7 იანვარი, 2017

“მწარე წასაკითხია არა თანამედროვე მკითხველო?!”

– ისტორიულ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ, მოვრჩეთ საკუთარი თავისა და წარსულის უაზროდ განდიდებას, ჩვენი მიღწევების გაათმაგებას ვეცადოთ და ახალს თუ არაფერს შევქმნით, სხვის მიერ შემონარჩუნებულსა და დღემდე მოტანილს მაინც უნდა ვუპატრონოთ ღირსეულად! – აცხადებს ისტორიკოსი გიორგი კალანდია და მწარე სიმართლეს აცნობს საზოგადოებას.

გიორგი კალანდია:

“ვიცი, რომ ზოგჯერ თანამედროვე ეპოქისათვის არაპოპულარულ პოსტებს ვწერ, მაგრამ რა ვუყოთ, რომ ასეთია ისტორიული სიმართლე!

აი, კიდევ ერთი საინტერესო მაგალითი: ძველი თბილისის და ქუთაისის ის ევროპული არქიტექტურა, რომელიც დღემდე მოგვწონს და გვხიბლავს, უმეტესწილად რუსებისა და სომეხი დიდვაჭრების მიერაა აშენებული.

აი, რას წერდა ფრანგი მოგზაური ჟაკ ფრანსუა გამბა (1763-1833) ქუთაისის შესახებ: “თანამედროვე ქალაქში, თავად გორჩაკოვის ჩამოსვლამდე ქუჩები ჩვეულებრივ მიხვეულ-მოხვეული და სახლები ყოველგვარი წესრიგის გარეშე, ასე ვთქვათ, ალთა-ბალთად იყო განლაგებული…. აქ არის ქვით ნაგები ძალზე ლამაზი ეკლესიის ნანგრევები… მეზობლად მცხოვრები იმერლები მას სისტემატურად აცლიან სვეტებსა და კედლის ნაწილებს, რითაც თავიანთ ღობეებს აგებენ და ალბათ რამდენიმე წელიწადში სრულად წარიხოცება კვალი ნაგებობისა, რომელიც ერთის მხრივ ამ ქვეყნის პირველ ქრისტიან მეფეთა ღვთისმოსაობისა, ხოლო მეორეს მხრივ იმპერატორ იუსტინიანეს დროინდელ ხელოვნების მაღალი დონის აშკარა მაჩვენებელია.”

მწარე წასაკითხი და მოსასმენია არა თანამედროვე მკითხველო?! კიდევ უფრო მწარე კი ისაა, რომ მას შემდეგ თითქმის არაფერი შეცვლილა, ისევ უწესრიგოდ და ალთა-ბალთად ვაშენებთ. ისტორიულ ძეგლებს, ქუჩებს, სახლებს, ბუნების ლადნშაფტებს როგორ უფრთხილდება ჩვენი მოსახლეობა ამის ბევრი საილუსტრაციო მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ – (ყველაფერს ხომ მთავრობამ უნდა მიხედოს და უპატრონოს, ჩვენ, როგორც საზოგადოებას, ხომ არაფერი გვევალება).

ამიტომ ისტორიულ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ, მოვრჩეთ საკუთარი თავისა და წარსულის უაზროდ განდიდებას, ჩვენი მიღწევების გაათმაგებას ვეცადოთ და ახალს თუ არაფერს შევქმნით, სხვის მიერ შემონარჩუნებულსა და დღემდე მოტანილს მაინც უნდა ვუპატრონოთ ღირსეულად!”