15 თებერვალი, 2017

გია ყანჩელის საჩუქარი საქართველოს

საზღვარგარეთ მცხოვრებმა ქართველმა კომპოზიტორმა გია ყანჩელმა თავისი შემოქმედებით მთელი ეპოქა შექმნა ქართულ კულტურაში.

კომპოზიტორი კვლავაც ქმნის ახალ ნაწარმოებებს და სულიერ სიამოვნებას ანიჭებს მსმენელს.

საჩუქარი, რომელიც გია ყანჩელმა საქართველოს და ქართულ საზოგადოებას მოუმზადა, ექვთიმე თაყაიშვილის სახელთან არის დაკავშირებული.

ახალგაზრდა რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე იღებს მხატვრულ ფილმს ექვთიმე თაყაიშვილზე, რომლის შექმნაშიც მთელი საქართველო იღებს მონაწილეობას. თავისი წვლილის შეტანა ამ ფილმის შექმნაში გია ყანჩელმაც გადაწყვიტა – კომპოზიტორი ნიკოლოზ ხომასურიძის ნამუშევარს მუსიკალურად გააფორმებს.

ნიკოლოზ ხომასურიძე:

“დაგვიკავშირდა ჩვენთვის ძვირფასი კომპოზიტორი ბატონი გია ყანჩელი, რომელმაც სურვილი გამოთქვა თავისი წვლილი შეიტანოს ექვთიმეს ფილმის შექმნაში და შემოგვთავაზა ფილმის მუსიკალური გაფორმება, რა თქმა უნდა, უსასყიდლოდ.

ეს არის უდიდესი საჩუქარი დიდი მუსიკოსისგან, რომლის თანამონაწილეობა ფილმს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობასა და ემოციურ დატვირთვას შესძენს. დიდი მადლობა ბატონ გიას ასეთი დაფასებისთვის! ასევე თქვენც შეგიძლიათ შეიტანოთ თუნდაც პატარა წვლილი ექვთიმე თაყაიშვილისა და ქართული საგანძურის ისტორიის მხატვრულად გაცოცხლებაში.”