”დაგიკოცნი თვალებს, ჩემო დედიკო, შუბლს და ჭაღარას”

7 თებერვალი, 2017

XX საუკუნის ქართული ლიტერატურის კლასიკოსმა მწერალმა ჭაბუა ამირეჯიბმა მრავალ ცხოვრებისეულ ქარტეხილებს გაუძლო.

უნივერსიტეტში სწავლისას მწერალი „საქართველოში საბჭოთა წყობილების დასამხობად შეიარაღებული აჯანყების მზადების“ საქმის ფიგურანტი გახდა. ორგანიზაციას, რომლის წევრობისთვისაც ჭაბუა ამირეჯიბი დააკავეს, „თეთრი გიორგი“ ერქვა.

მწერალს 25 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. პროკურორის მიერ განაჩენის გასაჩივრების შემდეგ მოსამართლემ ის ლმობიერად ჩათვალა და უმაღლესი ზომით – დახვრეტით შეცვალა. სამი თვე მწერალმა სიკვდილმისჯილთა საკანში გაატარა.

ჭაბუა ამირეჯიბის მძიმე ცხოვრებიდან “არტ ინფო” გთავაზობთ წერილს, რომელიც ციხიდან დედას მისწერა:

“ჩემო დედიკო!

ჩემო დედიკო, შენ გენაცვალე, ძვირფასო ადამიანო!

მივიღე შენი წერილი ამანათით, შე საცოდავო, მთელი სიცოცხლე ისე მიგდის, რომ დამშვიდებული სიცოცხლე არ გეღირსა, საზრუნავი არ შემოგელია. მართლა დაუშრეტელი ენერგიის პატრონი ხარ, ტყუილად არ ამბობდა მამაჩემი, ცხენიან კაცს გადაყლაპავსო.

შენი დეპეშა მივიღე, თამბაქოს გამოგზავნის შესახებ და არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო. უკვე ორი დღეა მახორკას ვეწევი და ისე მახველებს სადგურზე ისმის.

ხელნაწერი მინდა გამოგიგზავნო. მგონი კარგი გამოდის, ზოგს ვწვავ, ზოგს გვართმევენ… მინდა გამოვაგზავნო, არავის წააკითხო, დაუმთავრებელი ცუდ შთაბეჭდილებას დასტოვებს.

ბარაკში დამთავრება, რამდენადაა ადვილი, ან შესაძლებელი 2 მოგეხსენება.

დაგიკოცნი თვალებს ჩემო დედიკო, შუბლს და ჭაღარას.
შენი შვილი ჭაბუა. 1955წ.”

გააზიარეთ

 
...