აი, რა არის ”სუხიშვილების” წარმატების საიდუმლო

19 აპრილი, 2017

ანსამბლი “სუხიშვილები” წლებია წარმატების ზენიტშია. მათი აღზევება ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის თავდაუზოგავი შრომის შედეგია. მშობლების წარმატებული გზა მათმა შვილმა თენგიზ სუხიშვილმა გააგრძელა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი, ანსამბლს სათავეში ილიკო სუხიშვილი უმცროსი და ნინო სუხიშვილი ჩაუდგნენ.

– ჩვენ მატარებელი ლიანდაგებზე დავაყენეთ. თქვენ უბრალოდ ხელი უნდა ჰკრათ მას, ის კი სულ ივლის და ივლის, – ასე ამბობდა უფროსი ილიკო სუხიშვილი.

ანსამბლის მრავალწლიანი წარმატების საიდუმლოს ამოცნობა მკითხველს უფროსი ილიკო სუხიშვილის სიტყვებში შეუძლია:

“ჩემთვის და ნინოსთვის მთავარი იყო იმ რიტმების ამოცნობა, იმ მოძრაობების პოვნა და დახვეწა, რომლებსაც ქართული ჯიშისა და კავკასიური მოდგმის წინაპრებმა ჯერ კიდევ უხსოვარ დროში მიაგნეს. ამ რიტმებმა და ილეთებმა საუკუნეები გამოიარა, გაუძლო განადგურებას, დავიწყებას, უცხო გავლენებს და დღემდე მოაღწია. ეს რიტმები და ილეთებია ის ძვირფასი საშენი მასალა, რისგანაც ჩვენ თანამედროვე ქართულ ქორეოგრაფიას ვაშენებდით და ცეკვებს ვქმნიდით.

ჩვენს ანსამბლს კი ეს დიდი, ყველასგან გამორჩეული ქართულ-კავკასიური სიმდიდრე მსოფლიოს სხვადასხვა ხალხის სამსჯავროზე გაჰქონდა. ამით ჩვენ მსოფლიოს ვაცნობდით საბჭოთა კავშირში ჩაკარგულ პატარა საქართველოს და მის უძველეს კულტურას და მსოფლიოს ნებისმიერი მაყურებელი ევროპაშიც და აზიაშიც, ჩრდილოეთშიც და სამხრეთშიც გრძნობდა ჩვენს სათქმელს და აღფრთოვანებით ხვდებოდა ჩვენს გამოსვლებს.

დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც – ყველგან ვხვდებოდით სამშობლოდაკარგულ, მშობლიურ ფესვებს მოწყვეტილ ქართველებს. ზოგი ცხოვრებაში წარმატებული კაცი იყო, ზოგი – არა. მაგრამ ჩვენი კონცერტებიდან გამოსულებს, თვალებში სიხარული და სიამაყე ემჩნეოდათ, თითქოს მიხვრა-მოხვრაც კი ეცვლებოდათ. იმ წუთში ისინი აღარ იყვნენ ემიგრანტები და მხრებგაშლილნი, მთელი თავისი იერით აცხადებდნენ: “აი, ასეთები ვართ ქართველები!” მიხარია, რომ ჩვენმა ანსამბლმა ბევრ ასეთ ადამიანს მოუტანა სიხარული.”

გააზიარეთ

 
...