“მეტ თანხას გადავიხდით, ოღონდ ვაჟა აღარ დაბეჭდოთო”

18 თებერვალი, 2017

ვაჟა ფშაველას შთამომავალი ლელა რაზიკაშვილი 18 თებერვალთან დაკავშირებით ფოტოს აქვეყნებს და ერთ ისტორიას იხსენებს, რომელიც მთის არწივის ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მომენტს ასახავს.

ლელა რაზიკაშვილი:

“18 თებერვალს, ოღონდ 1913 წელს, გორში ლიტერატურული საღამოს დაწყების წინ, კულისებში ვაჟას ქუთაისელი სტუმარი, ახალგაზრდა პოეტი აკაკი მარგიანი ეწვევა და პეტრე ყიფიანის წერილს გადასცემს. წერილში, ქუთაისის ინტელიგენცია ვაჟას ლიტერატურულ საღამოზე მონაწილეობის მისაღებად იწვევს. აი, იმ ახალი ჩოხის ფულიც, ქუთაისლებმა რომ გამოუგზავნეს, სავარაუდოდ ამ წერილში უნდა იყოს!

,,მე ახლოს ვიდექი და შევატყე როგორი გახარებული სახე ჰქონდაო” – იხსენებს სიკო ფაშალიშვილი.

გაუხარდებოდა, რა თქმა უნდა, რაც მას ქუთაისიდან ივერიის რედაქციაში მოსულმა წერილებმა გული ატკინეს, იმ ფონზე, ეს წერილი მობოდიშებას და შერიგებას ჰგავდა!

,,თუ ამ ფშაველის ლექსების ბეჭდვას თავს არ დაანებებთ, თქვენს გაზეთს აღარ გამოვიწერთო”, “მეტ თანხას გადავიხდით ოღონდ ვაჟა აღარ დაბეჭდოთო”…. და ამისთანები!

ხოოდა, ცოტა მაინც იყოყმანა, პაუზა გააკეთა პასუხამდე, მერე სტუმარს ჰკითხა, ხალხი დაესწრებაო?

– აი, თქვენ თუ წამობრძანდებით, ხალხი დაესწრება და მადლობასაც იტყვისო!

სახლში რომ მივიდა თედოს და მიხას დაუძახა, გულქანს წერილი მისცა და უთხრა: ერთი ამ ფშავლებს წაუკითხეო, აბა ნახეთო, ეგრე არ არის რომ გგონიათ, მე იქეთაც ვუყვარვარო!

მოკლედ, მთელი ღამე ამზადებდნენ. თედოს ახალუხი მის ტანზე დაუვიწროვეს, მიხას ნაბადი მოარგეს, დილით, პეტრე ყიფიანის გამოგზავნილი ფულით, ახალი ჩოხა უყიდეს და დღის მატარებელზე გააცილეს.

დღის მატარებლით პირველად მგზავრობს, ბავშვივით ცმუკავს და უხარია. თან გულქანი და სიკო ახლავს. გვირაბის იქეთ ყველა სოფელს ითვლის და მათი სახელების წარმომავლობას იკვლევს. შორაპანთან ჩუმდება, ქაღალდი უდევს და რაღაცას წვალობს, ჯერ ორი კუპლეტი აქვს სულ.

წაგვაკითხეო, არ ეშვება გულქანი და ქაღალდს ართმევს. თვითონ ვაჟა ფანჯარასთან დგას და აკვირდება, მოეწონებათ თუ არა.

,,ერთხანად ჩემო მწყევარო.
ლიხს იქეთურო დედაო,
გავიგე შამრიგებიხარ…”
გულქანი ჩერდება…

– ძია, აი სიკოც ამბობს და მეც ასე მგონია, რომ ,,მწყევარო” არ უხდება, რაღაც სხვა უნდა…

რას იზამს, მართალს ეუბნებიან. ქაღალდს გამოართმევს და ჩუმდება, ფიქრობს, ფიქრობს მთელი საღამო, ღამე, ამ ლექსით უნდა მიესალმოს და შეურიგდეს იმერლებს!
დილით პირველად ისევ გულქანს უნდა წააკითხოს!

ეს თედოს უფროსი ქალი გულქანია, ნიჭიერი, ჭკვიანი და ლამაზი რაზიკაშვილი. გორის ახალგაზრდობის თვალი და ვარსკვლავი, უმისოდ არც ერთი ლიტერატურული და საქველმოქმედო საღამო არ ტარდება. ბიძამისის ჩოხის კალთაზეა ჩაფრენილი და თითქმის ყველა მოგზაურობისას თან ახლავს.

ყველა ძმას, ლუკას, ნიკოს, თედოს, დედის სიყვარულით თითო გულქანი ჰყავს სახლში.
თედო გორში ჩამოსახლდა. ის ახერხებს თავის გულქანს განათლება მისცეს და გაალაღოს. ვაჟა – ვერა. მისი ოჯახი ჩარგალშია ჩარჩენილი. გოგოები სკოლის მაგივრად ხბოებში დადიან. მათი მამა, მათი უსწავლელობის დარდს საფლავში ჩაიყოლებს. მხოლოდ ლევანი ჩამოჰყავს სასწავლებლად და ძმებს აბარებს.

ვაჟას გულქანი, უსწავლელობით და უბედობით გაძაღლებული ცხოვრების გზაზე და მიტოვებულ სიბერეშიც, ბევრჯერ გაიხსენებს მამის არყოფნისა და ლოდინის ტკივილს, განსაკუთრებით კი დედინაცვლიანი, უდედო ბავშვობის სიმწარეს…

…. 20 თებერვალს ქუთაისის სასტუმრო “თბილისში” ქუთაისთან შესახვედრად ემზადება ვაჟა. “გამოიჩისტა”, ლექსიც “გამოჩისტა” და გულქანს და სიკოს ეძახის:
– აბა, კრიტიკოსებო, მომისმინეთ და თუ მოგწონთ, მისუფლიორეთ, ზეპირად უნდა ვისწავლოო…

,,ერთხანად ჩემო მძრახაო,
ლიხს იქეთურო დედაო,
ვხედავ რო შამრიგებიხარ,
მით შენთან სალამს ვბედაო…”

1913 წლის 20 თებერვალს დიდხანს, დიდხანს უკრავდა ვაჟას ტაშს ქუთაისი!

სცენიდან აღარ უშვებდნენ, ისიც კითხულობდა და კითხულობდა თავის ფშაურს იმერეთის გულში!”

ფოტოზე: ვაჟა ქუთაისის ინტელიგენციასთან 1913 წელი, 20 თებერვალი

გააზიარეთ

 
...