13 იანვარი, 2017

“მინდა ვიყვირო რა ნაგავშია ბალეტი…”

– ბევრი მიზეზის გამო ჩამოვიტოვე უკან ბალეტი და შეხედვის ღირსადაც არ ვთვლი ამ სფეროს, – აცხადებს ახალგაზრდა, აწ უკვე ყოფილი ბალერინა ანა ცერცვაძე და ქართულ საბალეტო სფეროში არსებულ ვითარებაზე ღიად საუბრობს.

ანა ცნობილი ქართველი ბალერინას ლალი კანდელაკის შვილია. სწორედ დედისადმი უსამართლო დამოკიდებულებამ გადააწყვეტინა ესაუბრა იმაზე, რაზეც დიდი ხანია საკუთარი აზრის დაფიქსირება სურს.

ანა ცერცვაძე:

“ძალიან დიდი ხანია მინდა რაღაცეების თქმა და, საერთოდაც, მთელი ის გააზრებული ცხოვრება, რაც კი მაკავშირებს ბალეტთან, ანუ თითქმის მთელი ცხოვრება, მინდა ვიყვირო იმ თემაზე თუ რა ნაგავშია ბალეტი, (არამხოლოდ ბალეტი, ზოგადად ხელოვნება, თუმცა ეს ჩემი გასარჩევი არაა და დიდად არც ვთვლი, რომ საჭიროა ამაზე ვინერვიულო)…

მე მაღიზიანებს, გულს მირევს ის რეალობა, რასაც ვუყურებ, ვისმენ, ვხედავ ამდენი წლის მანძილზე და ამას იმიტომ არ ვწერ, რომ დედაჩემია ლალი კანდელაკი! ამას იმიტომ ვწერ, რომ ის არის საქართველოს ღირსება, ქართული ბალეტის სახე, რომელიც დამალეს და ჩამალეს მთელი ცხოვრება.

იმ მიზეზებისდა გამო, რომ ლალის არ ჰყავს ვინმე “დიდი და განიერი, ღიპიანი, ბევრ ნულიან ანგარიშიანი” ზურგი, მას არ მიეცა საშუალება საქართველოში დიდი აღიარების.

არ მიეცა იმიტომ, რომ არ მისცეს გასაქანი, ყველგან ამოშალეს მისი სახელი, რაც კი რეპორტაჟი, გადაცემა, შოუ და ჯანდაბა ყოფილა, ყველგან გააქრეს და არსად გამოაჩინეს, ვინმე “კაცმა არ იცის ვინ” რომ ჩამოჰყავთ უცხოეთიდან, აღმერთებენ, უნიჭობის ზეიმს მართავენ და ლალის მალავენ. მესმის კონკურენცია, ამბიციები, მაგრამ… სინაგლე, ტყუილი, ნაბიჭვრობა არ მესმის. (უკაცრავად უცენზურობისთვის). თუმცა მეც ზუსტად ბევრი ამ მიზეზის გამო, ჩამოვიტოვე უკან ბალეტი და შეხედვის ღირსადაც არ ვთვლი ამ სფეროს “მმართველ-თავის ხოშზე მატრიალებელ” პირებს.

ლალის დიდი ისტორია აქვს, რაც უკავშირდება პატრიოტიზმს და თავისი ქვეყნის სიყვარულს, (ჩემთვის უცხოა ეს თემა და მადლობა ღმერთს), მაგრამ მისთვის ძვირფასი აღმოჩნდა და საპასუხოდ მიიღო დაუნახავი, ინტრიგანი, ბოროტი საზოგადოება, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს ისტორია გამქრალიყო.

მე მძულს ქართველი ერი, ბევრი მიზეზის გამო და, პირველ რიგში, იმის გამო, რომ ლალის, რომელიც არის ნამდვილად ის ადამიანი, რომელსაც ყველა უნდა იცნობდეს, მისი სახელი პატარიდან დაწყებული მოხუცამდე დამთავრებული ყველამ უნდა იცოდეს, ასე არ არის. საერთოდ ქართველი ხომ ხამია, სხვისი ნაგავი ურჩევნია თავის ოქროს, ხოდა, ერთ-ერთი მათგანი აღმოჩნდა, სამწუხაროდ, ლალი. თუმცა შეურაცხყოფასაც არავის ვაყენებ, სხვისიც არის ხოლმე ოქრო, ქართველები არც ისე ბევრი ოქროთი გამოვირჩევით ზოგადად.

მას არასდროს ჰქონია ამბიცია, პრეტენზია იმისა, რომ თავისი მაყურებლის გარდა, კიდევ ბევრი ბევრი ქართველისთვის ყოფილიყო ცნობადი, თორემ ჩახდილ და სოფლელ უნიჭოებს ხომ ყველა იცნობს და იცის. მას არ უზრუნია საკუთარი თავის პიარზე, არ უზრუნია იმაზე, თუ რამდენად უკიდურესად გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი შეიძლებოდა ყოფილიყო მისთვის ეს პროცესი უკვე დღეისთვის.

მე, როგორც შვილს, მე, როგორც ნამდვილად ხელოვნების მოყვარულს, იმ ადამიანს, რომელსაც ესმის ეს სფერო, იცის შიდა სამზარეულო, გულს მირევს ის ფაქტი, რომ მსოფლიოში ლალიზე სტატიებს წერენ, მასზე გიჟდებიან, ეხვეწებოდნენ რომ მათი სახელით ეცეკვა, და აქ, ჩაძირულ საქართველოში, რომელიც მან ყველაფერს არჩია, ვერ დაინახეს და დღეს მას უდგება ის მომენტი, რომ მალე დაასრულოს კარიერა, რადგან უკვე გადაიღალა ამდენი დამცირებით, დაუნახავობით, აღარ ეხალისება და სიამოვნებს ცეკვა…

თუმცა ამაზე არც ხმამაღლა ლაპარაკობს. თავისთვის წვალობს, იმის გამო, რომ ოდესმე საკუთარ სახლში იცხოვროს და შეძლოს როგორმე განაგრძოს ცხვრება ისე, რომ თავის შვილს გაბრიელს, უფრო სწორად შვილებს – მეც, რამე რომ დასჭირდეთ არ მოაკლოს.

ხოდა, ქართველო დაუნახავო ერო! მე მეზიზღები ამისთვის, მე მეზიზღები იმისთვის, რომ ლალი არის იმ ბევრთაგანი, რომელიც ასევე იჩაგრება!

ხოდა, ჩვენო სახელმწიფოვ! მე მეზიზღები იმისთვის, რომ შენ არ შეგიძლია უზრუნველყო შენთვისვე ძვრიფასი, ოქროს ფასი ადამიანები!

P.S. შეიძლება თვითონ ლალი, ისევე თავისი თავმდაბლობის გამო არ მეთანხმება რაღაცეებში, მაგრამ ეს ჩემი აზრია! ნამდვილად ობიექტური აზრი!”