18 მარტი, 2017

“რატომ ფიქრობთ, რომ ეს პრობლემა თქვენ არ გეხებათ?!”

– კითხულობს საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი და ქართულ საზოგადოებას გამოფხიზლებისა და მეტი ქმედებისკენ მოუწოდებს.

უცხოეთში მცხოვრები მეცო-სოპრანო საქართველოში მიმდინარე მოვლენებსაც ადევნებს თვალს და გული სწყდება, რომ ვითარება სულ უფრო და უფრო უარესდება.

ანიტა რაჭველიშვილი:

“ადრე იმით მაინც ვიმშვიდებდი გულს, რომ რასაც რეკრეაციული ზონის სტატუსი აქვს, იმას მაინც ვერ გაჩეხავენ-თქო!

თურმე სად ვართ საერთოდ!
მერიას შეუძლია საკრებულოს მოსთხოვოს რეკრეაციული სტატუსის მოხსნა და მისცეს უფლება კომპანია მ2-ს რომ გაჩეხოს უზარმაზარი გამწვანებული ტერიტორია!

პუნქტებად დავყოფ სათქმელს:
1. თავის დროზე, როდესაც მ2-მა იყიდა ეს ტერიოტრია, ვინ ან რატომ მისცა გარანტია, რომ გამწვანების გაჩეხვის უფლებას მისცემდნენ?
2. ვინ ყიდის ქალაქის ტერიტორიებს და რა საფუძველზე?
3. ვინ იღებს ქრთამს და უხსნის სტატუსს რეკრეაციულ ტერიტორიებს?
4. ვინ აძლევს თავს უფლებას კანონი შეცვალოს როგორც უნდა და როცა უნდა?
5. რატომ ფიქრობთ, რომ ეს პრობლემა თქვენ არ გეხებათ?!
6. რატომ გგონიათ, რომ ქალაქში მწვანე საფარის გაქრობის გამო გამოწვეული დაავადებები თქვენს და თქვენს შვილებს და ოჯახის წევრებს არ შეეხება?!
7. რატომ გგონიათ, რომ სახლი თქვენი სახლის კარს მიღმა მთავრდება?!
8. მერია, საკრებულო, მ2 – რატომ ვერ ხვდებით, რომ ამ ქალაქში ცხოვრობთ თქვენც და ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებები თქვენ და თქვენს შვილებსაც შეეხება?!
9. გარემოს დაცვის სამინისტრო საერთოდ რა გინდათ? არსებობთ? ხელფასს რისთვის იღებთ ბიუჯეტიდან?
10. ხალხი ოდესმე მიხვდება, რომ ეს პრობლემა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და ეკოლოგიური კატასტროფა უკვე დაწყებულია?
11. ტელევიზიებს და ჟურნალისტებს ეხება – როდესმე დაინტერესდებით რეალური პრობლემებით?! თუ კორუმპირებული და მოღალატე პოლიტიკოსების ეთერში ერმანეთის გინება და ცემა-ტყეპა უფრო საინტერესოდ გეჩვენებათ?!

კიდევ ბევრს დავწერდი, მაგრამ ამასაც არ წაიკითხავთ ალბათ!

P.S. მ2 კორპუსში ვიყიდე ბინა სამწუხაროდ, რომლის იპოთეკას დღემდე ვიხდი. ბინა ვიზუალურად არ არის ცუდი, მაგრამ 2 თვის ცხოვრების მერე ყველა კარ-ფანჯარა გაფუჭდა! ვერ ვაღებ აივნის კარებს! თუ მოვახერხე და ძალის გამყენებით გავაღე, მერე ვეღარ ვხურავ! გაფუჭდა სამზარეულოს ონკანი, მოირყა გამათბობელი. კედლების გალესვის ხარისხი დაბალია. ეზოში არის მანქანის დასაყენებელი ადგილი, მაგრამ მხოლოდ 30-ია ალბათ, როდესაც კორპუსში 300-ზე მეტი ბინაა, თუ არ ვცდები! ალბათ მშენებლობის ხარისხიც ძალიან დაბალია და იმედია ეს ნაგებობები თავზე არ დაგვემხობა რამოდენიმე წელიწადში!

გავერთიანდეთ, სანამ გვიანი არაა!”