ქართველების კრიტიკული წერილი “შერლოკის” შემქმნელებს

10 იანვარი, 2017

– თბილისში მიმდინარე მოვლენები სერიალიდან სრულიად შეუსაბამოა საქართველოს რეალობასთან. ჩვენ რუსულად არ ვლაპარაკობთ! ზოგმა ვიცით რუსული, მაგრამ არც ცოდნა და არც ლაპარაკი არ მოგვეთხოვება. საქართველოს წარმოჩენა რუსულად მოლაპარაკე ტერორისტულ დანაყოფად სრულიად შეურაცხმყოფელია ქვეყნისთვის, რომელიც რუსეთის კოლონიურ პოლიტიკას ღიად ებრძვის წლების მანძილზე. რუსულიც არასდროს ყოფილა ოფიციალური ენა – ჩვენი ენა ქართულია და არც ტერორისტული დანაყოფი ვყოფილვართ ოდესმე. შესაბამისად, სერიალში ნაჩვენები მოვლენები სრულიად შეუსაბამო და მცდარია, – ეს არის ამონარიდი სერიალის “შერლოკი“ შემქმნელების მარკ გატისა და სტივენ მოფატისადმი მიწერილი ღია წერილიდან, რომლის ავტორები სერიალის ყოფილი გულშემატკივრები ნუკრი ტაბიძე და ეკატერინე გეჯაძე არიან:

“სერიალ „შერლოკის“ მე-4 სეზონის პირველი ეპიზოდში მოქმედება თბილისში, საქართველოში ხდება. ბრიტანეთის საელჩოს საქართველოში ტერორისტები დაეპატრონებიან. ბრიტანელ მძევლებს (კარგი ტიპები) ნახევრად-კრიმინალური აგენტების დაჯგუფება გადაარჩენს (ამ ჯგუფიდან წინა სერიებში მარტო ერთ ქალს ვეცნობით და ისიც ბრიტანელია). მეორე მხრივ, ტერორისტებს სახელები არ აქვთ, საშიშ ბოროტმოქმედებს გვანან და ადამიანების მოკვლა და წამება სიამოვნებთ. უი, და კიდევ, რუსულად ლაპარაკობენ!

პირველ რიგში, თბილისში მიმდინარე მოვლენები სერიალიდან სრულიად შეუსაბამოა საქართველოს რეალობასთან. ჩვენ რუსულად არ ვლაპარაკობთ! ზოგმა ვიცით რუსული, მაგრამ არც ცოდნა და არც ლაპარაკი არ მოგვეთხოვება. საქართველოს წარმოჩენა რუსულად მოლაპარაკე ტერორისტულ დანაყოფად სრულიად შეურაცხმყოფელია ქვეყნისთვის, რომელიც რუსეთის კოლონიურ პოლიტიკას ღიად ებრძვის წლების მანძილზე. რუსულიც არასდროს ყოფილა ოფიციალური ენა – ჩვენი ენა ქართულია და არც ტერორისტული დანაყოფი ვყოფილვართ ოდესმე. შესაბამისად, სერიალში ნაჩვენები მოვლენები სრულიად შეუსაბამო და მცდარია.

გარდა ამისა, პოპულარული მედია უდიდეს როლს თამაშობს გავრცელებული სახე-ხატების ფორმირებაში, განსაკუთრებით როცა საქართველოზე მიდგება საქმე. სხვა თუ არაფერი ადამიანების უმრავლესობა მსოფლიოში საქართველოს რუკაზეც კი ვერ იპოვის. ასე რომ, “შერლოკი”, რომელსაც მილიონობით ადამიანი უყურებს მსოფლიოში არ უნდა აწარმოებდეს და აძლიერებდეს სტერეოტიპებს ქვეყნების/ხალხების მიმართ პოსტ-კოლონიური პერსპექტივიდან.

ალბათ გაინტერესებთ გამოსავალი რა არის?

ძვირფასო სერიალის შემქმნელებო, ერთადერთი რასაც გთხოვთ არის, რომ უფრო მგრძნობიარეები გახდეთ და საკუთარი პერპექტივა გაიაზროთ! და როცა „ზღაპრების“ მოყოლას დაიწყებთ, თუ შეიძლება მიუთითეთ, რომ გამოგონილი ამბავია და რეალობისგან შორს დგას.

ადამიანებს დიდი ბრიტანეთის ყოფილი იმპერიიდან – ქვეყნიდან, რომელსაც ისტორიის მანძილზე მსოფლიოს უზარმაზარი ნაწილი ჰყავდა კოლონიზებული – მეტად სჭირდებათ გააცნობიერონ რამხელა პრივილეგიები აქვთ წარსულში კოლონიზებულ ქვეყნებთან შედარებით, რომელთაც ახლა დასავლურ და რუსულ ნეო-კოლონიურ ძალებთან გამკლავება უწევთ.

ჩვენ – ამ სტატიის ავტორები ფემინისტი ადამიანის უფლებების აქტივისტები ვართ საქართველოდან. ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს დავუპირისპირდეთ არასწორ წარმოდგენებს ჩვენი ქვეყნის შესახებ, ხშირად გვეუბნებიან: რომ „საქართველოში ომია“, რომ „რუსეთის ნაწილი“ ვართ, რომ „რუსულად ვლაპარაკობთ“ – ჩამონათვალს რომ მივყვეთ გაუთავებლად გაგრძელდება, მაგრამ იცით ყველაზე ცუდი რა არის? როცა ,,მესამე სამყაროელი“ ქალი ხარ (ასე გვეძახიან ხოლმე) და შენს შესახებ არავინ იცის, როცა შავთმიანი კაცი ტერორისტის სტერეოტიპამდე დაიყვანები, როცა ქართველი ადამიანი იდღაბნები დასავლეთის ანტი-რუსულ ნარატივში, როცა ყოველთვის რჩები ,,სხვა“-დ.

იმედს ვიტოვებთ, ეს ღია წერილი შეგვახსენებს ყველას, რომ ჩვენს ქმედებებს შედეგები აქვთ და ზოგჯერ ეს შედეგები გამოუსწორებელია, ამიტომ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისას უფრო მეტი სიფრთხილე გვმართებს.”

გააზიარეთ