17 მარტი, 2017

“გურული დღიურების” სტიპენდია ობოლ დებს

თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ბესტსელერად ქცეულმა წიგნმა “გურული დღიურები” პოპულარობა საქართველოს გარეთაც მოიპოვა.

წიგნის ავტორმა გიორგი კეკელიძემ სტიპენდია დააწესა და მას “გურული დღიურების სტიპენდია” უწოდა.

მწერლის გადაწყვეტილებით, სტიპენდიის პირველი მფლობელები მისი მშობლიური კუთხის – გურიის მცხოვრებლები არიან.

გიორგი კეკელიძე:

“ჩემს დიდ სიხარულზე მოგიყვებით. ცოტა შორიდან. ოთხმოცდაათიანები წლები იდგა. გვიჭირდა, მართლა გვიჭირდა. არ ვიცი, რატომ მაგრამ მე ლექსების წერა დავიწყე. სანამ შუქი მოვიდოდა, ვწერდი გაუთავებლად. მერე მეზობელთან ტელევიზორის საყურებლად გადავდიოდი. ჩვენ არ გვქონდა – მინდოდა კი. ერთ დღესაც ამბავი მოვიდა, პრეზიდენტის სტიპენდია გამოცხადდა ახალგაზრდებისთვო. პედაგოგთა კაშირმა აიღო და წარმადგინა. დედაჩემმა რკინის ქალამანი ჩაიცვა და წავიდა ჩემი ლექსებით თბილისში – რეკომენდაციები იყო საჭირო. ანა კალანდაძემ დამიწერა, სხვებმაც. და ასე, სრულიად მოულოდნელად, მომანიჭეს ეს სტიპენდია. ცოტა ფული როდი იყო – თვეში 100 ლარი. ცოტა დააგვიანა და 900 ლარი ჩაირიცხა. წავედით მე და მამაჩემი ოზურგეთიდან ლილოში და ტელევიზორი ჩამოვიტანეთ. არ არსებობს ამ ტელევიზორზე ძვირფასი ნივთი – ყველა გადაცემა, ყველაზე მოსაწყენიც კი, რაც იქ მინახავს, ჯადოსნურია. ჯადოსნური და წარმატების ფერებით სავსე.

მაშინ, მერვეკლასელი ბიჭი ძნელად წარმოვიდგენდი, დღეს ოზურგეთში ჩემი დაწერილი წიგნის სახელობის სტიპენდიას გავცემდი. ვწერ, ვხვდები, ამაოდ – ვერ მოგიყევით. ამ სამი ბავშვის სიხარულზე დიდია ჩემი სიხარული. ორი მათგან, ლია და ნია გეგიაძე – პატარები – დროებით სოციალურად დაუცველი ოჯახიდან არიან. ამ პატარა დებს, გურული დღიურების სტიპენდია რომ დავუნიშნეთ, მშობლები არ ჰყავთ. ბებია ახლდა დაჯილდოებაზე და რა გასაკვირია, ტიროდა ბებია.

ერთიც, ცოტა უფროსი, წარჩინებული მოსწავლე ქეთი ქობულაძეა. მადლობა გურული დღიურების ფონდში ჩემს თანამოაზრეებს, მადლობა ყველა შემომწირველს და მადლობა შენ, მკითხველო! რომ არა შენ – არაფერი გამოვიდოდა.”