15 თებერვალი, 2017

უდიდესი ქართული ქრისტიანული ბაზილიკა საფრთხეშია

– უდიდესი ქართული ქრისტიანული ბაზილიკა საფრთხეშია. დრო არ ითმენს – გაზაფხულის წყალდიდობების სეზონი ახლოვდება! – აცხადებს არქეოლოგი ნოდარ ბახტაძე და მიმართავს იმ უწყებებს, ვისაც ამ პრობლემის დროული მოგვარება ევალება.

სპეციალური პეტიცია, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს ნიკოლოზ ანთიძეს ეძღვნებათ:

“საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და დაფინანსებით, 2012 წლიდან დღემდე საქართველოს ეროვნული მუზეუმი ანხორციელებს 2006 წელს ამავე დაწესებულების მეცნიერების მიერ აღმოჩენილი IV-V საუკუნეების ქართული ქრისტიანული სატაძრო ხუროთმოძღვრების საეტაპო ძეგლის, ნეკრესის ნაქალაქარის დიდი ბაზილიკის (ადგილი „დოლოჭოპი“, ყვარლის მუნიციპალიტეტი) ინტენსიურ არქეოლოგიურ კვლევას.

ამ წარმატებულ, ქართულ საზოგადოებაში ფართო რეზონანსის მქონე არქეოლოგიურ სამუშაოებს, რეგულარულად ახლავს ხოლმე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერვე უზრუნველყოფილი საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც, თავისთავად, ქართველი მეცნიერ-არქეოლოგებისა და ძეგლთა დაცვის სახელმწიფო სტრუქტურების შეთანხმებული მუშაობის კარგი პრეცედენტია.

მეორეს მხრივ, კვლევითი და გადარჩენითი სამუშაოების პროცესში, განსაკუთრებით კი 2016 წლის სტიქიური მოვლენის (წყალდიდობის) შედეგად ნაწილობრივ უკვე რეაბილიტირებული ტაძრის მნიშვნელოვნად დაზიანების შემდეგ, გამოვლინდა სერიოზული, წინასწარ არაპროგნოზირებადი ხარვეზებიც ამ ძეგლის დაცვითი მექანიზმების გათვლაში.

სწორედ ამ ძეგლის მომავალ ბედ-იღბალს, მისი თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკურ მოთხოვნათა დონეზე შემდგომი კვლევისა და მოვლა-პატრონობის წარმართვის საკითხებს მიეძღვნა 2016 წლის 24 ნოემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინიციატივით, ამავე მუზეუმის აუდიტორიაში ჩატარებული საზოგადოებრივი განხილვა. საჯარო განხილვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შესაბამისი პროფილის წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო და არასამთავრობო სტრუქტურების, ფონდების, საქართველოს საპატრიარქოსა და კახეთის რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პასუხისმგებელმა პირებმა, ქართული კულტურით დაინტერესებულმა ფართო საზოგადოებრიობამ.

შეკრებილმა საზოგადოებამ მოისმინა დეტალური ინფორმაცია დოლოჭოპის ბაზილიკაზე 2012 წლიდან დღემდე ჩატარებული არქეოლოგიური და საკონსერვაციო სამუშაოების შესახებ. განხილვის მონაწილე ყველა სპეციალისტი ერთსულოვნად დაეთანხმა ძეგლის მკვლევართა შეხედულებას იმის თაობაზე, რომ დოლოჭოპის ბაზილიკის კომპლექსის სახით ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას შეემატა IV-V საუკუნეების, ანუ ქართული სატაძრო ხუროთმოძღვრების სათავეებთან დაკავშირებული, სრულიად უნიკალური (ზომითაც კი, კავკასიის რეგიონის ქრისტიანულ ბაზილიკათაგან ყველაზე აღმატებული) ძეგლი, რომელის მიმართაც სახელმწიფოს მხრივ განსაკუთრებული დაცვა-რეაბილიტაციის ღონისძიებები უნდა გატარდეს.

თავყრილობაზე, ბაზილიკაზე აქამდე ჩატარებული სამეცნიერო და დაცვითი სამუშაოები ერთსულოვნად შეფასებულ იქნა, როგორც ქართული ქრისტიანული კულტურის ძეგლის კვლევა-შენარჩუნების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ეფექტური პროექტი უკანასკნელ ათწლეულებში. გაიმართა მსჯელობა ამ ღირშესანიშნავი ძეგლის კვლევის გაგრძელების გზებისა და მისი უსაფრთხოებისათვის სასურველი დამატებითი ღონისძიებების გატარების შესახებ.

დასასრულ, განხილვაში მონაწილე ქართველი ისტორიკოს-მეცნიერების, კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობის სახელმწიფო და არასამთავრობო სფეროში მოღვაწე სპეციალისტების და საზოგადოების სხვა თვალსაჩინო წარმომადგენლების მიერ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანიზაციების და საქართველოს მთავრობის მისამართით შემუშავდა შემდეგი მოთხოვნები:

1. გამომდინარე მისი სრულიად უნიკალური გეგმარებიდან და საეტაპო მნიშვნელობიდან ქართული ქრისტიანული სატაძრო ხუროთმოძღვრების გენეზისის გზაზე, ნაქალაქარ ნეკრესის (დოლოჭოპის) დიდ ბაზილიკის კომპლექსს მიენიჭოს ეროვნული მნიშვნელობის ხუროთმოძღვრულ-არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი;

2. კულტურული მემკვიდრეობის ეს ღირშესანიშნავი ძეგლი, მის გამოსაკვლევად ჩაატარებელი აუცილებელი არქეოლოგიური სამუშაოების შემდეგ, ფიზიკურად მეტად არამდგრადი გახდა. მიუხედავად აქამდე ჩატარებული სარეაბილიტაციო ღონისძიებებისა, ამჟამად მას, ბუნებრივი და სტიქიური მოვლენების შედეგად კვლავ ემუქრება არამცთუ დაზიანების, არამედ განადგურების საფრთხე.

როგორც ჩანს, გამომდინარე მისი გრანდიოზული მასშტაბიდან და ქრონოლოგიური მრავალშრიანობიდან, ამ ძეგლის არქეოლოგიურად მთლიანად წარმოსაჩენად და საიმედო კონსერვაციისთვის, სტანდარტული მიდგომები ბოლომდე ეფექტური არ აღმოჩნდა. ამიტომ, სასურველია, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშაოს ამ სატაძრო კომპლექსის თანამედროვე მეცნიერულ-ტექნიკურ დონეზე კვლევისა და რეაბილიტაციის სპეციალური, ქმედითი ღონისძიებების პროგრამა (ალბათ რამდენიმე ეტაპიანი და რამდენიმეწლიანი).

დრო არ ითმენს – გაზაფხულის წყალდიდობების სეზონი ახლოვდება! რადგანაც დოლოჭოპის ბაზილიკა ქართული საზოგადოებრიობის მნიშვნელოვანი ნაწილის და მაღალკვალიფიციური ექსპერტების მიერ შეფასებულ იქნა როგორც კულტურული მემკვიდრეობის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და, იმავდროულად, გარდაუვალი დაღუპვის საშიშროების წინაშე მდგარი ძეგლი, მისი გადარჩენისთვის აუცილებელი სახსრების მინიმუმი მაინც, ყოველი მიზეზის გარეშე გამოყოფილ უნდა იქნას ქვეყნის 2017 წლის ბიუჯეტიდან.

იმედია, ეს ღონისძიება, იმავდროულად, უზრუნველყოფს ქართული ქრისტიანული არქეოლოგიური მემკვიდრეობის ამ სრულიად გამორჩეული ძეგლის ფუნქციონირების ყოველი სტადიის სათანადოდ წარმოჩენა-პოპულარიზაციას და მისთვის ღირსეული ადგილის დამკვიდრებას ჩვენი ქვეყნის ტურისტულ ინფრასტრუქტურაში.”