“ჩვენ ვართ ერი სხვისი მაღმერთებელი და საკუთარის გამანადგურებელი!”

3 იანვარი, 2017

“ჩვენ ვართ ერი!” – ასე ასათაურებს პუბლიცისტი და ჟურნალისტი თამაზ ჭეიშვილი თავის ჩანაწერს და ქართველების დადებით და უარყოფით მხარეებს საჯაროდ ამხელს.

თამაზ ჭეიშვილი:

“თანამედროვე ნიჭიერს, მსოფლიო დონის გენიოსს უნდა გენატრებოდეს ლუკმა პური და იმ შენი ,,პორტფელიანი” თანამედროვეების მიერ “გაუგებარი და ამოუცნობი” უნდა იყო, რომელთა ხელში არს კანონი, ძალაუფლება და სულიერი სიმწირის გამო შენს ფრჩხილადაც არ ღირან!

შეიმოსო ევროპელების ნაქონი, სამადლოდ გამოგზავნილი, იაფად ნაყიდი ,,ზმანით”!

უნდა იცხოვრო, უკეთეს შემთხვევაში სარდაფში, ან ნახევარსარდაფში, უარეს შემთხვევაში – კიბის ქვეშ!

დაზოგო ელექტროენერგია, გაზი, რომ არ გამოგითიშონ, არ ჩაგიჭრან და ცივ ზამთარში გასათოშად არ გაგიმეტონ!

ღვთით ნაბოძები ნიჭის პატრონი “მღებავად” უნდა იწოდებოდე, ოქროპირი, ან მწერალი “მჯღაბნელად” და გრაფომანად! ყველა ტელევიზია და გაზეთი ცდილობდეს უფლის მიერ ნაბოძები, შენში არსებული ნიჭის გამოყენებას მუქთად, ანაზღაურების გარეშე, თანაც დამადლებულად!

რა დავმართეთ არასაკიძეს, ნიკალას, ილიას, კოტე აფხაზს, ტიციანს, მიხეილ ჯავახიშვილს, მუხრანს, გოდერძი ჩოხელს!

ჩემო თანამედროვე გენიოსო, თუ კი ამ სტრიქონებს კითხულობ, გული არ გაიტეხო! გარდაცვლებისთანავე (ღმერთმა ასი წელი გაცოცხლოს!), შენს გენიალურ შემოქმედებას გაიცნობს არა მხოლოდ საქართველო, მთელი ევროპა, შემდეგ კი მსოფლიოც… ოღონდ ახლა არა, გარდაცვალების შემდეგ!

მაგ უნიკალური ნახატებით, ლექსებით, მოთხრობებით, მუსიკით, სპექტაკლებით, ხელიხელსაგოგმანები ნაწარმოებებითა და ქმნილებებით ვინმე გაქნილი ,,მაკლერი” გამდიდრდება და ამ ერთუჯრედიან არსებას, იმის სინდისიც არ ეყოფა საფლავი გრანიტის ქვით მაინც გაგილამაზოს… თუმცა, ამას ხელისუფალნი იზამენ (გეგმიურად)! შეიძლება მემორიალური დაფა და ბიუსტიც გაღირსონ და შენი სახელობის დღეც დააწესონ!

მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ვართ ,,ერი-ლაზარე” სულგანტევებული და მკვდრეთით აღმსდგარი!

ჩვენ ვართ ერი დიდი კულტურული წარსულის და უკულტურობით ველურთა განმცვიფრებელი!

ჩვენ ვართ ერი ,,ცოტნე დადიანი” და ,,შადიმან ბარათაშვილი”!

ჩვენ ვართ ერი მშიერი, მწყურვალი, მაგრამ გულუხვი მასპინძელი!

ჩვენ ვართ ერი სხვისი მაღმერთებელი და საკუთარის გამანადგურებელი!

ჩვენ ვართ ,,ერი-მარგალიტი” მობნეული ,,ქვეყანასა ნეხვად ქცეულსა ზედა” ბრწყინვალებითა და სიკაშკაშითა მტრის თვალის დამბრმავებელი და საკუთარ გავლენიან ძეთა და ასულთა თვალთაგან დაუნახავნი და განწირულნი!

ჩვენ ვართ ერი დიაცთა მაღმერთებელი და ამავე დროს ადვილად განმწირავი!

ჩვენ ვართ ერი ზეგარდმო ნიჭით დაჯილდოებული! სხვათა მოდგმისა და რჯულის გამრთობი, ”ლასკალას” თეატრსა მოსულ იტალიელთა, ფრანგთა, ბრიტანელთა და სხვა ველურ ტომთა შთამომავალ-მოდგმის განმაცვიფრებელი “ხმებითა სირინოზისათა”… საკუთარ ქვეყანაში კი უმუშევრობით და უსაქმურობით გალოთებული ან, მეეზოვედ გამწესებული!

ჩვენ ვართ ერი უნიჭოთა, მაგრამ სისხლით ნათესავთა განმაღმერთებელი, ხოლო არასისხლითმონათესავე გენიოსთა არარად ჩამგდები, განმწირველი!

ჩვენ ვართ “ერი მამელუქთა”! სხვათა ომში თავგანწირვით მებრძოლი, საკუთარ ქვეყანაში მამაც და თავდადებულ მოძმეთა განმგმირავი და სასიკვდილოდ გამმეტებელი!

ჩვენ ვართ ერი ,,ბაზალეთის ომის” მძიმე ტვირთად მატარებელი და ამავე დროს დიდგორის ბრძოლით ცრემლებამდე ამაყი!

ჩვენ ვართ ერი სხვათა მოხუცთა და დავრდომილთა რუდუნებით და თავგადაკვლით მომვლელი, საკუთარ მოხუც დედათა და მამათა, აგრეთვე უმუშევრად დარჩენილ ძეთა და ასულთა გადასარჩენად!

ჩვენ ვართ ერი სასწაულთა მქნელი და შემოქმედი უფულოდ, უხელსაქმოდ, უსახსრობით დათრგუნული, მაგრამ მტრის გულის გასახეთქად, დღენიადაგ დუქნებ და რესტორნებსავსე, მხიარულად მოქეიფე-მომღერალ-მომცინარი!

ჩვენ ვართ ერი სხვათა უბადრუკობის მაღმერთებელ-ხოტბის შემსხმელი და საკუთარის განმაცვიფრებელ-გასაოგნებელის-დამანგრეველი!

ჩვენ ვართ ერი მარტყოფგამოვლილი, ერი ძეთა: ცურტაველისა, არსაკიძისა, ბეშქენ და ბექა ოპიზრებისა, შოთასი, ვაჟაისი, ილიასი, გალაკტიონისა, ტიციანისა, ლადოსი, ნიკალასი, გუდიაშვილისა, დავითისა, გიორგი ბრწყინვალისა, ასულისა თამარისა… პატრონი განსაცვიფრებელი დედა ენისა, თვითნაბადისა, ვითარცა ოქროისა ლოდი!!!

ჩვენ ვართ “ბედნიერი ერი”… და სულ მუდამ უბედური!

მაგრამ… ჩვენ ვართ ამოცანა!

ვართ და ვიქნებით უსასრულოდ, ვიდრე არს უფალი!!!
ამინ! ამინ! ამიინ!

ახალ წელს გილოცავთ და რკინის მოთმინებას გისურვებთ არაღიარებულო ქართველო გენიოსებო!”

გააზიარეთ