
 
***
– ძია, მომეხმარეთ რა, – დაუძახა ნიაზმა გამვლელს. კაცმა შეხედა როგორ შეეშვირა ზურგი კაზარიანცის სახლის კედელზე მიმაგრებულ ფოსტის ყუთისთვის პატარა ბიჭუნას.
– ძია, ვარდება, დაიჭირეთ! – მუდარით სთხოვა ბავშვმა. გამვლელი ჩქარი ნაბიჯით მიუახლოვდა და დაძაგრული ხელებით ყუთი კედელს მიაჭირა.
– მე ვინმეს დავუძახებ რომ ისევ მიამაგრონ. – სხაპასხუპით მიაყარა ნიაზმა და გაიქცა.
– რას შვრები, შალვა? – ჰკითხა ნაცნობმა კაცს.
– ვერა ხედავ? ყუთი მიჭირავს.
– გაუშვი ხელი.
შალვამ დაძაბული კუნთები ნელ-ნელა მოადუნა, ბოლოს ნიჩბისოდენა ტორებიც შეუშვა და ყუთი რომ კედელს შერჩა, შუბლში ხელი იტკიცა.
– არ გამაბითურა ამ ლაწირაკმა? – ოცი წუთი ასე ვდგავარ ამხელა კაცი.
 
***
ნიაზი ბათუმში ჩავიდა, პირველივე დღეს საქეიფოდ წავიდა და დახარჯა მთელი ფული… გაიღვიძა მეორე დღეს საშინელ პახმელიაზე, ჯიბეში კაპიკი ფული არ აქვს. ნაცნობიც ვერავინ ნახა, ფული რომ გამოერთმია. გავიდა ქუჩაში, დაინახა ვიღაც ბავშვი თამაშობს და ეუბნება:
– ბიძია შოკოლადი გინდა?
– კი, მინდა!
– წამომყევი.
შევიდნენ სასაუზმეში. მებუფეტეს უთხრა:
– მე 100 გრამი არაყი მომიტანე და ამ ბავშვს 1 პლიტკაო. მოუტანეს, დალია ნიაზმა არაყი და ბავშვმაც ბოლო მოუღო შოკოლადს.
მიუბრუნდა ბავშვს:
– ბიძია კიდე შეჭამ შოკოლადს?
– კი.
ისევ იგივე შეუკვეთა. დალია, გამოვიდა პახმელიიდან და მებუფეტეს ეუბნება:
– მე 2 წუთით უნდა გავიდე, შენ მანამდე ბავშვს მიხედე…
მებუფეტეც დაეთანხმა. წამოვიდა ნიაზი თბილისში ბავშვს ეკითხება მებუფეტე: – მამაშენი სადაა?
ბავშვმა უპასუხა: – სახლში რა იყო?
– ფული არ უნდა გადამიხადოს?
– რატო უნდა გადაგიხადოს ამ ბიძიამ არ გადაიხადა? – და დარჩა ასე გაღიმებული მებუფეტე… როგორც ამბობენ, ნიაზმა ფული მებუფეტეს მოგვიანებით გაუგზავნა.
 
***
ნიაზს ქუჩაში ძაღლმა ფეხზე უკბინა. შემოეხვივნენ მეგობრები, ზოგმა რა ურჩია, ზოგმა რა…
– აუცილებლად შრატი გაიკეთე, ცოფი არ აიკიდო…
ნიაზმა ხელი ჩაიქნია:
– მე არაფერი მიჭირს, შრატი ძაღლს გაუკეთეთ, სმა არ დაიწყოს…
 
***
ნიაზ დიასამიძე ფილარმონიაში ლიტნაწილის გამგედ მუშაობდა. ერთხელ, ნოდარ ხუნწარიამ ფელეტონი მიუტანა. ფელეტონს ვრცელი შესავალი ჰქონდა, გათენებას და ჩიტების ჭიკჭიკს შეეხებოდა. იუმორი კი გვიან, ფელეტონის ბოლოში იწყებოდა. ნიაზს უთქვამს, არ გვინდა ეს ჩიტები, პირდაპირ იუმორით დაიწყეო. ხუნწარია უარზე იდგა. ბოლოს ნიაზმა შეიცხადა:
– კაცო! ჩიტები იჭიკჭიკებენ, აბა “დაკუდარას” ხომ არ ითამაშებენო.
 
***
უნივერსიტეტში ლექციაზე ვიღაცას ცხვირი დააცემინა. ქართლოსი და ნიაზი უკან ისხდნენ. ნიაზი წინ გადაიწია და დამცემინებელს მხარზე ხელი დაარტყა:
– ქართლოსის უნივერსიტეტის დამთავრებამდე არაფერი გეტკინოს!
 
***
ნიაზი და ქართლოს კასრაძე წაკინკლავდნენ. ქართლოსმა ხელი ჰკრა და ნიაზი წაიქცა. მიხვდა, რომ ქართლოსს ვერ მოერეოდა, ადგომა არც უფიქრია, ამოხედა ქვემოდან და უთხრა:
– ქართლოს, რა ლამაზი ყოფილხარ, შე ოხერო, ქვემოდან…
 
***
ქართლოს კასრაძე იხსენებდა: “ერთ დღეს ნიაზი სიცილით მეუბნება: “ხომ იცი, ამ ბოლო დროს “ზაპოი” მაქვს, შინ რომ მივალ, დედაჩემი უკვე კარს იქიდან გრძნობს ღვინის სუნს და სახლში არ მიშვებს ხოლმე. ჰოდა, გუშინ მაგრად მოვატყუე – ვარდის ლიქიორით დავთვერი და რომ მივედი გახარებულმა გამიღო კარი, ეგონა ყვავილები მივუტანე.”
 
***
ნიაზი მეგობრებთან ერთად სახლში ქეიფობდა. თითო ბოთლი ღვინო რომ დალიეს, აიტეხა, ჟუჟუნასთან წავიდეთ და იქ გავაგრძელოთო. თავისი გაიტანა და ყველანი წავიდნენ. დარეკა ზარი და სტუმრობის საბაბად ჯარში წასვლა მოიმიზეზა – წვევამდელი ვარ და უნდა გამოგემშვიდობოთო. შეწუხდნენ მასპინძლები, შემდეგ სუფრა გაიშალა. იქეიფეს. წამოსვლისას რეჟისორმა გიგა ლორთქიფანიძემ უსაყვედურა: მაგ ხალხს თვალებში როგორღა უნდა შევხედო, ჯარში მართლა რომ არ მიდიხარო. მაგასაც ნახავ თუ არ შეხედავო, – დაამშვიდა მეგობარი.
მეორე დღეს ისევ შეკრიბა მეგობრები და შესთავაზა: წამოდით, ნაბახუსევზე გამოვიდეთო. ისევ ჟუჟუნასთან წავიდნენ. მეგობრებს წასვლა არ უნდოდათ, ერიდებოდათ, მაგრამ ყოველგვარი წინააღმდეგობა ამაო გამოდგა. გაიღო კარები და მასპინძლებმა ზღურბლთან ნიაზი დაინახეს – გამათავისუფლესო. კვლავ გაიწყო სუფრა, გაიშალა პურმარილი და ნაბახუსევზე გამოსვლა ქეიფში გადაიზარდა.
 
***
– შენი ფეხი არ ვნახო აქ მოდგმული! – გაუბრაზდა პატარა ნიაზს სკოლის დირექტორი. მეორე დღეს სკოლისკენ მიმავალ ნიაზს გზად კარის მეზობელი, მეკურტნე მიშა შეხვდა.
– ძია მიშა, ხელში ამიყვანე, რა, – შეეხვეწა ბიჭი.
მიშამ სურვილი შეუსრულა, დირექტორი გაკვირვებული უყურებდა, როგორ შემოიყვანა სკოლის ეზოში ხელში აყვანილი ნიაზი ვიღაცამ.
– დიასამიძე, რა არის ეს! – იკითხა გაკვირვებულმა დირექტორმა.
– თქვენ არ მითხარით, შენი ფეხით აქ მოსული არ გნახოო?! – უპასუხა ნიაზმა.
 
***
ზამთარში, ყინვაში ნიაზი და ბიჭები გოგებაშვილის ქუჩის თავში იდგნენ და საუბრობდნენ. ამ დროს ნანული სარაჯიშვილი სკოლიდან ბრუნდებოდა და აღმართს მიუყვებოდა. ცალი თვალი ბიჭებისკენ აქვს, მომენტს ეძებს, რომ მიესალმოს. უცებ, ყინულზე ფეხი აუცდა და პირქვე დაეცა. ბიჭები იცინიან.
– ნანული, რეშკა! – დაუძახა ნიაზმა.
 
***
ნიაზი და ბიჭები ისევ გოგებაშვილის ქუჩის თავში დგანან. ნანული სარაჯიშვილი ისევ სკოლიდან ბრუნდება და შეკრებილ ბიჭებს ეძახის:
– პრივეტ, ბიჭებო!
ყველაზე პირველი ნიაზი გამოეხმაურა:
– ვა, ბოლო გაკვეთილი რუსული გქონდა?
 
***
ნიაზი მოსკოვში ჩაფრინდა და აეროპორტში ხმამაღლა დაიყვირა:
– ვსე ნასილშჩიკი სუდა!”
მიაწყდა ყველა, იფიქრეს, დიდი ტვირთი აქვსო. ბევრნი რომ მოგროვდნენ, ნიაზიმ იყვირა:
– პრივეტ ატ გრუზინსკიხ ნასილშიკოვ!
 
***
ღამის პირველ საათზე ნიაზი ძმაკაცის ბინას მიადგა და ზარი დარეკა. კარი ნამძინარევმა ძმაკაცმა გააღო.
– იცი, რაზე მოვედი? – ეუბნება ნიაზი, – შემთხვევით წითელი მელანი ხომ არ გაქვს?
– არა, კაცო, რა წითელი მელანი… – ჩაიბურტყუნა ძმაკაცმა და კარი მიუხურა.
ნიაზი გაბრაზდა, ხუმრობა რომ არ დაუფასეს. ღამის ოთხ საათზე ისევ მიადგა ძმაკაცს და ზარი დარეკა. კარი ისევ ნამძინარევმა ძმაკაცმა გაუღო, ნიაზი რომ დაინახა, აბუზღუნდა:
– აუ, კაი, რა, ნიაზ, ხომ გითხარი, არ მაქვს, ნახე, რომელი საათია…
– მერე რა გაყვირებს, ძმაო, – უთხრა ნიაზმა და სამელნე გაუწოდა – აჰა, წითელი მელანი მოგიტანე…
 
***
ნიაზს ავი მეზობელი ჰყავდა, მის ქვევით ცხოვრობდა. ნიაზი გვიან რომ დაბრუნდებოდა სახლში, დაწოლის წინ ფეხსაცმელს ძლიერად დაჰკრავდა იატაკს, ქვევით რომ ხმა ჩასულიყო. გავიდოდა ერთი ნახევარი საათი და მეორე ფეხსაცმელსაც მიაყოლებდა. მხოლოდ ამის მერე იძინებდა გაწვალებული მეზობელი.
ერთხელ, ჩვეულებრივ, გვიან დაბრუნდა ნიაზი. ფეხსაცმელი იატაკზე დაახეთქა და მალე ჩაეძინა. გამთენია იქნებოდა, მეზობლის განწირული ხმა რომ გაიგონა ქვემოდან:
– ნიაზ! მეორე ფეხსაცმელიც დაარტყი, მალე, ბიჭო! მოვკვდი კაცი ლოდინით.
 
***
თქვენი გაცნობა მინდა, – მიმართა ნიაზმა ანჩისხატის ეზოში მდგარ ახალგაზრდა ქალს.
– დიდი სიამოვნებით, ნელი ხატისკაცი, – გაუღიმა ქალმა.
– ნიაზ პასკისჯვარი, – თავი დაუკრა ნიაზმა.
 
***
ქართლოსი ქალთან ერთად მიდიოოდა. ნიაზი შეხვდა.
– გაიცანი ნიაზ, ჩემი მეგობარია, – უთხრა ქართლოსმა.
ქალმა ხელი გაუწოდა, – ოლიმპიადა, – მორცხვად წარმოსთქვა თავისი სახელი.
– “სპარტაკიადა”, თქვენი ჭირიმე, – ჩამოართვა ხელი ნიაზმა.
 
***
– რა ღირს ძროხა?
– 3000 მანეთი.
– რა, კონიაკს იწველის?
 
***
დილით ქუჩაში ქართლოსი და ნიაზი შეხვდნენ ერთმანეთს.
– ნიაზ ბიჭო, იცი რა ძაღლი მყავს? – დაიწყო ქართლოსმა.
– მაინც რანაირი?
– რომ ვეტყვი, ბობიკ, გაიქეცი პავლიკასთან – მეთქი, ეგრევე გარბის.
– ეგ რა არის შე კაი კაცო, მე რომ ძაღლი მყავს, ყოველ დილით მაღვიძებს და მეუბნება: “ნიაზ, წავალ რა, პავლიკასთან”.
– ჩემი ძაღლი, – განაგრძო ქართლოსმა, – დილით ადგება, 2 მანეთს აიღებს, გარბის და მოაქვს ჟურნალ-გაზეთები, პური, ყველი. . . მაგრამ ვუანგარიშე და ყოველდღე ოც კაპიკს მაკლებს. რომ ვეტყვი – ბობიკ, არა გრცხვენია-მეთქი? თავს ჩაღუნავს ხოლმე.
– იცი რა, ქართლოს! ჩემიც იღებს, ოღონდ მანეთიანს, გარბის და მოაქვს ჟურნალ-გაზეთები, პური, ყველი, რძე, ლუდი. რომ ვკითხავ, კი, მაგრამ მანეთად ამდენი როგორ მოგდის-მეთქი, მოვა და ყურში მიჩურჩულებს, – დანარჩენს ქართლოსის ძაღლს ვართმევო.
 
***
– ქიშ, – უთხრა ნიაზს მეგობარმა.
ნიაზს ეწყინა რომ წააგო.
– რა უზრდელი ხარ!
– რატომ?
– ეგრე უნდა მითხრა?
– აბა?
– ქიშთ, ბატონო ნიაზ.
 
***
ნიაზს პატარა ბიჭი მიჰყავდა სასეირნოდ.
– ნიაზ ბიძია, რა არის ეს? – ჰკითხა ბავშვმა მოდების ატელიეს რომ გაუსწორდნენ.
– სიცილის ოთახი, გენაცვალე.
 
***
– გამარჯობა, ნიაზ, – მიესალმა ნაცნობი.
– გაგიმარჯოს, იცი რა? პურმარილი შენი, ღვინო – ჩემი, – მიახალა უცებ.
– კი, შენი ჭირიმე, – გაუხარდა ნიაზთან მოსალოდნელი ქეიფი ნაცნობს.
– გამარჯობა, ნიაზ, – მიესალმა კიდევ ერთი.
– გაგიმარჯოს. მოდი აქ, – მივიდა.
– იცი რა? ღვინო შენი, პურმარილი ჩემი. მოდის?
– უჰ, შენი ჭირიმე, – აღფრთოვანდა მეორეც.
– აბა, წავიდეთ ბიჭებო. – ნიაზმა ორთავეს მოხვია ხელი.
 
***
– ნიაზ, მარცხენა თვალი რომ გითამაშებს, რას ნიშნავს? – ჰკითხა ვიღაცამ.
– ცუდი ნიშანია.
– მარჯვენა?
– კარგის.
– მარცხენა ხელის გული რომ გეფხანება?
– ფულს იშოვი.
– მარჯვენა?
– დაკარგავ.
– მარცხენა იდაყვის ქავილი რაღას ნიშნავს?
– იცი რას გეტყვი? აბანოში წადი პირდაპირ.
 
***
– ტაქსი, ტაქსი, – დაუქნია ხელი ნიაზხმა მიმავალ მანქანას. მძღოლმა ავტომობილი გააჩერა.
– თავისუფალი ხარ? – ჰკითხა ნიაზმა.
– თავისუფალი ვარ! – უპასუხა მძღოლმა.
– მაშ გაუმარჯოს თავისუფლებას.
გააზიარეთ

 
...