23 იანვარი, 2017

ვალერი ტორონჯაძე გარდაიცვალა

ახმეტელის თეატრის მსახიობი ვალერი ტორონჯაძე 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.

მსახიობის დასახმარებლად დღეს სამტრედიის კულტურის ცენტრში საქველმოქმედო საღამო-კონცერტი უნდა ჩატარებულიყო, შეგროვილი თანხა კი მსახიობისთვის უნდა გადაეცათ.

ინფორმაცია ვალერი ტორონჯაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მისმა კოლეგამ, ახმეტელის თეატრის მსახიობმა ანდრია გველესიანმა გაავრცელა:

“ჩვენი ვალერი, ჩვენი ტორო… როგორ უცებ მოხდა ეს ყველაფერი… ძალიან განვიცდი და ძალიან ვწუხვარ… მიყვარხარ იმ სიყვარულისთვის, რასაც შენგან ვგრძნობდი, იმ სიყვარულისთვის, რაც შეგეძლო და იმ სიყვარულისთვის, რასაც ჩვენ გვასწავლიდი და გვაძლევდი შენს ახალგაზრდა კოლეგებს… უფალმა გაანათლოს შენი სული…”